იტალიის ნაკრები: "სკუადრა" მიზანთან ახლოს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართა, ორივე მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ბუნებრივია, რომ აპენინური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "სკუადრა აძურას" განვლილი პაექრობები და სამომავლო პერსპექტივაა.

იტალიურ სტილში...
პირველი მატჩი იტალიის ნაკრებმა ფლორენციაში მალტასთან გამართა და მოკრძალებული მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა მეტად საეჭვო ვითარებაში გაიტანეს, რადგან გრაციანო პელემ ბურთს ხელი შეაშველა და ისე გადაგზავნა კარის ჩარჩოში.

მოკლედ, იტალიას ჯგუფის აუტსაიდერთან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ბულგარეთთან
კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა - "აძურამ" სლავებთან უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, სრულად აკონტროლებდა თამაშს და გაცილებით ძლიერი მეტოქე უფრო მარტივად დაამარცხა. თუმცა, იტალიამ აქაც ერთი გოლი იკმარა და შემდეგ ბევრი საგოლე შანსი გაატანა ქარს.

მოკლედ, იტალია ჩვეულ სტიქიაშია და შეუძლია 1:0 მოუგოს როგორც მალტას, ისე ბულგარეთს და ისე თუნდაც გერმანიას და შესაძლოა, აუტსაიდერთან უფრო იწვალოს, ვიდრე გრანდთან. რაც შეეხება განვლილ ორ პაექრობას, მიზანი მიღწეულია და ქულათა მაქსიმუმი აღებულია.

ცხრილი და ინტრიგა
მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ მიჯრით ორი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მთავარი ბრძოლები მაინც წინ გველის. დარჩენილ ორ ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ შორის, ის, რომ იტალია მესამე ადგილზე ჩამოქვეითდეს.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სამი გუნდი იბრძვის და პლეი ოფში მოხვედრა არავის სურს, პირდაპირი საგზური კი მხოლოდ ორია. მომდევნო ტურში იტალია აზერბაიჯანს ესტუმრება, ხორვატია ბულგარეთს მიიღებს, ხოლო ნორვეგია მალტას უმასპინძლებს - დიდი ალბათობით, ლიდერები მოუგებენ აუტსაიდერებს და გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო ტურში შედგება.

ხორვატები მალტას ესტუმრებიან და წესით, უნდა მოიგონ; აი, იტალია კი ნორვეგიას მიიღებს და თუ წააგო, დიდია შანსი, მესამე ადგილზე ჩამოქვეითდეს. მართალია, იტალია ნორვეგიასთან საშინაო პაექრობაში უდავო ფავორიტად ითვლება, მაგრამ ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ აპენინელებს ფხიზლად მართებთ ყოფნა. სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ:

"მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგეთ და ჯგუფს სათავეში ჩავუდექით, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. დარჩენილ ორ პაექრობაში სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ. ევროპულ ფეხბურთში საერთო დონე ძალიან გათანაბრდა და ხედავთ, რომ იმ ჯგუფიდანაც რთულია გასვლა, სადაც ორი გუნდი იღებს პირდაპირ საგზურს".

ტაქტიკა და შემადგენლობა
ანტონიო კონტემ ორივე მატჩში 4-3-3 ტაქტიკა გამოიყენა და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ამ სქემაზე გააკეთებს აქცენტს. ევროპის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ექსპერიმენტები იკლებს და იმის შანსიც მცირდება, რომ კონტემ ტაქტიკა-შემადგენლობაში რადიკალური ცფვლილებები მოახდინოს.

იტალიას ჰყავს ძალიან კარგი ფლანგის მცველები მატეო დარმიანის და მატია დე შილიოს სახით და გარემარბები, რომლებსაც ფლანგებიდან თამაში შეუძლიათ - შესაბამისად, 4-3-3 სქემა იდეალურად ერგება ამ ფორმაციის "აძურას", რასაც კონტეს სიტყვები მოწმობს:

"ამ ეტაპზე, ჩვენთვის იდეალური ტაქტიკა 4-3-3-ია და ამ სქემაზე აუცილებლად გავაკეთებთ აქცენტს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ ტაქტიკას იდეალურად ერგებიან. ამასთან, კიდევ ორი სქემა გვექნება რეზერვში, რომელთა ამოქმედებას ნებისმიერ ვითარებაში შევძლებთ. იტალიის ნაკრები მეტოქეებისთვის იოლად გასაშიფრი არ უნდა იყოს".

იტალიის ნაკრებს განვლილ ორ პაექრობაში არც ერთი გოლი არ გაუშვია, რაც ნათლად აჩვენებს, რომ გუნდი დაცვით ფაზაში კარგად მოქმედებდა. მეტოქის იერიშებისას, 4-3-3 სქემა 4-5-1 ხდებოდა, რადგან გარემარბები საკუთარ ნახევარზე იწევდნენ და ფლანგის მცველებს ეხმარებოდნენ. კონტეს შეგირდები აქტიურად და ეფექტურად იყენებდნენ პრესინგს, რაც ასევე თვალშისაცემი გახლდათ.

ერთი სიტყვით, იტალიის ნაკრების თამაშში იყო ბევრი პოზიტივი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, "აძურას" არ უფრენია და პერიოდულად, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ იტალიას შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაში, თუმცა იქამდე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებაა საჭირო.

ბუფონის საიუბილეო მატჩი
ჯანლუიჯი ბუფონმა ბულგარეთთან შესანიშნავად ითამაშა და ორჯერ ნამდვილად გადაარჩინა გუნდი გაშვებული ბურთისგან. 37 წლის მეკარე შესანიშნავ ფორმაშია და კიდევ დიდხანს აპირებს "სკუადრა აძურას" კარის დაცვას.

ბულგარეთთან შეხვედრა ბუფონისთვის საიუბილეო იყო და მან 150-ედ დაიცვა ეროვნული ნაკრების ღირსება. ეს საიუბილეო მოვლენა ჯიჯის თანაგუნდელებმა, ფედერკალჩოს მესვეურებმა და "სტადიო რენცო ბარბერაზე" შეკრებილმა სიცილიელმა გულშემატკივრებმა მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი იტალიის ნაკრებში ჩატარებული მატჩებით აბსოლუტური რეკორდსმენია და გვარიანად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ფაბიო კანავაროს (136) და პაოლო მალდინის (126). ისიც აღვნიშნოთ, რომ ბუფონი მსოფლიო რეკორდსმენს მისდევს და დიდია შანსი, მასაც გადაასწროს - ეგვიპტელ ახმედ ჰასანს თავისი ქვეყნის ნაკრებში 184 მატჩი აქვს ჩატარებული და იქამდე ბუფონს 34 მატჩი უკლია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯიჯი 2018 წლის მუნდიალზე აპირებს თამაშს, ჰასანის რეკორდს დამხობა ემუქრება.

კომენტარები
ანტონიო კონტე: "განვლილ ორ მატჩს მთლიანობაში პოზიტიურად ვაფასებ, მაგრამ იყო პრობლემებიც. დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გვმართებდა და ეს განსაკუთრებით ბულგარეთთან პაექრობაზე ითქმის. ჯიჯი ბუფონს საიუბილეო მატჩს ვულოცავ, ის სიმშვიდის გარანტია და ეს მეორე მატჩმა ნათლად აჩვენა.

მარკო ვერატი ბულგარეთთან კარგად გაისარჯა, თუმცა უნდა მოუმატოს და ისწავლოს, როდის ითამაშოს ერთი შეხებით და როდის დაიჭიროს ბურთი. დანიელე დე როსი ცუდად მოიქცა, როდესაც მეტოქეს ხელი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო - მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელს მეტი თავშეკავება მართებს. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადავდით, თუმცა მისია ჯერ არ შეგვისრულებია და ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ორივე შეხვედრა რთული გამოდგა, თუმცა, საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. 150-ე მატჩი? - როდესაც კარიერას ვიწყებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთ სიმაღლეს შევწვდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ იტალიის ნაკრების ფორმა ამდენჯერ მოვირგე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "აძურასთან" ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "მთავარი ტაბლოა და საბედნიეროდ, ბოლო ორი შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. ხომ ხედავთ, როგორ უჭირთ დიდ საფეხბურთო ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, ჩვენ კი მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. ძალიან მომწონს კონტეს მუშაობა და მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. ვულოცავ ბუფონს საიუბილეო მატჩს, ის იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული