საფეხბურთო ისტორიები: ბოდიში, თქვენ ხართ... ბანკროტი!

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთს რამდენიმე თავისებურება აქვს. მათ შორის ისიც, რომ თუნდაც ცნობილი კლუბები ხშირად აცხადებენ თავს ბანკროტად. ცინცხალი მაგალითი აქვე გვაქვს - ერთ დროს ევროპის გამორჩეული კლუბთაგანი, "პარმა". ჩვენი დღევანდელი წერილი იმ გუნდებს ეძღვნებათ, სხვადასხვა დროს რომ გამოსცადეს ეს უსიამოვნო მდგომარეობა.

ფიორენტინა
პროდიუსერი მარიო ჩეკი გორისა და მისი შვილის, ვიტორიოს ერა "ფიორენტინაში" წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. ამ ოჯახმა "არტემიო ფრანკიზე" არაერთი ვარსკვლავი მიიყვანა, გაბრიელ ბატისტუტა კი სულაც გუნდის ლეგენდად იქცა.
"იებს" შედეგები არ დაეწუნებოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდის ვალები დღითიდღე იზრდებოდა. 2001-02 წლების
სეზონში ვალის რაოდენობამ 50 მილიონ ევროს მიაღწია. კლუბი მოთამაშეებს ხელფასს ვეღარ უხდიდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ჩეკი გორის ოჯახმა ქომაგობით განთქმულ სტადიონზე ჰაერის გაყიდვაც კი დაიწყო.

მას შემდეგ, რაც 2002 წელს "ფიორენტინა" ოფიციალურად ცნეს ბანკროტად, გუნდმა იტალიურ ფეხბურთში უკვე ძალიან კარგად ცნობილი და აპრობირებული სქემა გამოიყენა. შეიქმნა ახალი კლუბი, რომელსაც "ფიორენტინა ვიოლა" ეწოდა. უძლიერესთა რიგებს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული იტალიური გუნდი მალევე დაუბრუნდა. მათ შორის, "სპორტული დამსახურებების" გამოც.
2004 წლიდან "ფიორენტინა" კვლავ თამაშობს იტალისს სერია A - ში. ამ დროიდან გუნდი დელა ვალეს ოჯახის მფლობელობაშია.

ნაპოლი
ნეაპოლელები არ აღმოჩდნენ მზად, ეთამაშათ სერის B-ში მას შემდეგ, რაც უძლიერესთა რიგებში არაერთი წელი გაატარეს. მათ ვერც ისეთი ფეხბურთელების ხელში ჩაგდება მოახერხეს, გუნდის "შავ სერიას" რომ შეწყვეტდნენ. ამასთან ერთად, განუხრელად იზრდებოდა კლუბის დავალიანება. 2004 წელს ვალმა 70 მილიონ ევროს მიაღწია.

მაშინ საცნაური გახდა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება "ნაპოლის" კარგს არაფერს უქადდა. გუნდის ბედის თაობაზე ჭმუნვა აგვისტომდე გაგრძელდა. ამ დროს "ნაპოლი" ბანკროტად აღიარეს და გუნდმა არსებობა შეწყვიტა.
ნეაპოლს დიდი ფეხბურთი კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა შეუნარჩუნა. მან თავისი კარიერის განმავლობაში 70 ფილმზე მეტი გადაიღო. მან ახალი კლუბი დააფუძნა ამერიკული სახელით - "ნაპოლი სოკერი". ახალმა "ნაპოლიმ" თამაში სერია C1-ში დაიწყო. 2008 წელს გუნდმა დაიბრუნა ძველი სახელი და ემბლემა. ერთი წლის შემდეგ კი უძლიერესთა შორის ადგილი.

დე ლაურენტისი საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს "ნაპოლი" იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო და ვარსკვლავური კლუბია.
Sportall.Ge

ლეჩე
ამ გუნდს იტალიაში ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული ხელწერა - თამაშობდა შედეგიან, შემტევ ფეხბურთს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, შესაძლოა, არც გავარდნილიყო. რადგან დიდებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი სერსე კოზმის მეთაურობით.
ამის შემდეგ კი გუნდის ცხოვრებაში ერთიმეორეს მიყოლებით გათენდა შავი დღეები. ჯერ კლუბი დატოვა მფლობელმა, სემერაროების ოჯახმა. ამის შემდეგ კი "ლეჩე" C1-ში გააგდეს არაერთი ფინანსური მაქინაციის გამო.

მთელი შემადგენლობა, რომელიც გუნსთან ერთად სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, დაიფანტა. კლუბის ერთგულება ბოლომდე მხოლოდ ერთეულებმა შეინახეს. მაგალითად, ურუგვაელმა გილერმო ჯაკომაციმ. მან გუნდის შემადგენლობაში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, თუმცა 2013 წელს "ლეჩე" სამხრეთამერიკელმაც დატოვა.

"ლეჩეში" ჩნდებოდნენ და დღესაც ჩნდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები. მაგალითად, ურუგვაელი ხავიერ ჩევანტონი და იტალიელი ფაბრიციო მიკოლი, ვინც ბავშვობიდან იყო ამ გუნდის ქომაგი. ამის მიუხედავად, შედეგი არ არის. გუნდი წარუმატებლად ცდილობს სერია B-ში გადასვლას.

ასკოლი
ამ გუნდს იტალიური ფეხბურთის მოყვარულები კარგად იცნობენ. 2006-07 წლების სეზონი 2006-07 წლების შემდეგ გუნდი უძლიერესთა რიგებს დაემშვიდობა და ამის შემდეგ იქ აღარც დაბრუნებულა.

2011 წლიდან კლუბის პრეზიდენტს აეკრძალა ფეხბურთში მოღვაწეობა, ორი წლის შემდეგ კი "ასკოლი" ოფიციალურად აღიარეს ბანკროტად. მაშინ კლუბის მთელი კაპიტალი 862 ათას ევროდ შეფასდა.

2013-14 წლების სეზონ "ასკოლი" უკვე სამოყვარულო ლიგაში ჩაეშვა. ახალ გუნდს "ასკოლი პიკო" უწოდეს. გასულ სეზონში გუნდმა სერია D-ში მეორე ადგილი დაიკავა. იქნებ, ეს აღმავლობის დასაწყისია?

სიენა
გუნდის კრახი დიდწილად სპონსორის დამსახურებაა. ეს არის ბანკი "მონტე დეი პასკი". უკვე დიდი ხანია, ის "სიენას" სპონსორად ითვლება. ეს დიდი ბანკი - აისბერგი ნელნელა დნება და კარგავს პოზიციებს. ასე რომ, ახლა მას "სიენას" სპონსორობისათვის ნაღდად არ სცხელა.

ბოლო დროს კლუბის მფლობელს, მასიმო მაცაროლას აშკარად მოაკლდა ენთუზიაზმი "თავისუფალმა ვარდნამ" შეუქცევადი ხასიათი ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ, რაც კლუბის ვალები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 70 მილიონ ევროს მიაღწია. არადა, იმ სეზონში "სიენამ" კარგად ითამაშა სერია B-ში. მაშინ გახდა ცნობილი კლუბის ბანკროტად გამოცხადების თაობაზე.

აქედან ორი კვირის შემდეგ ტოსკანელებმა შექმნეს ახალი კლუბი და მას "რობურ სიენა" უწოდეს. მის აღორძინებაზე ფინანსისტი ანტონიო პონტე ზრუნავს. დაბალ ლიგებში გუნდთან ერთად ჩაეშვა მისი ოდინდელი კაპიტანი, სიმონე ვერგასოლა. ასევე დანიელე პორტანოვა, ვინც "სიენაში" ორიათასიანებიდან თამაშობს.
აღმავლობისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია - გასული სეზონის შედეგების მიხედვით გუნდმა სერია C2-ში დაიბევა ადგილი.

პარმა
90-იან წლებში იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, რომელიც ევროპულ ტიტულებსაც იგებდა. იმ დროს გუნდში მართლაც ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ - ბუფონი, ტურამი, კანავარო, ვერონი...

კალისტო ტანცის ის გუნდი ყოჩაღად 2002 წლამდე იყო. შემდეგ დაჩოქილი "პარმა" ტომაზო გირარდიმ წამოაყენა. ბოლო წლებში "პარმა" შესანიშნავად გამოიყურებოდა იტალიურ ასპარეზზე და გუნდის იმიჯს ისეთი პიროვნებები ქმნიდნენ, როგორებიც არიან ანტონიო კასანო და რობერტო დონადონი.

გასულ ზაფხულს გირარდიმ გუნდის გაყიდვა გადაწყვიტა. გასული სეზონის განმავლობაში გუნდს ოთხი მფლობელი შეეცვალა და გადარჩენის გარანტია ვერც ერთმა მათგანმა დადო. გუნდი ბანკროტად გამოცხადდა. ის სერია D-ში გადაისროლეს.

გვინდა გვჯეროდეს, რომ "პარმასათვის" გადამდები იქნება "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" მაგალითები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული