მასიმილიანო ალეგრი: კლარენს ზეედორფს წყობიდან გამოვყავდი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "რაი სპორტს" ესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ მისცა, ჩვენ კი იმ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას, სადაც 47 წლის სპეციალისტმა მისი "მილანში" მუშაობის პერიოდი და იმ ვარსკვლავებთან ურთიერთობა გაიხსენა, რომლებიც მაშინ "როსონერიში" ასპარეზობდნენ:

ზეედორფი
ყველაზე რთული ურთიერთობა კლარენს ზეედორფთან მქონდა, რომელსაც ხშირად წყობიდან გამოვყავდი. ჰოლანდიელი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, არ ჩერდებოდა და ყველა წვრილმანზე საკუთარი აზრი ჰქონდა.

ერთხელ ვუთხარი კლარენსს, ყველას რომ მასსავით ბევრი ელაპარაკა, დღეში 700 საათი მარტო საქმის გარჩევაში დამჭირდებოდა, რა
ზეც გაბრაზდა და ცოტა ხანი ხმას არ მცემდა. ზე რთული პიროვნებაა, მაგრამ უდიდესი ფეხბურთელი იყო და აზრად არ მომსვლია, რომ ჩვენი კონფლიქტების გამო სათადარიგოთა სკამზე დამესვა.

პირლო
ზეედორფისგან განსხვავებით, ანდრეა პირლოსთან არასდროს მქონია პრობლემები და ჩვენ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. თვითონ პირლოა ისეთი ადამიანი, რომ მასთან, უბრალოდ, ვერ იჩხუბებ.

ჩემი "მილანში" მუშაობის მესამე ზაფხულს გუნდი ძველი გვარდიის ფეხბურთელებმა დატოვეს, მათ შორის, ჯენარო გატუზომ, ჯანლუკა ძამბროტამ, კლარენს ზეედორფმა, ალესანდრო ნესტამ და კიდევ არაერთმა ფეხბურთელმა - თვითონ პირლოს აღარ სურდა იმ გუნდში დარჩენა, სადაც მისი ძველი თანამებრძოლები აღარ იქნებოდნენ და "იუვენტუსში" გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, მეც ახალი გუნდის აშენება მსურდა და ტრანსფერი შედგა. "იუვენტუსში" ჩემმა მუშაობამ დაადასტურა, რომ ანდრეასთან არავითარი პრობლემა არ მქონია.

იბრაჰიმოვიჩი
ზლატანი ქარიზმატული ლიდერია, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შვედთან მეგობრული ურთიერთობა არ მქონდა, რადგან თვითონ არის ისეთი ადამიანი, რომ ყველასთან დისტანციას ინარჩუნებს.

ზლატანს ჰქონდა გარკვეული პრობლემები თანაგუნდელებთან და ეს, ძირითადად, მისი კონფლიქტური ხასიათის ბრალი იყო. თუმცა, იბრა უდიდესი პროფესიონალია, მოედანზე საოცრებებს აკეთებს და მასთან ერთად მუშაობაზე არც დღეს ვიტყოდი უარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული