იტალიის ნაკრები: მიზანი მიღწეულია

AutoSharing Option
დღეს იტალიის ნაკრები ნორვეგიას უმასპინძლებს და დაასრულებს კიდეც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს. მიზანი მიღწეულია, ბაქოში გამარჯვების შემდეგ "სკუადრა აძურამ" კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა და ისღა დარჩენია, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლოს.

ამისთვის საჭიროა, რომ ნორვეგიასთან საშინაო მატჩში მინიმუმ ფრე ითამაშოს, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია. მით უმეტეს, იტალიას შესარჩევ ეტაპებზე ბოლო 49 მატჩი არ წაუგია და წესით, არც სკანდინავიელებთან პაექრობაში უნდა შეწყდეს ეს წარმატებული სერია.

ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ...

ბრძოლა პირველი კალათისთვის
გარდა იმისა, რომ
ნორვეგიასთან შეხვედრაში იტალია ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს, შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას პირველ კალათაში მოხვდეს.

ბოლო ხანს "სკუადრა აძურა", პრაქტიკულად, ვეღარ ხვდება პირველ კალათაში და ეს არა მარტო დიდ საფეხბურთო ფორუმებს, შესარჩევ ეტაპებსაც ეხება. და აი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი შანსი - მართალია, არცთუ ისე დიდი, მაგრამ მაინც შანსი...

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე პირველ კალათაში საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია და გერმანია მოხვდებიან, თავისუფალი კი ერთი ადგილია, რადგან კონტინენტის პირველობაზე გუნდები 6 ჯგუფში გადანაწილდებიან.

თუ ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, მეექვსე ადგილს სწორედ ეს გუნდი შეავსებს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, იმ ვაკანტურ ადგილს ან ბელგია შეავსებს, ან იტალია.

ბენილუქსელთა შანსი გაცილებით მაღალია, რადგან თუ დღეს ისრაელი თუნდაც მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, მაშინ იტალიამ ნორვეგიას 5 და მეტი ბურთის სხვაობით უნდა მოუგოს.

მოკლედ, იტალიელთა რეალური შანსი იმაში მდგომარეობს, რომ ბელგიამ საკუთარ კედლებში ისრაელს ვერ მოუგოს და თვითონ ნორვეგიას სძლიოს - ასეთ შემთხვევაში, განთესილებში ანტონიო კონტეს გუნდი მოხვდება. ამ თემაზე თავად კონტემ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ევროპის ჩემპიონატზე განთესილებში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღწევა ურთულესი იქნება. თუ ბელგიამ მოიგო, მაშინ ნორვეგიას უამრავი გოლი უნდა გავუტანოთ.

მოკლედ, ამ რეიტინგებს ვერაფერი გავუგე და სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მაინტერესებს. იტალიის ნაკრებს შესარჩევ ეტაპებზე 49 მატჩია არ წაუგია. ეს მსოფლიო რეკორდია, მაგრამ რეიტინგებში მაინც სხვებზე დაბლა ვართ.

თურმე ჰოლანდია პირველ კალათაში მოიაზრება და ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა, საერთოდ უშანსოდ ვიქნებით, სულ რომ 10:0 მოვუგოთ ნორვეგიას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და მას ბოლომდე უნდა მივყვეთ".

რეკორდი
როგორც ანტონიო კონტემ აღნიშნა, იტალიის ნაკრებს 49 მატჩია, რაც შესარჩევ ეტაპებზე არ წაუგია და ეს მართლაც მსოფლიოს რეკორდია. ბოლოს "სკუადრა აძურა" 2006 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი თითქმის 10 წელიწადი გავიდა.

ამასთან, იტალიის ნაკრებს არასდროს წაუგია საკუთარ კედლებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების ისტორიაში და ესეც უნიკალური შემთხვევაა. ცნობისთვის, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში იტალიის მეტოქე ესპანეთია და იქ კი "აძურას" დიდი გამოცდა ელის.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიას არ სჩვევია მეტოქეთა განადგურება, ერთ მატჩში ხუთი ან ექვსი გოლის გატანა და ხშირად გასვლაზე ფრედ თამაშობს, შესარჩევ ეტაპებს ტრადიციულად, დამაჯერებლად ატარებს და ფინალურ ტურნირებზეც სტაბილურად ხვდება.

იტალია-ნორვეგია
ნორვეგიასთან შეხვედრას იტალია უმოტივაციოდ ნამდვილად არ ხვდება და ამიტომ ანტონიო კონტე ექსპერიმენტებს მოერიდება. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "აძურას" მწვრთნელი ისევ 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს, რომელიც შეტევით ფაზაში 4-2-4-ად ტრანსფორმირდება.

ავტორიტეტული გამოცემა ვარაუდობს, რომ შეტევის წინა ხაზზე ისევ მარტინს ედერს და გრაციანო პელეს ვიხილავთ, ფლანგებზე კი ამჯერად ალესანდრო ფლორენცის და სტეფან ელ შაარავის. საყრდენ ხაზს ანდრეა პირლო და მარკო პაროლო გაამაგრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად, მარკო ვერატი თადარიგში დარჩება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და რა იქნება სინამდვილეში, მხოლოდ ანტონიო კონტემ იცის. თავად მწვრთნელი მოახლოებულ მატჩზე და არა მარტო, შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ერთი ქულაც გვყოფნის, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს. შესარჩევ ეტაპზე არაერთი ტაქტიკა გამოვცადე და ბუნებრივია, რომ ფეხბურთელთა როტაციასაც აქტიურად მივმართავ.

შესაბამისად, მხოლოდ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მეცოდინება, თუ რა ტაქტიკა-შემადგენლობით დავუპირისპირდებით მეტოქეს. მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, იქ კი უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ. მართალია, მთავარ ფავორიტად არ გვთვლიან, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენი გავლა წარმოუდგენლად რთული იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული