მაურიციო სარი: "ნაპოლის" მხოლოდ უმაღლესი მიზნები ექნება

AutoSharing Option
წინა წლებისგან განსხვავებით, "ნაპოლის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობენ და შესაბამისად, ვარსკვლავების გადაბირებას არ ცდილობენ.

როგორც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, მისი მთავარი შენაძენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარია. ქვემოთ სწორედ სარის ინტერვიუს გაეცნობით, რომელმაც აქტუალურ კითხვებს უპასუხა.

- თქვენი დანიშვნით, "ნაპოლიში" ახალი ერა დაიწყო, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებს...
- მე არ ვარ ისეთი სახელოვანი მწვრთნელი, როგორიც რაფაელ ბენიტესია და არც ტრანსფერებში ვხარჯავთ მილიონებს. ამიტომ ბევრმა ჩამოგვწერა და სიმართლე გითხრათ, ეს არ მიკვირს, რადგან წარმატება ფულის ხარჯვასთან და
ვარსკვლავურ ტრანსფერებთან ასოცირდება. თუმცა მინდა დავამშვიდო გულშემატკივრები და ვუთხრა მათ, რომ "ნაპოლი" საიმედო ხელშია და სწორი გზით მივდივართ.

- მაინც რა გზით მიდიხართ და რა არის "ნაპოლის" მიზანი?
- "ნაპოლიში" უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან და ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ თუნდაც სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. დღეს მიზანი არა ვარსკვლავების გადაბირება, არამედ არსებული რესურსის სწორად გამოყენება, გუნდის შეთამაშება და ერთ მუშტად შეკვრაა. კარგი პროექტი გვაქვს, რომელიც აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.

- და მაინც, "ნაპოლის" მიზანი სკუდეტოს მოპოვება იქნება?
- ვფიქრობ, სამეულში მოხვედრით კმაყოფილები იქნებიან როგორც კლუბის მესვეურები, ისე გულშემატკივრები, მაგრამ მე მაქსიმალისტი ვარ და პირველობა მსურს. დიდხანს ვიფიქრე, წამოვსულიყავი თუ არა ნეაპოლში და ეს ნაბიჯი იმისთვის არ გადამიდგამს, რომ კარგ შემთხვევაში, ევროსაგზურისთვის ვიბრძოლო. დიახ, ჩვენ უმაღლესი მიზნები გვექნება.

- "ემპოლიში" მეტწილად 4-4-2 ტაქტიკას იყენებდით და რა იქნება "ნაპოლიში"?
- ჩემი საბაზო ტაქტიკა ყოველთვის 4-4-2 იყო, მაგრამ შესაძლოა, ნეაპოლში ყველაფერი შეიცვალოს. ფაქტია, რომ ფეხბურთელთა ასეთი არჩევანი სხვაგან არსად მქონია და ამას სწორი გამოყენება სჭირდება. ვფიქრობ, მინიმუმ ორი სქემა გვექნება, რომელსაც თანაბარი წარმატებით გამოვიყენებთ.

- აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ "ნაპოლი" უფრო იტალიური გუნდი უნდა გახდეს...
- "ემპოლიში" მეტწილად იტალიელი ფეხბურთელები მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სერია B-ში დაქვეითებას გვიწინასწარმეტყველებდა, კარგი სეზონი ჩავატარეთ და ელიტაში ადგილი ჩემპიონატის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე დავიბევეთ. "ნაპოლიში" იტალიელ ფეხბურთელებზე გაკეთდება აქცენტი და დარწმუნებული იყავით, რომ ეს სასურველ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩვენ გვყავს უმაღლესი კლასის ლეგიონერები, რომელთა დიდი იმედი მაქვს. თუნდაც მარეკ ჰამშიკი და გონსალო ოგუაინი ავიღოთ, რომლებიც არა მარტო მოედანზე, მოედანს მიღმაც ლიდერები არიან.

- სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად ვის მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ერთბაშად 4-5 გუნდს შეუძლია, თუმცა ფავორიტი "იუვენტუსია". მართალია, ტურინელებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს, მაგრამ გაძლიერდნენ კიდეც და ვფიქრობ, რომ კიდევ უკეთეს ფეხბურთს ითამაშებენ. მოკლედ, კონკურენცია დიდია და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

- რა დააკლდა ბენიტესს იმისთვის, რომ "ნაპოლში" დიდი წარმატებისთვის მიეღწია?
- კოლეგების შეფასება არ მიყვარს და მით უმეტეს, მათი, ვისი ჩანაცვლებაც მომიწია. ბენიტესი ბრწყინვალე სპეციალისტია და ასე რომ არ იყოს, მადრიდის "რეალის" სათავეში ვერ იქნებოდა. რაფას გუნდი ყოველთვის 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობდა და ვფიქრობ, შეეძლო პერიოდულად სქემაც და სტრატეგიაც შეეცვალა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

- რატომ ფიქრობდით დიდხანს გაცილებით ამბიციური გუნდის წინადადებაზე, "ემპოლიდან" "ნაპოლიში" გადასვლა ხომ ცალსახად პროგრესია?
- იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. "ემპოლიში" შესანიშნავი ატმოსფერო დავტოვე, ერთ მუშტად შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი.

ამიტომ ტოსკანიდან აბარგება ძალიან მიჭირდა და გადაწყვეტილება დიდხანს ვერ მივიღე. ცხადია, რომ "ნაპოლისთან" ერთად გაცილებით მაღალი მიზნებისთვის შემიძლია ბრძოლა და ბოლოს ამან გადაწონა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი არჩევანი გამართლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული