09:12 06-08-2015
აუდის თასი 2015. "მილანი" - სრულყოფილებამდე ძალიან შორია
AutoSharing Option
იტალიელთა კარში თითო გოლი შეაგდეს ხუან ბერნატმა, მარიო გიოტცემ და რობერტ ლევანდოვსკიმ. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მიუნხენური გიგანტი ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა და მიუხედავად ამისა, სოლიდურ უპირატესობას ფლობდა.
მილანელთათვის სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა - სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც გერმანელებმა 19-ჯერ სცადეს ბედი. ბურთის ფლობა 63%-37%-ზე და 12 კუთხური 0-ის წინააღმდეგ - ამ ორივე კომპონენტშიც მიუნხენელთა უპირატესობა სრულიად აშკარა გახლავთ...
მოკლედ, "მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს, რამდემიმე ფეხბურთელი დაიმატა და სოლიდური თანხაც დახარჯა, მაგრამ "ბაიერნთან" თამაშმა ნათლად დაგვანახა, რომ გუნდი ძალიან შორს არის სრულყოფილებისგან. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში კარლოს ბაკას და ლუის ადრიანოს ტანდემი ვიხილეთ, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ, ხეირიანი ვერაფერი გააკეთეს. სამაგიეროდ, ლაღად ითამაშეს გერმანელებმა, ბურთი დაუჭირეს მეტოქეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იმდენს გაუტანდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ერთი ინციდენტი, როდესაც ნაიჯელ დე იონგი "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველ ჯოშუა კიმიხს ეუხეშა და ეს უკანასკნელი შესაცვლელი გახდა - ამ ეპიზოდში, პეპ გვარდიოლას უმტყუნა ნერვებმა, დე იონგს მიეჭრა და ვითარება უკიდურესად გამწვავდა - გამშველებლები რომ არა, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდოდა. მატჩის შემდეგ, საინტერესო კომენტარები გაკეთდა...
სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ლოგიკური მარცხი ვიწვნიეთ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ ასე გვაჯობებდნენ. მადრიდის "რეალთან" კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, არაფერი დავუთმეთ მეტოქეს და რიგ კომპონენტებში ვჯობდით კიდეც, მაგრამ "ბაიერნთან" იმ "მილანის" მხოლოდ აჩრდილი იყო დარჩენილი. უნდა გავაანალიზოთ მომხდარი და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ".
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "სრულად ვაკონტროლებდით თამაშს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მეტოქემ ხისტი ფეხბურთი დაგვიპირისპირა, თუმცა ჩვენი იარაღი უფრო მძლავრი აღმოჩნდა. სწორი მიმართულებით მივდივართ და "მილანთან" თამაშმა ამაში ნათლად დამარწმუნა. ნაიჯელ დე იონგმა წყობიდან გამომიყვანე და ღირსი იყო ყველაფერი იმის, რაც ჩემგან მოისმინა. ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი უხეშობა ყოვლად გაუმართლებელია და იმედია, ამას თვითონაც ხვდება. კიმიხი ტრავმირებულია და იმედი მაქვს, რომ მალე დაუბრუნდება მოედანს".
ნაიჯელ დე იონგი (მილანი): "როდესაც მოედანზე გავდივარ, ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, ამხანაგურია მატჩი თუ ოფიციალური. მე "მილანის" მაისურა მაცვია და ვალდებული ვარ, რომ თითოეულ ეპიზოდში ვიბრძოლო. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მსუბუქად დაშავდა და მალე დაუბრუნდება მოედანს. მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო".
ბაიერნი-მილანი 3:0
გოლები: 1:0 ბერნატი (23), 2:0 გიოტცე (74), 3:0 ლევანდოვსკი (85)
ბაიერნი (3-4-2-1): ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი (46. ბენატია), ბერნატი - ლამი (57. ჩაბი ალონსო), როდე (87. გაუდინო), კიმიხი (21. ალაბა), ჰალბერგი (87. გრინი) - ვიდალი (46. მიულერი), დუგლას კოშტა (46. ლევანდოვსკი) - გიოტცე (79. ბენკო)
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - დე შილიო (75. აბატე), საპატა (65. ალექსი), ელი (75. პოლი), ანტონელი (75. კალაბრია) - ბონავენტურა (75. მექსე), დე იონგი (75. მონტოლივო), ბერტოლაჩი (75. სუსო) - ჰონდა (75. ნიანგი - 88. ჩერჩი) - ლუის ადრიანო (75. მაური), ბაკა (75. მატრი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული