ანდრეა პირლო - ელეგანტური მეღვინის ფინალი

AutoSharing Option
ანდრეა პირლო 36 წლისაა. ასაკის მიუხედავად, ის დიდებულ ფორმაშია და წესით, "იუვენტუსის" შემადგენლობაში მთავარი კაცი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ ფინალში.

მსოფლიოში უამრავი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ერგებათ ხოლმე იმხელა პატივი და აღიარება, რამხელაც პირლოს. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც ბოლო წლების დიდზე დიდი ვარსკვლავები - ლიონელ მესი, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, კრიშტიანო რონალდო, ჩავი, ინიესტა, ზიდანი და ანდრეა პირლო.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის დასრულებამდე 11 წუთი რჩებოდა, როცა "ბერნაბეუ" ფეხზე წ
ამოდგა და აპლოდისმენტები არ დაიშურა. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ დროს შეცვალეს პირლო - დიდი მაესტრო, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში წარმართავდა "იუვეს" თამაშს.

რა თქმა უნდა, "რეალის" გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ პირლომ უდიდესი როლი ითამაშა "სამეფო კლუბის" დამარცხებაში. რა თქმა უნდა, "ბერნაბეუზე" იმასაც უწყიან, რომ პირლოს გარეშე "ბებერი ქალბატონი" ალბათ ვერაფერს გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის ნანატრ ფინალსაც მივიღებდით კლასიკოს სახით, მაგრამ მათ დიდ ფეხბურთელს დაუკრეს ტაში.

ფეხბურთი ხანდახან შენიანსა და გარეშეს გავიწყებს. ამით არის ის დიდებული და უნიკალური. რატომ დაუკრეს რონალდოს ტაში 2003 წელს, როცა მან ჰეთ-თრიკი შეასრულა "ოლდ ტრაფორდზე"? რატომ გააცილეს ოვაციით ჩავი "სანჩეს პისხუანიდან" სულ ცოტა ხნის წინ?

ამას ვერაფრით ახსნი და თუ მაინც ეცდები, ერთი შეხედვით გახუნებულ ფრაზამდე მიხვალ - ფეხბურთი არის გენიალური თამაში, გენიოსების თამაში და როცა ისინი ავანსცენაზე გამოდიან, ხშირად გავიწყდება, ვის რა ფერის მაისურა აცვია.

პირლოს შემთხვევაში ეს აპლოდისმენტები დამსახურებულია. განა, ბევრი ფეხბურთელი ვიცით, ვინც ამდენ ხანს და ასეთი წარმატებით, ასეთი სიყვარულითა და ორიგინალურობით ემსახურა ფეხბურთს?!

საერთოდ, ანდრეა ყველაფერში და ყოველთვის ელეგანტურია. არ აქვს მნიშვნელობა, 60-მეტრიან პასს აკეთებს, მართავს თავის მოდურ ავტომობილს თუ ატარებს მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების მიერ შექმნილ სვიტერს.

შავი თმა და სქელი წვერი, ელეგანტური ტანსაცმელი, "ნაიკის" ფეხსაცმელები - პირლო ნაღდი იტალიური სტილის განსახიერებაა. მალე ჩემპიონთა ლიგის ფინალია. პირლო იქაც ელეგანტური იქნება.

ანდრეასათვის ფეხბურთი ცხოვრების აზრია. მას კიდევ აქვს გატაცებები, მაგალითად - მეღვინეობა. ლომბარდიაში პირლოს ვენახი აქვს. ის იქ მუდმივად ჩადის და რთველს ესწრება. პირლოს დასვენება სჭირდება. გენიოსებიც ისვენებენ, ღვინოს წრუპავენ.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში პირლომ დაწერა, რომ ის მანამ ითამაშებს ფეხბურთს, სანამ ამ საქმისგან სიამოვნებას მიიღებს. არადა, ყველაფერი კინაღამ 2005 წელს დასრულდა, როცა ჩემპიონთა ლიგის სტამბოლურ ფინალში "ლივერპულმა" გაუგონარი მატჩი შემოუტრიალა "მილანს".

"ფეხბურთის გაგონებაც აღარ მინდოდა. ურთულესი პერიოდი მქონდა, თუმცა ვძლიე საკუთარ თავს და დავბრუნდი".

კიდევ კარგი, რომ სძლია - სულ მალე ანდრეამ იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო მუნდიალი, შური იძია სტამბოლის ფინალში მარცხისათვის, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უკვე წლებია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება. ახლა მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება იმაზე, რას დაკარგავდა სპორტის ნომერ პირველი სახეობა, პირლო პენსიაზე ათი წლის წინ რომ გასულიყო...

2011 წელს, 32 წლის ასაკში, ჩვენი გმირი ზედმეტი აღმოჩნდა "სან სიროზე". როცა საყვარელი კლუბი შენზე უარს ამბობს, ძალიან რთულია. რა ჰქონდა დასამტკიცებელი პირლოს? აღარც არაფერი! მას უკვე მოეგო ყველა საფეხბურთო ტიტული.

როგორია ანდრეა "იუვენტუსში"? უბრალოდ, შეუდარებელი. თანაც, ის შეუცვლელია გუნდისათვის ნებისმიერ დროსა და ტაქტიკურ სქემაში. ტევესი - პირლოს წყვილი კი, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნაღდად არის მსოფლიო ფეხბურთში.

თანაც, პირლომ და მასიმილიანო ალეგრიმ ერთმანეთს გაუგეს. სწორედ ალეგრიმ გამოუშვა მაესტრო "მილანიდან". ახლა ყველაფერი კარგად არის. ალეგრიმ იგრძნო პირლოს ძალა და დღეს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.

რა თქმა უნდა, "ბარსელონას" უამრავი ქომაგი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "ბებერ ქალბატონსაც" ბევრი უჭერს მხარს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც "იუვენტუსს" მხოლოდ პირლოს ფაქტორის გამო უჭერენ მხარს.

პირლოს ლიგის არაერთი ფინალი ახსოვს. მან მოგებაც იცის და წაგებაც. პირლოს ყველაფერი უნახავს და ბერლინში ჯიჯი ბუფონთან ერთად სწორედ ის გაუძღვება "იუვეს".

ჩვენ კი ვისურვოთ, რომ ანდრეამ ასაკს ერთხელაც აჯობოს და როგორც უნდა დასრულდეს ლიგის ეს ფინალი, ფეხბურთში დარჩეს.

ამით ჩვენ ბევრს მოვიგებთ. მოიგებს ფეხბურთი, რადგან იტალიელი მეღვინე ფეხბურთს მაგრად თამაშობს.
მაგრად და ელეგანტურად!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიყვარს იტალია და რა თქმა უნდა პირლო, მაგრამ "ბერნაბეუ" პირლოზე ადრე სხვა დიდ იტალიელს წამოუდგა ფეხზე, 2008 წლის 5 ნოემბერს.ეს იყო დიდი კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო.
ტიფოზი
00:55 06-06-2015
0
ბატონო ალეკო აშკარად ნიჭიერი კაცი ხართ და თქვენი სტატიებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება,რაც მინიმუმ იმას ნიშნავს რომ ფეხბურთიც ძალიან გიყვართ და თქვენი პროფესიაც.ერთ რამეში კი აშკარად ვერ დაგეთანხმებით.მე ფეხბურთის ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ და ჩემი და ჩემი რამდენიმე კოლეგის აზრით განმეორებით მატჩში იუვეს ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ეს ბებერი ლომი იყო. რას იზამ წლებს მაინც თავისი მიაქვს.
specialisti
20:15 05-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული