როგორც დე ლაურენტისმა განაცხადა, ლეგიონერებს სულ უფრო ნაკლებად ენდობა და მომავალში მეტ ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ ფეხბურთელებს:
"ჩემი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში "ნაპოლი" მთლიანად იტალიური გუნდი იყოს და მაქვს კიდეც ამის საბაბი. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ და სერია A ევროპალიგის ზონაში დავასრულეთ.
მომივიდა ცნობები, რომ ჩვენი გუნდის ლეგიონერებს ევროპალიგაზე თამაში ეზარებათ და
ლეგიონებს იტალიური ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდიათ, მათთვის მთავარი ის ხელფასია, რომელიც ყოველთვიურად ერიცხებათ. ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ მთლიანად იტალიური "ნაპოლი" ვიხილო".
აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას მირკო ვალდიფიორი დაიცავს.
28 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი "ემპოლიში" გაატარა, შესანიშნავად წარმოჩინდა და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიღო მიწვევა.
როდესაც "ნაპოლის" მესაჭედ "ემპოლის" უკვე ექსთავკაცი მაურიციო სარი დაინიშნა, მაშინვე ითქვა, რომ თავისთან ვალდიფიორის წაიყვანდა და ასეც მოხდა.
მირკო ნეაპოლურ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"