სტეფან ელ შაარავი - ეღირსება ფარაონს პირამიდა?

AutoSharing Option
22 წლის სტეფან ელ შაარავი "მილანისათვის" საჭირო ფეხბურთელი აღარ არის. "როსენერიმ" "პატარა ფარაონი" გაანათხოვრა "მონაკოში", სადაც მან კვლავ უნდა იპოვოს საკუთარი თავი და დაამტკიცოს, რომ ერთ დროს ტყუილად არ ითვლებოდა მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ტალანტად.

არავინ იცის, როგორ განვითარდება ეგვიპტელი მამისა და იტალიელი დედის შვილის საფეხბურთო კარიერა, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას - ელ შაარავიმ იმდენი გამოსცადა, რამდენიც ბევრ ასაკოვან მოთამაშეს არ გამოუცდია.

ბედთან მებრძოლი
მართალია, ის მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია შევნიშნოთ: ის კარგა ხანია ებრძვის საფეხბურთო ფორტუნას და
თუ ამ ეტაპზე ჩაიმუხლა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა საბოლოოდ წააგო და დანებდა.

სტეფანს, როგორც ზემოთ დავწერეთ, მამა ეგვიპტელი ჰყავს, დედა იტალიელი. ის პატარა იტალიურ ქალაქ სავონაში დაიბადა. ბურთი პატარაობიდანვე უყვარდა და როცა დღის წესრიგში დადგა პროფესიის არჩევის საკითხი, ბევრი აღარ უფიქრია - გადაწყვიტა, ფეხბურთელი გამოსულიყო.

მზადება ნახტომისათვის
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ელ შაარავი 14 წლის გახდა. მან "ჯენოას" აკადემიის კარი შეაღო. შეაღო და მალე გუნდის მთავარ იმედად იქცა. ჩვენს გმირს სერია A-ში დებიუტი არ დაუგვიანდა. ის იყო 16 წლის და 55 დღის, როცა დებიუტი ჰქონდა "ჯენოაში". ეს მოხდა "კიევოსთან" შეხვედრაში.

ჭაბუკი ელ შაარავი შეიქმნა მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი იტალიური ლიგის დიდ და ლამის ყოვლისმახველ ისტორიაში. უკვე მაშინ მას საფეხბურთო მწვრვალების დაპყრობა უწინასწარმეტყველეს.

ახალგაზრდა ელ შაარავის მაინც გაუჭირდა "ჯენოას" ძირითადში მოხვედრა და ის გაანათხოვრეს "პადოვაში", სადაც ჩინებული იყო სერია B-ს შეხვედრებში და 29 მატჩში 9 გოლი შეაგდო. სტეფანი დიდი ნახტომისათვის ემზადებოდა.

ნახტომი შედგა. ელ შაარავი მივიდა "მილანში". "როსონერიმ" გადაიხადა 10 მილიონი ევრო და ამასთან ერთად "ჯენოაში" გაუშვა ალექსანდრ მერკელი, ვინც მაშინ იმედებს იძლეოდა, მერე კი საფეხბურთო ლაბირინთებში ჩაიკარგა.

აღმავლობა და დაცემა
პირველ სეზონში ელ შაარავი შეეჩვია "მილანს". მეორეში გაიტანა გასატანი და ისიც, რაც გასატანი არ იყო. მერე კი ფეხბურთელის ცხოვრებაში დადგა ხანა, რომელსაც მოკლედ შეგვიძლია, დაღმართი ვუწოდოთ.

უნიჭიერესი ჭაბუკი ტრავმებმა გააწამა. ამავე დროს, "მილანში" დიდი კრიზისი დაიწყო და ელ შაარავიმ განვითარება შეწყვიტა. ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის. არასტაბილურმა გარემომ და ტრავმებმა ნიჭი გადაყლაპეს.

რატომ იჩქარა "მილანმა"?
ბევრის აზრით, "მილანმა" მაინც იჩქარა, როცა ფეხბურთელი გაუშვა. რა აძლევთ სპეციალისტებს ასეთი ვარაუდის საშუალებას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ "როსონერიმ" ნორმალური შემადგენლობა შეკრიბა მომავალი სეზონისათვის.
ასეთ კომპანიაში ელ შაარავი ნამდვილად არ ჩაიკარგებოდა.

მეტიც, შეტევაში რამდენიმე ნორმალური შემსრულებლის ყოლის პირობებში "მილანში" აუცილებლად გაიზრდებოდა კონკურენცია და ეს ელ შაარავიზე კარგად იმოქმედებდა.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ელ შაარავი აუცილებლად მოუმატებდა უკეთეს "მილანში". სამწუხაროდ, ეს გარემოება არ გაითვალისწინა კლუბის ხელმძღვანელობამ.

რატომ "მონაკო"?
ელ შაარავი განათხოვრებულია "მონაკოში", სადაც უნდა დაიბრუნოს ძველი სათამაშო ფორმა გა გაიხსენოს გოლების გემო, რომელიც მას აშკარად დაავიწყდა. ვფიქრობთ, "მონაკო" ზუსტად ის გუნდია, რომელიც ფეხბურთელს ასე სჭირდება.

ჯერ ერთი, სამთავროს გუნდში ნაკლებია, ან საერთოდ არ არის ფსიქოლოგიური წნეხი. ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ფორმა მშვიდ გარემოში უნდა აღიდგინოს.

ამის პარალელურად, ელ შაარავი მივიდა გუნდში, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. საფრანგეთის ჩემპიონატში "მონაკოს" მიზანი ჩემპიონობა თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილის მოპოვება მაინც არის.

ამასთან ერთად, მონეგასკები დამაჯერებლად მიიწევენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისაკენ. გუნდმა გასულ სეზონში ევროთასებზე წარმატების მიღწევისათვის აუცილებელი გამოცდილება დააგროვა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოთიშა ლიგის შარშანდელი გათამაშებიდან აუტსაიდერად მიჩნეულმა გუნდმა ლონდონის "არსენალი".

მაშ ასე, სტეფანს აღარ აქვს გრანდის ფეხბურთელისათვის დამახასიათებელი წნეხი და მან ეს გარემოება სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

როცა სამშობლო უარობს...
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ელ შაარავის ჰქონდა ეგვიპტის ნაკრებში თამაშის შანსი. ალბათ, უპრიანი იქნება დავწეროთ, რომ ეგვიპტეს ჰქონდა შანსი, მოეპოვებინა "პატარა ფარაონი".

მაშინ ეგვიპტურ ფეხბურთში აღმავლობის ხანა იდგა და ნაკრები ტიტულს ტიტულზე იგებდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰასან შეხატამ ელ შაარავიზე ასეთი რამ თქვა:

"ბევრი ეგვიპტელი თამაშობს უცხოურ ლიგებში, მაგრამ ნაკრებში ყველა როდი ხვდება".

ეს იყო და, ელ შაარავიმ იტალია აირჩია. მან მოიარა ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრები. 13 მატჩი, 1 გოლი - ასეთია მისი მონაგარი "სკუადრა აძურაში". ვინ იტყვის, რომ ჩვენს გმირს მეტი არ შეუძლია?!

დღეს იტალიის ნაკრები ისეა დაკომპლექტებული და იმგვარი დროება უდგას, რომ თუ ელ შაარავი შევიდა ოპტიმალურ ფორმაში, მას აუცილებლად ექნება ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ეპილოგი
გამორჩეულ ფარაონებს პირამიდებს უგებდნენ - ხოლმე ძველ ეგვიპტეში. ჯერ სტეფანი პატარა ფარაონია და მას პირამიდა არ დაუმსახურებია. აქვე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ ის მხოლოდ 22 წლისაა.

ვნახოთ, ეღირსება თუ არა "პატარა ფარაონს" პირამიდა. საამისოდ ის დიდ ფარაონად უნდა იქცეს.

პირად ცხოვრებაში კი სტეფანს ყველაფერი რიგზე აქვს და სპონსორიც დიდებული ჰყავს - ნაიკი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული