ალესანდრო 12 წლიდან არ ტოვებდა "რომას" საშინაო თამაშებს, ილენია კი 13 წლიდან. პირველივე გამოლაპარაკების დროს, ალესანდრომ სიამაყით აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, "რომას" 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა, ილენიამ კი ახალ მეგობარს წარმატება უსურვა.
საპასუხოდ, ფლორენციმ გოგონას მაისურა მოუწონა, რომელზეც ფრანჩესკო ტოტის სახე იყო გამოსახული. მაშინ, ილენია ვერაფრით წარმიდგენდა თუ მის ქორწილში... მოდი, ამ თემას ბოლოს მივუბრუნდეთ.
ბავშვობის მეგობარი
სანამ ალესანდრო ორივე "რომას" თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ, ფრანჩესკო ტოტის აღმერთებდნენ და უფრო მითიური პერსონაჟი ეგონათ, ვიდრე რეალური ადამიანი. მოვუსმინოთ თავად ფლორენცის, რომელიც იმ წლებს ასე იხსენებს:
"როდესაც ჩვენი სოფლის სტადიონზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ყველას გვინდოიდა, რომ ფრანჩესკო ტოტი ვყოფილიყავით. თამაშით მე გამოვირჩეოდი, მაგრამ ტოტის მეტსახელი მაინც ჩემს მეგობარს, ემანუელე პროპაციოს შეარქვეს, რაც ძალიან მაბრაზებდა. მიზეზი მარტივია - ემანუელეს საოცარი სამსახიობო ნიჭი ჰქონდა და ტოტის მოძრაობებს, სახის მიმიკებს თუ ხელების ჟესტიკულაციებს ბრწყინვალედ იმიტირებდა".
ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე პროპაციო "რომას" ბავშვთა აკადემიაში ერთად მივიდნენ - სინჯების შემდეგ, ფლორენცი დაიტოვეს, პროპაციოს კი უთხრეს, რომ სხვა პროფესია აერჩია. პატარა ემანუელე სახლში აცრემლებული დაბრუნდა და როგორც მისი მშობლები იხსენებენ. კარგა ხანი საჭმელსაც არ გაკარებია.
დღეს, ემანუელე პროპაციო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია იტალიაში და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯოვანი ვერონეზის ფილმ "სიყვარულში", მთავარი როლი შეასრულა.
2012 წელს "რომა" "ინტერს" სტუმრობდა, ალესანდრო ფლორენცი კი პირველად მოხვდა "ჯალოროსის" ძირითად შემადგენლობაში. პირველივე ტაიმში, ფრანჩესკო ტოტის პასის შემდეგ, ფლორენციმ თავური დარტყმით გაიტანა, ტრიბუნაზე კი მისი ბავშვობის მეგობარი, ემანუელე პროპაციო ხარობდა და ამისთვის ერთბაშად სამი მიზეზი ჰქონდა - ერთი, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა გაიტანა, მეორე, რომ მისმა ბავშვობის მეგობარმა გაიტანა და მესამე, მას საკმაოდ დიდი ფსონი ჰქონდა დადებული, რომ ფლორენცი "ინტერს" გაუტანდა...
ვინ, თუ არა მამამ
თუმცა, სანამ ალესანდრო ფლორენცი პირველად მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, იქამდე მისი დებიუტი შედგა "რომას" რიგებში. "ჯალოროსი" გენუაში "სამპდორიას" ხვდებოდა, ფლორენცი კი იმ მატჩს ასე იხსენებს:
"როდესაც ზდენეკ ზემანმა მითხრა, რომ მოედანზე უნდა შევსულიყავი, მუხლები ამიკანკალდა. ამის აღიარების არ მრცხვენია, რადგან ეს ჩემი გზაა, რომელიც გავიარე. ფრანჩესკო ტოტი უნდა შემეცვალა და ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო - მახსოვს, როდესაც ტოტი მომიახლოვდა, არაფერი უთქვამს, მხოლოდ გამიღიმა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავმშვიდებულიყავი და თავი კომფორტულად მეგრძნო".
ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრას, "რომა" საკუთარ მოედანზე "კატანიასთან" ატარებდა და მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა. ამ დროს, მირალემ პინიჩის ნაცვლად, თამაშში ფლორენცი ჩაერთო - მოედნის ცენტრში, ბურთს რამდენჯერმე უხეშად მოეპყრა და მეტოქეს გადაულოცა. ამ დროს, "სტადიო ოლიმპიკოს" დასავლეთ ტრიბუნაზე ერთი შუახნის, ულვაშიანი კაცი წამოხტა და მთელი ხმით იღრიალა:
"რას შვები შე ვირიშვილო, ბურთს როგორ იღებ, ან რა პასს აკეთებ?" - იქვე ახლოს იჯდა "რომას" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალბერტო დე როსი, რომელმაც აღშფოთებულ გულშემატკივარს ყვირილითვე უპასუხა:
"რა გაყვირებს? - ხომ ხედავ, რომ ვაგებთ? ალესანდრო იმიტომ შეცდა, რომ რისკავს და ცდილობს, თამაში გაამწვავოს. ენას კბილი დააჭირე და თამაშს უყურე".
გაბრაზებული გულშემატკივარი არ დაცხრა და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს შემდეგი შესძახა: "ვინ უნდა გამოლანძღოს ეს მართლა ჩოჩორი, თუ არა მე, მამამისმა"...
ლუიჯი ფლორენცი
ლუიჯი ფლორენცი თავის სოფელში პიცერიას ფლობდა და ისიც ბავშვობიდან "რომას" გადარეული ტიფოზი იყო, თუმცა ნაკლებად სჯეროდა, რომ მისი შვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და ამიტომ, მის ვარჯიშებსა თუ თამაშებს ახალგაზრდულ გუნდებში პრაქტიკულად არ ესწრებოდა. მიზეზიც ჰქონდა - გადაყვა ალესანდროს ორ უფროს ძმას, რომლებსაც ასევე "რომაში" სურდათ მოხვედრა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი ვერც ერთმა ითამაშა. სენიორ ლუიჯი ალესანდროს გატაცებას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ როგორც ზღაპრებში ხდება, სწორედ უმცროსმა შვილმა გაუმართლა.
ლუიჯი ალესანდროს თამაშზე პირველად მაშინ წავიდა, როდესაც ის "რომას" ახალგაზრდული გუნდიდან, იჯარის წესით "კროტონეში" გადავიდა და სერია B-ში, უკვე პროფესიონალურ დონეზე ათამაშდა.
ლუიჯი კროტონე-ალბინოლეფეს თამაშს დაესწრო და ეს ალესანდროსთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. მამამისი მის ვარჯიშებსაც არ ესწრებოდა, დღეს კი თამაშზეა და ტრიბუნიდან უნდა მიადევნოს თვალი - სანდრომ დამალა, რომ კუნთი აწუხებდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშის გამოტოვება მოუწევდა.
პირველივე ტაიმში, ალესანდრომ მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და იმ ტრიბუნისკენ გაიქცა, სადაც მამამისი იჯდა - საჩვენებელი თითი ულვაშის ადგილზე მიიტანა და ამით, გოლი სწორედ მამამისს მიუძღვნა.
მას შემდეგ, ალესანდრო გოლებს ძირითადად სწორედ ულვაშის იმიტირებით აღნიშნავს და ეს სწორედ მამამისს უკავშირდება...
მოვა დრო და ტოტის ფეხით მისცემ პასს
მართალია, ლუიჯი ფლორენცის დიდად არ სჯეროდა, რომ უმციროსი შვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ ალესანდროსთვის არასდროს დაუშლია "რომას" ბავშვთა აკადემიაში სიარული - პირიქით, ხშირად ამხნევებდა და საჭირო რჩევებს აძლევდა. ერთხელ, "რომას" აკადემიაში 10 ბავშვი უნდა შეერჩიათ, რომლებიც სერია A-ს უახლოეს ტურში, "სტადიო ოლიმპიკოზე" ბურთის მიმწოდებლები იქნებოდნენ. 9 ბავშვი უკვე შერჩეული იყო და ალესანდრო გულისფანცქალით ელოდა, თუ როდის იტყოდნენ იმ მეათეს - იქნებ სწორედ მისი სახელი ეთქვათ და მეორე დღეს, ფრანჩესკო ტოტისთვის ბურთი ხელით მიეწოდებინა.
პატარა ალესანდრომ ცრემლები ძლივს შეიკავა, როდესაც ბურთის მიმწოდებლად მის ნაცვლად, ანდრეა ბერტოლაჩი შეარჩიეს. დიახ, ის ბერტოლაჩი, "მილანმა" "რომასგან" 20 მილიონ ევროდ რომ იყიდა და დღეს, ლომბარდიული გრანდის ღირსებას იცავს.
პატარა ალესანდრო სახლში ატირებული მივიდა და როდესაც მამამ მიზეზი შეიტყო, შვილი ასე დაამშვიდა: "არა უშავს, მოვა დრო და ტოტის არა ხელით, არამედ ფეხით მისცემ პასს"...
ბებია ავრორა
2012 წელი ალესანდრო ფლორენცისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა, რადგან გარდა იმისა, რომ "რომას" მთავარ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიღო მიწვევა. ნოემბერში, იტალია ნორვეგიას სტუმრობდა და ფლორენცის სანაკრებო დებიუტიც ოსლოში შედგა.იმ შეხვედრაში, ალესანდრომ ბევრი ვერაფერი შესძინა გუნდს, ერთი რეალური მომენტი გაატანა ქარს და ყვითელი ბარათი მიიღო - მატჩის შემდეგ, ალესანდროს 82 წლის ბებია ავრორამ დაურეკა და შემდეგი უთხრა:
"სანდრინიო, "რაი უნოზე" გიყურე და რატომ არ მითხარი, რომ იტალიის ნაკრებში უნდა გეთამაშა? - ყვითელი ბარათის გამო არ ინერვიულო, მაგრამ იმ მომენტში გოლი უნდა გაგეტანა. შენ თამაშზე ხომ არასდროს ვყოფილვარ? - აი, შემდეგი თამაშზე მოვალ და გოლს აუცილებლად გაიტან".
შემდეგი თამაში ფლორენცის უკვე "სტადიო ოლიმპიკოზე" ჰქონდა, "რომა" "კალიარის" მასპინძლობდა, ბებია ავრორა კი შვილიშვილს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.
თამაშის დაწყებიდან 15 წუთი არ იყო გასული, როდესაც ალესანდრომ ეფექტური გოლი გაიტანა და აღსანიშნავად სწორედ ტრიბუნაზე აირბინა, იქ სადაც ბებიამისი ეგულებოდა - სცენა, რომელშიც ფლორენცი ბებიას ეხვევა, გულგრილს არავის დატოვებს...
გოლი 45 მეტრიდან
ალესანდრო ფლორენცი 24 წლისაა - "რომას" შემადგენლობაში 115 მატჩი აქვს გამართული და 16 გოლი გატანილი. იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 11-ჯერ მოირგო და 2 გოლი შეაგდო. ფლორენცის ყველაფერი წინ აქვს, უკან კი ერთი საოცარი გოლი მოიტოვა - "რომა" "ბარსელონას" მასპინძლობდა, როდესაც სანდრომ მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა და ესპანურ გრანდს გოლი 45 მეტრიდან გაუტანა!!!
ისევ ლუიჯი ფლორენცის მივუბრუნდეთ, რომელიც ამ ეპიზოდს ასე იხსნებს:
"როდესაც ალესანდრომ "ბარსას" 45 მეტრიდან გაუტანა, წამოვხტი, სათვალე მომძვრა და ძირს დავარდა - უმალ დავიხარე, რომ სათვალე მეპოვნა, ჩემმა ცოლმა კი ჩათვალა, რომ ინსულტი მივიღე და გონება დავკარგე - არადა, თავს კარგად ვგრძნობდი, ისე კარგად, როგორც არასდროს არსად".
P.S. 2010 წელს, ალესანდრო ფლორენციმ და ილენია ატცორიმ რომში, სან პიეტროს ეკლესიაში იქორწინეს. ერთმანეთი დაახლოებით 5 წლის წინათ, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნაზე გაიცნეს.
14 წლის ფლორენციმ გოგონას მაისურა მოუწონა, რომელზეც ფრანჩესკო ტოტის სახე იყო გამოსახული. მაშინ, ილენია ვერაფრით წარმიდგენდა თუ მის ქორწილში სხვა ბევრ ვარსკვლავთან ერთად, ფრანჩესკო ტოტისაც იხილავდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"