როდის შეამცირებენ სერია A-ში გუნდებს

AutoSharing Option
როდესაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კარლო ტავეკიო აირჩიეს, ერთ-ერთი პირველი, რაც განაცხადა, სერია A-სა და B-ში გუნდების რაოდენობის შემცირება გახლდათ.

მაშინ ტავეკიომ ბევრი ისაუბრა ამ რეფორმაზე და დაკონკრეტდა, რომ ელიტარულ ლიგაში 20-ის ნაცვლად 18 გუნდი იასპარეზებდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონში 22-ის ნაცვლად, 20 გუნდი ითამაშებდა.

ითქვა ისიც, რომ შემცირდებოდა ლიგა პროში, ანუ სერია ჩ-ში მოასპარეზე გუნდების რაოდენობაც, ამ ყველაფრის მიზანი კი იტალიური საკლუბო ფეხბურთის საერთო დონის ამაღლება გახლავთ.

ამასთან, კალენდრის განტვირთვა, რამაც, წესით, ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა შეუწყოს
ხელი - ლოგიკა გასაგებია: რაც უფრო ნაკლები თამაში უწევს ფეხბურთელს, მით უფრო დასვენებულია და შესაბამისად, სანაკრებო მატჩებსა და თუნდაც ევროტურნებზე უკეთ იასპარეზებს.

მოკლედ, ტავეკიოს ჩანაფიქრი სრულიად გასაგები იყო და გულშემატკივრებიც მოწონებით შეხვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სიტყვას კი რეალური საქმე არ მოჰყოლია. ტავეიომ ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ძალიან მინდოდა, რომ ყველა რეფორმა უსწრაფესად გაგვეტარებინა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. იცით, რომ სერია A-სა და B-ს ორგანიზაცია "ლეგა კალჩო" ატარებს, ლიგა პროს ტურნირებს კი ამავე ორგანიზაიის შვილობილი კომპანია უწევს ორგანიზებას.

მათთან ურთიერთობა არც ისე იოლია, რადგან ყველაფერთან ერთად, თვითონ კლუბების ინტერესები უნდა გაითვალისწინო. ასე ხელაღებით გუნდების რაოდენობის შემცირება უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან კლუბებს ხანგრძლივვადიანი გეგმები აქვთ გაწერილი, დიდი თანხები დახარჯული და მათ უბრალოდ ვერ ავუვლით გვერდს. "ლეგა კალჩომ" 5-წლიანი პროექტი შემოგვთავაზა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სერია A-ში 18-მა გუნდმა იასპარეზოს, ხოლო B-ში 20-მა.

მუშაობა უკვე თვეებია, მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეიძლება ეს დრო შემცირდეს კიდეც. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, მაგრამ ეს ისე მოხდება, რომ ამით არც ერთი გუნდი არ დაზარალდეს. დადგება ის სეზონი, როდესაც სერია A-ს არა 3, არამედ 5 გუნდი დატოვებს, მაგრამ აქამდე მეთოდურად მივალთ და არავინ დაზარალდება".

მოკლედ, იტალიაში 5-წლიანი გეგმა დასახეს, რომლის განმავლობაშიც რეფორმა გატარდება და სერია A-სა და B-ში გუნდების რაოდენობა შემცირდება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში იტალიელებს ქართული ფეხბურთის მესვეურებიც მიბაძავენ, რადგან ჩვენთან ხშირად ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ირკვევა, თუ რამდენი გუნდით უნდა ჩატარდეს უმაღლესი ლიგის გათამაშება.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართვლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სამკვდრო-სასიცხოცხლო ბრძოლა გაუმართავთ და შემდეგ, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გამო, მათი ბრძოლა ფუჭი გამომდგარა, რადგან უმაღლესში გუნდების რაოდენობა გაუზრდიათ და გავარდნილიც კი დაუტოვებიათ.

ისე, სხვა სპორტებსაც შეგვიძლია გადავწვდეთ და მაგალითად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გავიხსენოთ კალათბურთში - იყო შემთხვევა, როდესაც წინასწარ გაწერილი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე ვერ მოხვდა - გამოვიგლოვეთ კიდეც ის ტურნირი, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას არა მხოლოდ 16-ის, არამედ 24 გუნდის მიღებაც შეეძლო და გამოგვიცხადეს, ჩამოდით და თქვენც ითამაშეთო.

ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლამ მხოლოდ გაგვახარა, მაგრამ წინასწარ გაწერილ რეგლამენტს მაინც მეტი პატივისცემა სჭირდება. ამ მხრივ, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სამაგალითოდ ჰქონიათ საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული