"ნაპოლიდან" ლიდერები მიდიან

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, "ნაპოლის" სამ წამყვან ფეხბურთელს: გონსალო იგუაინს, რაულ ალბიოლს და ხოსე კალეხონს ნეაპოლის დატოვება და სხვა გუნდში გადაბარგება სურთ.

ითქვა ისიც, რომ ალბიოლს და კალეხონს სამშობლოში სურთ დაბრუნება, იგუაინს კი უფრო ინგლისური ვარიანტები ხიბლავს და თანაც, მისით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ნეაპოლური კლუბის მესვეურები 27 წლის იგუაინს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, 28 წლის კალეხონის ღირებულება კი 15-დან 20 მილიონამდე მერყეობს.

როგორც "გაძეტა" იუწყება, ხსენებული სამეული ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენით
ყოფილა იმედგაცრუებული, რასაც შემდეგ რაფაელ ბენიტესის წასვლა დაემატა, რაც განსაკუთრებით ესპანელ ფეხბურთელებს არ მოსწონებიათ.

მართალია, რაფას შემცვლელად ასევე ესპანელი უნაი ემერი განიხილება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ალბიოლისა და კალეხონისთვის ვერაფერი ნუგეშია. ამ თემაზე საგანგებო კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა:

"ფეხბურთელებს პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ხმები მომივიდა, რომ რამდენიმე მათგანს წასვლა უნდა. მიზეზი, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენაა და როგორც ჩანს, ამაში ისინი სხვებს, მაგალითად, გულშემატკივრებს ადანაშაულებენ. ერთად უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და რასაც დღეს ვერ მივაღწიეთ, ხვალ უნდა ვცადოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გავრცელებული ხმები ჭორია და მეტი არაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული