მაურო იკარდის ერთი გზა - ხავიერ ძანეტის მემკვიდრე "ინტერში"

AutoSharing Option
მაურო იკარდი 22 წლისაა. 22 წლისა ბევრი იწყებს. არგენტინელმა კარგა ხნის წინათ დაიწყო და დღეს ის უკვე ვარსკვლავია. იკარდი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია. მას უყვარს მეტოქის მცველების დაწიოკება და გოლების გატანა. ეს მისი სტიქიაა.

ასაკი ისეთი აქვს, რომ კიდევ უნდა მოუმატოს. ამას ელიან "ინტერის" ფანები. ამას ველით ჩვენ და ეს ფეხბურთისათვისაც უკეთესი იქნება, რომელიც დღეს ისე მდიდარი აღარ არის ვარსკვლავებით, როგორც ლამაზ და გამორჩეულ ოთხმოცდაათიანებში.

მაურო დღეს პირველი კაცია "ინტერში". შემთხვევითი არ არის, რომ 22 წლის ასაკში ის უკვე "ნერაძურის" კაპიტანია. ბოლოდროინდელი
წარუმატებლობის მიუხედავად, "ინტერი" გრანდია. როცა გრანდს თითქმის ბავშვი კაპიტნობს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბავშვი განსაკუთრებულია.

"ინტერის" კაპიტნობა ახდენილ ოცნებას ჰგავს. მე ვამაყობ ამით და ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი გავაკეთო გუნდისათვის. არა მხოლოდ კაპიტნობა, არამედ "ინტერის" წევრობაც კი უდიდესი პატივია ჩემთვის", - ამბობს იკარდი.

ის ბიჭობიდან განსაკუთრებული იყო. შემთხვევითი არ არის, რომ მაუროს ნიჭი ჯერ კიდევ 2008 წელს შენიშნეს "ბარსელონას" სელექციონერებმა და ის ამ გუნდის ნაწილი გახდა. 17-წლამდელთა გუნდში იკარდი კარგი იყო, მაგრამ "ბარსამ" მაინც გაუშვა არგენტინელი და ის "სამპდორიაში" აღმოჩნდა.

"კატალონიაში მე დიდხანს არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე. "ბარსელონაში" განსაკუთრებული ფეხბურთია და მე ვცდილობდი, იქ ყოფნისას არც ერთი ნიუანსი არ გამომრჩენოდა", - ასე იხსენებს მაურო კატალონიაში გატარებულ პერიოდს.

ვინ იცის, "ბარსა" ნანობს კიდეც, ასე ნაადრევად რომ შეელია არგენტინელ ტალანტს. ვფიქრობთ, დღეს კატალონიურ კლუბს იკარდის გოლების ალღო გამოადგებოდა. მაუროს გული არ გაუტყდა. მან მიაშურა "სამპდორიას", სადაც ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ის ჯერ იქ გაანათხოვრეს, მერე კი გენუელებმა არგენტინელი გამოისყიდეს. სწორედ "სამპდორიაში" კარგი თამაშით გაიცნო იკარდი საფეხბურთო მსოფლიომ. "სამპაში" გატარებულ პერიოდს თავად ფეხბურთელი ასე იგონებს:

"მე ამ გუნდმა ყველაფერი მომცა და ბოლომდე თბილად გავიხსენებ გენუაში გატარებულ პერიოდს. მე "სამპდორიაში" მივედი ბიჭად, რომელსაც არავინ იცნობდა და ამ გუნდს დავშორდი, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი".

მერე იყო მილანის "ინტერი", განსაკუთრებული გაჩერება იკარდის კარიერაში. მაუროს რთულ დროს მოუწია "ინტერში" მისვლა. ამის მიუხედავად, ის გუნდის ორგანულ ნაწილად უმოკლეს ხანში იქცა.

"ჩვენ ვიგებდით და ვაგებდით. რა თქმა უნდა, შედეგები არ იყო იდეალური, მაგრამ მე ერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი, რომ დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი", - ამბობს იკარდი.

"ინტერს" მართლაც ცუდი პერიოდი ჰქონდა. იკარდი ამ პერიოდის ყველაზე ტკბილი ლუკმა იყო, გამორჩეული ნაწილი. თუნდაც წინა სეზონი ავიღოთ. "ნერაძურიმ" ის აშკარად ჩააგდო, თუმცა იკარდი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. ეს ყველას როდი შეუძლია.

მიმდინარე სეზონში სიტუაცია სხვაა. "ინტერმა" რამდენიმე ფეხბურთელი იყიდა. მწვრთნელად რობერტო მანჩინია, კაცი, ვინც "ნერაძურისთან" ერთად იტალიური ტიტულების მოგება იცის.

"მანჩინიმ ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა. წლევანდელი სეზონი "ინტერის" დაბრუნების სეზონი უნდა იყოს. ჩვენ ტიტულზე ვნადირობთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. ფაქტია, მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატი ძალიან თანაბარი ტურნირი იქნება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნებს კონცენტრაციას", - მსჯელობს იკარდი.

მიმდინარე სეზონის წინ იკარდის გადაბირება არაერთმა გრანდმა მოიწადინა. მათ შორის - "რეალმა", "იუვენტუსმა", "ლივერპულმა" და "მანჩესტერმა". იკარდი დარჩა. მან ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება:

"ახლა ახალი თავგადასავლების ძიების დრო არაა. მე ვჭირდები "ინტერს" და მე ვხედავ მხოლოდ ერთ გზას - ეს გუნდში დარჩენაა".

არგენტინის ნაკრებში ამ დროისათვის მაურომ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. თავის დროზე იკარდის იტალიის ნაკრებში უხმეს, მაგრამ მან თქვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არგენტინის ღირსებას დაიცავს.

"ალბისელესტეში" ახლა ახალგაზრდების დრო მოდის. ისინი უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან შემადგენლობაში. როგორც ყოველთვის, არგენტინას ახლაც ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი ჰყავს. მათ შორის - ჩვენი წერილის გმირი.

იკარდის საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს. მისი მეუღლე, არგენტინაში საკმაოდ პოპულარული ქალბატონი ვანდა ნარა, თავის დროზე კიდევ ერთ ცნობილ არგენტინელ ფეხბურთელთან, მაქსი ლოპესთან მეგობრობდა.

ვანდა 28 წლისაა. მას და იკარდის ერთი შვილი ჰყავთ. ეს ის შემთხვევაა, როცა სიყვარულმა ასაკი არ იცის.

სხვათა შორის, 2014 წელს იტალიაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ერთმანეთს "ინტერი" და "სამპდორია" ხვდებოდნენ. "სამპაში" მაქსი ლოპესი თამაშობდა. ჟურნალისტებმა ამ შეხვედრას ხუმრობით "ვანდას დერბი" უწოდეს. ამან იკარდი ძალიან გაანაწყენა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მაურომ უკვე დაიწყო რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი არგენტინაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ის მშობლიურ როსარიოში.

რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ ლიონელ მესიც როსარიოელია...

დოსიე
მაურო ემანუელ იკარდი რივერო
დაიბადა: 1993 წ. როსარიო (არგენტინა)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: სამპდორია - 2012-13; ინტერი - 2013-დან
ტიტული: სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი (2015), 22 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული