სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იტალიაში რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა და ქვემოთ სწორედ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას. ყველაზე მეტად "ინტერმა" იაქტიურა, რომლის მესვეურებმა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გადაიბირეს...

"ინტერის" კვარტეტი
"ინტერმა" სატრანსფერო ფანჯრის დასკვნით დღეს ძალიან იაქტიურა და 4 ფეხბურთელი დაიმატა: ივან პერიშიჩი, ადემ ლიაიჩი, ალექს ტელესი და ფელიპე მელო. ამასთან, ერთი ფეხბურთელი გაუშვა და თანაც "იუვენტუსში" - დიახ, ერნანესი კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს.

26 წლის პერიშიჩმა "ინტერთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 20 მილიონი ევროა. ხორვატის გადაბირებას მილანელები დიდი ხანი
ცდილობდნენ, მაგრამ "ვოლფსბურგთან" მიმდინარე მოლაპარაკებები მეტად რთულად მიმდინარეობდა - საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და ივანი იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

"ნერაძურის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ სიხარული ვერ დამალა და განაცხადა, რომ პერიშიჩი გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელი გახდება. თავად ივანი ჯერ დუმს და კომენტარს არ აკეთებს. აქვე ვთქვათ, რომ ივანმა "ვოლფსბურგში" ორი წარმატებული წელი გაატარა, 70 მატჩი გამართა და 18 გოლი გაიტანა.

"ინტერში" გააგრძელებს კარიერას ფელიპე მელო, რომელიც ბოლო ოთხი წელი "გალათასარაიში" ასპარეზობდა. 32 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს "ფიორენტინასა" და "იუვენტუსში" უთამაშია, კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში გაატარა და მისმა დაბრუნებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სპორტულ ჟურნალისტთა ვარაუდით, მანჩინი მელოს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს ჟოფრეი კონდოგბიასთან ერთად - ვეტერანმა ბრაზილიელმა და ახალგაზრდა ფრანგმა საყრდენ ხაზში, წესით, მძლავრი ტანდემი უნდა შექმნან. მელოს სანაცვლოდ, მილანური გრანდი თურქულ კლუბს 3,7 მილიონ ევროს გადაუხდის.

"ინტერში" ითამაშებს "გალათასარაის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, 22 წლის მარცხენა მცველი ალექს ტელესი. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ტელესი "ნერაძურიში" იჯარის წესით გადავიდა და ეს გარიგება იტალიელებს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. ბუნებრივია, "ინტერი" გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით ისარგებლებს.

კიდევ ერთ საიჯარო შეთანხმებას "ინტერმა" "რომასთან" მიაღწია და თავისთან ადემ ლიაიჩი წაიყვანა. 23 წლის სერბი თავდამსხმელი დედაქალაქურ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, გასულ სეზონში 32 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა.

ლიაიჩის გაშვება რომაელებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ედინ ჯეკო, მოჰამედ სალაჰი და იაგო ფალკე დაიმატეს. აქვე ვთქვათ, რომ ლიაიჩის ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ, "ინტერი" "რომას" 1,7 მილიონ ევროს გადაუხდის. აღსანიშნავია, რომ ლიაიჩის ტრანსფერი იტალიის დროით 22:59-ზე მოხდა, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (იტალიაში საღამოს 11 საათზე დაიხურა) წუთით ადრე!

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ "გაძეტა დელო სპორტი" "ინტერის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის გაესაუბრა და შემდეგი მოისმინა:

"სეზონი კარგად დავიწყეთ, ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვეთ და ნათლად გამოჩნდა, რომ მაღალი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. თუმცა ამისთვის კიდევ უფრო გაძლიერება იყო საჭირო და შესაბამისად, რამდენიმე ექსტრა-კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხელთ არსებული რესურსით სრულიად კმაყოფილი ვარ".

"იუვენტუსის" ახალი გამთამაშებელი
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "იუვენტუსმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა: ერნანესი და მარიო ლემინა. ერნანესს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან წლებია იტალიაში ასპარეზობს და ჯერ "ლაციოს" ლიდერი იყო, შემდეგ კი მეტ-ნაკლები წარმატებით "ინტერში" ითამაშა.

ამიერიდან, 30 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს, მის სანაცვლოდ კი "ნერაძური" 11 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება ლემინას, 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი "იუვეში" იჯარით გადავიდა და თუ ტურინელებმა მისი გამოსყიდვა განიზრახეს, მომდევნო ზაფხულს "მარსელისთვის" 9.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

სერია A-ს ახალი სეზონი "იუვენტუსმა" საშინლად დაიწყო, ორიდან ორი მარცხი იგემა და გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩავარდნაზე ალაპარაკდა, რომლიდანაც გუნდი სწორედ ახალწვეულებმა უნდა ამოიყვანონ:

"დიდი ხანია, ვამბობ, რომ წინ ურთულესი სეზონი გველოდება და პირველმა ორმა ტურმა ეს დაადასტურა. ჩავარდნა უნდა დავძლიოთ და იმედი მაქვს, რომ ამას ახალწვეულთა კარგი თამაშით შევძლებთ. ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბევრი შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. მეტად უსიამოვნოა, რომ ამის თქმა ჩემპიონატის სტარტზევე მიწევს, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ".

სხვები
"რომამ" მოსკოვის "დინამოდან" ვალიამ ვანკერი გადაიბირა და მასთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. რუდი გარსიას თქმით, ვანკერს მნიშვნელოვნად შეუძლია გუნდის გაძლიერება, რადგან უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია და ნახევარდაცვაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

"ფიორენტინამ" იაკუბ ბლაშჩიკოვსკი გადაიბირა დორტმუნდის "ბორუსიიდან" და მასთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იტალიელ საფეხბურთო ექსპერტთა მოსაზრებით, ფლორენციული გუნდი ზაფხულში უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა - "ფიორენტინა" მოჰამედ სალაჰმა და მარიო გომესმა დატოვეს, შევსება კი აშკარად არასათანადოა. ბლაშჩიკოვსკი კარგი ნახევარმცველია, მაგრამ დანაკარგს ნამდვილად ვერ შეავსებს. მიუხედავად ამისა, "ფიორენტინას" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა აქვს მიზნად დასახული და უკან დახევას არ აპირებს.

"ლაციოში" გააგრძელებს კარიერას ალესანდრო მატრი. 31 წლის ფორვარდი "მილანის" საკუთრებაა, თუმცა ბოლო წლებში მუდმივად განათხოვრებული იყო - მატრი რომაულ გუნდშიც იჯარით გადავიდა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე იქ იასპარეზებს.

"ლაციოს" მიროსლავ კლოზე და ფილიპ ჯორჯევიჩი ჰყავს დაშავებული, ისედაც არ ულხინს შეტევაში და კლუბის მესვეურებმა ახალი ფორვარდის დამატება გადაწყვიტეს. ერთი ეგაა, მატრი დიდი ხანია, ვეღარ ბრწყინავს და რამდენად უშველის "ბიანკოჩელესტეს", რთული სათქმელია.

"მილანი" აქსელ ვიტსელის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ხელმოცარული დარჩა. ლომბარდიელებმა ალესანდრო მატრის მსგავსად, კრისტიან ძაკარდოც გაუშვეს და ამით დაასრულეს კიდეც სატრანსფერო კამპანია.

ძაკარდო "კარპიში" ითამაშებს და მასთან ერთად, ამ მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდში მარკო ბორიელოც გაირჯება - ვეტერანმა ფორვარდმა "ჯენოა" დატოვა და ბედს სერია A-ს დებიუტანტში ცდის. სამაგიეროდ, "ჯენოამ" ბლერიმ ჯემაილი დაიმატა "გალათასარაიდან". თუმცა ჩვენ "მილანს" მივუბრუნდეთ და ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის მოვუსმინოთ:

"სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოვიყენეთ და რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ. ვფიქრობ, რომ ამ შემადგენლობით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. გვინდოდა კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და რეალობას უნდა შევეგუოთ. ვეცდებით, რომ შუა ხაზი ზამთარში გავაძლიეროთ, იქამდე კი ამ რესურსით გავალთ ფონს. რაც მთავარია, გუნდის მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩია კმაყოფილი და მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სრულიად შესაძლებელია".

"ნაპოლის" შეემთხვა უცნაური ამბავი - რობერტო სორიანოს ტრანსფერი, პრაქტიკულად, გაჩარხული იყო, მაგრამ მხარეები დროში ვერ ჩაეტივნენ, 10 წუთი გადააცილეს ბოლო ხელმოწერის დასმა და გარიგება ჩაიშალა. 24 წლის ნახევარმცველი ნეაპოლში გასამგზავრებლად მზად იყო, მაგრამ გენუაში დარჩენა მოუწია და მინიმუმ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, "სამპდორიაში" მოუწევს ასპარეზობა.

მოკლედ, სორიანოს უიღბლობა დასჩემდა - დაახლოებით ორი კვირის წინ მისი "მილანში" გადაბარგება იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ლომბარდიელებმა "ფიორენტინასთან" წააგეს და გაბრაზებულმა სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნული ტრანსფერი დაბლოკა, ამჯერად კი "ნაპოლისთან" მიღწეული შეთანხმება ჩაიყარა წყალში. სორიანო "სამპაში" რჩება და როგორც თავად განაცხადა, ეს სულაც არ არის ცუდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული