შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" 10 და 13 ოქტომბერს, შესაბამისად, აზერბაიჯანს და ნორვეგიას დაუპირისპირდება. იტალიას ბაქოში შეუძლია ევროფორუმის საგზურის მოპოვება და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ანტონიო კონტეს გუნდი აზერბაიჯანს დაამარცხებს.
"აძურაში" ერთი ცვლილებაა - დაშავებული დავიდე სანტონის ნაცვლად, ნაკრებს ლუკა ანტონელი შეუერთდა.
"მილანის" 28 წლის მცველს ეროვნულ გუნდში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და ის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების ერთ-ერთი კანდიდატია.
რაც შეეხება სანტონს, სერია A-ს ბოლო ტურში
ამასობაში, პრესას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ესაუბრა და რამდენიმე კითხვას უპასუხა:
- 27-კაციანი განაცხადი მეტისმეტი ხომ არაა?
- წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და შესაბამისად, ფეხბურთელთა რაოდენობა ოპტიმალურია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბაქოში გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ და ნორვეგიასთან გარკვეული ექსპერიმენტების საშუალება მომეცემა.
მსურს ის ფეხბურთელები ვნახო საქმეში, რომლებსაც თამაში ნაკლებად უწევთ. თუმცა, დღეს ამაზე ფიქრი ნაადრევია და მხოლოდ აზერბაიჯანთან პაექრობაზე ვარ კონცენტრირებული.
- ბევრი ელოდა, რომ მარიო ბალოტელის დააბრუნებდით ნაკრებში...
- ორი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში დაიმსახურო მიწვევა. ვაკვირდები ბალოტელის და თუ მისი პროგრესი უფრო თვალსაჩინო გახდა, აუცილებლად მიეცემა შანსი.
ეს ეხებათ სხვა ფეხბურთელებსაც, რომლებიც დღეს სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდნენ. ბალოტელისთან დაკავშირებით, სინიშა მიხაილოვიჩს ვესაუბრე და თვითონ ფეხბურთელმა იცის, რომ ჩემი თვალთახედვის არეშია.
- როგორც ჩანს, აზერბაიჯანს 4-3-3 ტაქტიკით დაუპირისპირდებით...
- ბაქოში უნდა მოვიგოთ და შესაბამისად, შემტევი ტაქტიკა-სტრატეგია გვექნება. გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამიტომ დიდია შანსი, რომ სწორედ ეს მოდელი გამოვიყენო. თუმცა, ყველაფერი საწვრთნელ შეკრებაზე გამოჩნდება და ტაქტიკა-შემადგენლობას თამაშის დღეს დავასახელებ.
- გრაციანო პელე და ლორენცო ინსინიე ბრწყინვალე ფორმაში არიან. დააყენებთ მათ ძირითად შემადგენლობაში?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შემადგენლობა თამაშის დღეს გაცხადდება, იქამდე კი დაკვირვების ფაზაში ვარ. რად შეეხება პელეს და ინსინიეს, მათი წარმატება ძალიან მახარებს და გეთანხმებით, რომ საუკეთესო ფორმაში არიან.
- აზერბაიჯანის ნაკრებზე რას გვეტყვით?
- აზერბაიჯანმა ხორვატიას და ნორვეგიას ქულები აართვა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს გუნდი ბანანის ქერქს შეგვიძლია შევადაროთ, რომელსაც თუ ვერ შეამჩნევ, ფეხი აგიცურდება და მწარედ დაენარცხები. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად მოვინდომოთ.
- ბევრი მიიჩნევდა, რომ ჯგუფის ფავორიტი ხორვატია იყო, თუმცა ბალკანელები მესამე ადგილზე არიან, იტალია კი მიზანთან ძალიან ახლოსაა...
- ხორვატებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ჯგუფის ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ იტალია ვართ და იოლად არასდროს არაფერს დავთმობთ.
მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დავისახეთ და იქამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია, თუმცა ის ერთი ნაბიჯი გადასადგმელია და მოდუნება არ შეიძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"