ჯექსონ მარტინესი - "მილანის" პირველი სუპერტრანსფერი

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან ჯექსონ მარტინესი "მილანის" შემადგენლობაში ითამაშებს.

ლომბარდიულ გრანდს და "პორტუს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რომლის თანახმადაც იტალიელები პორტუგალიელებს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან.

თუმცა, მთავარი, აქ თავად ფეხბურთელის სურვილი იყო და 28 წლის კოლუმბიელმა ფორვარდმა რამდენიმე ვარიანტს შორის სწორედ "როსონერი" აირჩია. დიახ, მარტინესის გადაბირება სურდა ლოდონის "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის", მაგრამ, როგორც ფეხბურთელის პირადმა აგენტმა განაცხადა, ჯექსონი ყველაზე მეტად იტალიურმა პროექტმა მოხიბლა და მან სწორედ "მილანში" არჩია კარიერის გაგრძელება.

ითქვა ისიც, რომ ფეხბურთელი "როსონერისთან" 4-წლიან კონტრაქტს
გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მისთვის ბონუსების სახით, 1 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ერთი სიტყვით, "მილანმა" პირველი სუპერტრანსფერი გაჩარხა და ჯექსონ მარტინესში 35 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა კლუბის მესვეურები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. უახლოესი სამიზნე ჟოფრეი კონდოგბიაა, რომლის სატრანსფერო ფასი 27 მილიონი ევროა.

"მონაკოს" 22 წლის ნახევარმცველზე დიდი მოთხოვნაა, მისით თვით რაფაელ ბენიტესი და შესაბამისად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, მაგრამ ესპანელებს ჯერ კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებიათ, ადრიანო გალიანი კი აქტიურ მოლაპარაკებაშია ჩაბმული. კონდოგბიას გადაბირება "ინტერსაც" სურს, მაგრამ "მილანის" შანსს გაცილებით ძვირად აფასებენ.

აქვე ვთქვათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით დარჩება პარიზში და კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ერთი ხანობა, 34 წლის შვედი "მილანში" გადაბარგებას ეშურებოდა და შესაბამისი შინაარსის კომენტარებს აკეთებდა, მაგრამ თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და ტრანსფერი გამოირიცხა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, იბრას სანაცვლოდ პარიზელები 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ, მისი წლიური ხელფასი კი 8.5 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, ასეთი დანახარჯები კი 34 წლის ფეხბურთელისთვის იტალიელებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

თანაც, ზლატანთან ჟერემი მენეზს აქვს ცუდი ურთიერთობა და ამბობდნენ, რომ შვედის ტრანსფერის შემთხვევაში, ფრანგი "როსონერიში" გამჩერებელი აღარ იყო, ეს პერსპექტივა კი მილანელებს დიდად არ მოეწონათ.

მოკლედ, ჯექსონ მარტინესი "მილანში" ითამაშებს, ჟოფრეი კონდოგბიას ტრანსფერზე მოლაპარაკები დასკვნით ფაზაში შედის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი პარიზში რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული