ტურინის "იუვენტუსს" ესეკიელ ლავეცი და ოსკარი სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" რომ ვერ ბრწყინავს, სერია A-ს სატურნირო ცხრილიდან ყველაზე კარგად ჩანს. ამიტომ კლუბის მესვეურები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას აპირებენ და რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელს უმიზნებენ.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, პრიორიტეტული სამიზნე ესეკიელ ლავეცია, რომელიც ანხელ დი მარიას ტრანსფერის შემდეგ იშვიათად ხვდება პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, ახალ გუნდში გადაბარგების წინააღმდეგი არც თვითონაა.

მოკლედ, "იუვეს" კარგი პლაცდარმი აქვს იმისთვის, რომ სასურველი ფეხბურთელი დაიმატოს და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

"ტუტოსპორტის" მტკიცებით, 30 წლის ესეკიელ
ლავეციმ "იუვენტუსს" 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 4 მილიონი ევრო მოსთხოვა, პსჟ კი ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს ითხოვს. მოკლედ, თუ ტურინელებს ლავეცის გადაბირება სურთ, ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ, რადგან მთლიანობაში, სატრანსფერო და სახელფასო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

"იუვენტუსი" კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებით გახლავთ დაინტერესებული და ისიც შემტევია. ლაპარაკია ოსკარზე, რომლის დამატება ტურინელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ "ჩელსისთან" შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და შემდეგ ხუან კუადრადო წაიყვანეს იჯარით. ამჯერად, ტურინელებს ლონდონელებთან ორ თემაზე სურთ შეთანხმება: ერთი ოსკარის გადაბირება გახლავთ და მეორე კუადრადოს გამოსყიდვა.

ამ უკანასკნელის გამოსასყიდი თანხა 16 მილიონი ევროა და "იუვეს" მესვეურები უკან დახევას არ აპირებენ, 24 წლის ოსკარის თაობაზე კი ჯერჯერობით, ლონდონელებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

მიმდინარე სეზონში, "იუვეს" შეტევაში უჭირს, რაც მასიმილიანო ალეგრის არაერთხელ აღუნიშნავს, მთავარ მიზეზად კი რგოლებს შორის კავშირი სახელდება. თავდამსხმელებამდე ბურთი რთულად მიდის, ლავეცის და ოსკარის ტიპის ფეხბურთელებს კი ამ პრობლემის აღმოფხვრა ნამდვილად შეუძლიათ.

აქვე ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ეს როლი ერნანესს დაეკისრა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს საუკეთესო თვისებების გამოვლენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათზე კარგს ვერავის დაიმატებენ , მაგრამ ლაპარაკად დარჩება ასე მგონია... ოსკარს მაინც თუ დაიმატებენ ერნანესის მაგივრად, იუვე ლიგაზე ისევ ფავორიტი გახდება
levan
12:39 12-11-2015
0

სიახლეები პოპულარული