იტალიური ბრენდი: მაფია, პიცა და "მილანი"

AutoSharing Option
"მილანი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდი ღრმა კრიზისშია და კლუბში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ბოლო ორ დღეში ჟურნალისტებს ჯერ სილვიო ბერლუსკონი ესაუბრა, ხოლო შემდეგ ადრიანო გალიანი. მოკლედ, მათ მოვუსმინოთ...

სილვიო ბერლუსკონი ("მილანის" პრეზიდენტი): "ჩვენი მიზანი "მილანის" აღორძინებაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კლუბს 30 წელია, ვმართავ და ამ პერიოდში, "როსონერი" მადრიდის "რეალთან" ერთად, საუკეთესო გახდა ევროპაში. თუ ადრე იტალია მაფიასთან, პიცასთან და სოფი ლორენთან ასოცირდებოდა, დღეს ჩვენი ქვეყანა მაფიასთან, პიცასთან და "მილანთან" ასოცირდება.

ინვესტორებთან
მოლაპარაკებებს ვმართავ, რომლებიც მალე დასრულდება და სავარაუდოდ, ახალ პარტნიორთან ერთად შევიმუშავებთ პროექტს, რომელიც გუნდს ძველ სიმაღლეზე დააბრუნებს. თუ გარიგება არ შედგა, გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე ჩემი ოჯახი ჩადებს თანხას ტრანსფერებში.

"მილანი" ის ბრენდია, რომელიც არ შეიძლება კრიზისში დიდხანს იყოს. არ დავმალავ, რომ ჩემი სურვილია, "მილანში" ძირითად ბირთვს იტალიელი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ - მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ სერია A-ში ზედმეტად ბევრი ლეგიონერია. ხომ ხედავთ, ანტონიო კონტე შველას ორიუნდებში ეძებს, რაც დაუშვებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს იტალიური "მილანი" რამდენიმე ექსტრაკლასის ლეგიონერით. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "არ ვიცი, როგორ დასრულდება მოლაპარაკება ინვესტორებთან, მაგრამ ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანი" იქნება ძალიან აქტიური და არ დაიშურებს სახსრებს იმისთვის, რომ გუნდი მთლიანად გარდაისახოს.

1998 წელს სერია A მე-11 ადგილზე დავასრულეთ, მომდევნო სეზონში კი სკუდეტო მოვიპოვეთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან "მილანი" ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი. ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ და ძალიან მალე მწვერვალზე დავბრუნდეთ, რისი მაგალითიც "იუვენტუსმა" მოგვცა".

ანჩელოტი თუ ემერი?
ფილიპო ინძაგი რომ დატოვებს "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტს, ეს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, მისი შესაძლო შემცვლელებიდან კი ყველაზე მეტ შანსს კარლო ანჩელოტის და უნაი ემერის აძლევენ. დასახელდა კიდევ არაერთი გვარი, დაწყებული ლუჩანო სპალეტით, გაგრძელებული მარჩელო ლიპით და დასრულებული იურგენ კლოპით, მაგრამ ჟურნალისტებს ანჩელოტი და ემერი ფავორიტებად მიაჩნიათ.

როგორც "გაძეტა" წერს, თუ ანჩელოტიმ დატოვა "რეალი", "მილანში" სწორედ მას მიიწვევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევანი უნაი ემერიზე შეჩერდება. ამ თემაზე ჟურნალისტები ანჩელოტის შეეხმიანენ და მისგან მოკლე პასუხი მიიღეს:

"არაერთხელ მითქვამს, რომ "მილანი" ჩემი სახლია, სადაც დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ დღეს "რეალის" მწვრთნელი ვარ და მხოლოდ მადრიდულ გუნდზე ვფიქრობ. თუ რა მოხდება ზაფხულში, ამას დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული