სერია A. XXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: დი ნატალეს რქებიც ვეღარ ხნავს

AutoSharing Option
* "ბოლონიას" ბოლო 7 საშინაო მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა და აქედან 5-ში 2 ან მეტი გაუშვა. მიუხედავად ამისა, "იუვენტუსთან" მატჩი "რენატო დალარაზე" უგოლოდ დასრულდა. ამით რობერტო დონადონიმ ტურინელებს 15-ტურიანი მოგებების სერია შეუწყვიტა. "იუვემ" ვერ მოიგო, მაგრამ მიჯრით მე-9 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.

* უკვე მეოთხედ მიმდინარე სერია A-ში "ბებერმა ქალბატონმა" მატჩის პირველი ტაიმი ისე ჩაატარა, რომ მეტოქის კარში ვერ დაარტყა.

* საბოლოოდ, "იუვენტუსმა" მთელ მატჩშიც ვერ დაურტყა "ბოლონიას" ზუსტად. ასეთი რამ უკანასკნელად ტურინელებს სერია A-ში 2011 წლის მარტში დაემართათ,
როდესაც "მილანის" კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრეს ბურთი.

* "კიევოს" 25 ტურის მერე 30 გოლი აქვს გატანილი. "მფრინავ ვირებს" ამ ეტაპისთვის ამდენი გოლი 2005/06 წლების სეზონის მერე არ გაეტანათ. მაშინ მათ 25 ტურის მერე 33 ბურთი ჰქონდათ.

* ლუიჯი დელ ნერის ხელში "ვერონამ" 12 მატჩში 12 ქულა აიღო - 6-ით მეტი, ვიდრე საწყის 14 ტურში.

* 2014 წლის 15 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატში "ინტერის" მაისურით გოლი ანდრეა რანოკიამ გაიტანა. იქიდან მოყოლებული, "სამპდორიასთან" გასული ტურის მატჩამდე იტალიელ ფეხბურთელს "ნერაძურის" ბანაკიდან არ გაეტანა და ეს სერია ასევე უკანახაზელმა დანილო დ’ამბროზიომ შეწყვიტა.

* მაურო იკარდის სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარში ზუსტად 19-ჯერ აქვს დარტყმული და აქედან 11 დარტყმა გოლით დასრულდა.

* ალი ადნანი გახდა პირველი ერაყელი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში გოლის გატანა მოახერხა.

* მატი ფერნანდესი მიმდინარე სერია A-ში ფლორენციის "ფიორენტინას" მე-15 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო, ხოლო კრისტიან ტელიო - მე-17. ამაზე მეტ მოთამაშის გოლით მხოლოდ "რომა" დაიკვეხნის, რომლის მხრიდანაც 17-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი.

* ვეტერანი ანტონიო დი ნატალე კრიზისშია და გოლების გატანა აღარ გამოსდის. გასულ უქმეებზე მან კიდევ ერთი პენალტი გააცუდა. ბოლო 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 აქვს გაფუჭებული.

* "ლაციოს" უკანასკნელი სამი საგარეო შეხვედრა 0:0 აქვს ნათამაშები.

* სეიდუ კეიტამ "რომას" პირველი გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობიდან ლუჩანო სპალეტის დაბრუნების მერე.

* მოჰამედ სალაჰმა სერია A-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. ედინ ჯეკომ ცარიელ კარს ძალიან სასაცილოდ და კურიოზულად კი ააცილა, მაგრამ სამაგიეროდ, გატანაც შეძლო და ორი საგოლე პასის გაკეთებაც.

* კევინ სტროოტმანმა სერია A-ში 292-დღიანი პაუზის მერე ითამაშა.

* 2016 წელს "იუვენტუსმა" ყველა ტურნირის ჯამში 11 შეხვედრა ჩაატარა და ოდენ 1 გოლი გაუშვა.

* რაჯა ნაინგოლანმა "პალერმოსთან" შეხვედრაში 7 შანსი შექმნა. სერია A-ში ბელგიელ ნახევარმცველს ერთ მატჩში ამდენი შანსი აქამდე არასდროს შეუქმნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული