ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მცველები იტალიაში ისე ხისტად და უხეშად თამაშობენ, როგორც არსად

AutoSharing Option
პსჟ-ის და შვედეთის ნაკრების ლიდერი ზლატანი იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ სერია A საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში და არ არის გამორიცხული, რომ იტალიაში კიდევ გააგოროს ბურთი. მართალია, ზლატანი უკვე 34 წლისაა, მაგრამ როგორც აცხადებს, თავს შესანიშნავად გრძნობს და კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს. დროა, სიტყვა იბრაჰიმოვიჩს გადავცეთ:

"არაერთ ქვეყანაში მითამაშია და ფეხბურთს ტელევიზიითაც ხშირად ვუყურებ - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერია A საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში.

იტალიაში ყველაზე დიდი კონკურენციაა და თითოეული ქულის მოპოვებას ბოლომდე ბრძოლა, მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება. ასეთი რამ არც ჰოლანდიაში მინახავს,
როდესაც "აიაქსის" შემადგენლობაში ვთამაშობდი, არც ესპანეთში, სადაც "ბარსელონას" მაისურა მეცვა და არც საფრანგეთში, სადაც დღეს ვიმყოფები.

სამივე ამ ქვეყანაში ბევრი იოლი მატჩი მქონია, როდესაც მეტოქეს ნახევარი ძალით ეთამაშები და მაინც სამი და ოთხი ბურთის სხვაობით იგებ, იტალიაში კი ეს წარმოუდგენელია. სერია A მოვიგე "იუვენტუსთან", "ინტერთან" და "მილანთან" ერთად, იტალიაში გავატარე 7 წელიწადი და არ მახსენდება მატჩი, რომელშიც ნახევარი ძალით მეთამაშოს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავდამსხმელისათვის იტალიაში თამაში ნამდვილი კოშმარია, რადგან გუნდები პრიორიტეტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებენ, მცველები კი ისე ხისტად და უხეშად თამაშობენ, როგორც არსად სხვაგან. არ არის გამორიცხული, რომ იტალიაში კიდევ ვითამაშო, რადგან კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული