იტალიის ნაკრები: შეტევა კარგია, მაგრამ დაცვა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს ბოლონიაში უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს - იტალიის ნაკრებმა 13-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, რუმინელებმა კი მხოლოდ 3-ჯერ სცადეს ბედი.

ბურთის ფლობის მხრივაც ანტონიო კონტეს შეგირდებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

ბოლო ორი შეხვედრიდან იტალიამ ვერცერთი მოიგო - მართალია, აპენინებზე ამისგან ტრაგედიას არ ქმნიან, მაგრამ იმ პრობლემებისთვის გვერდის ავლა, რომლებიც ბოლო ორ შეხვედრაში გამოჩნდა, არაფრით არ შეიძლება.

ორ თამაშში გაშვებული
5 ბურთი
იტალიის ნაკრებისთვის 2 თამაშში 5 გოლის გაშვება მართლაც კატასტროფული შედეგია.

თანაც, მცველებმა ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს და ეს გოლებიც მეტწილად ამ ხარვეზებს მოჰყვა. მაგალითად, ბელგიელებმა პირველი გოლი კუთხურიდან შეაგდეს, როდესაც მცველებმა იან ვერტონგენი სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვეს და მანაც მშვიდად გადაგზავნა ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის კარის ბადეში.

მეორე გოლი ბელგიელებმა ლეო ბონუჩის უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანეს, როდესაც "იუვეს" ცენტრალურმა მცველმა მარტივ ვითარებაში ბურთი მეტოქეს ჩააბარა. რუმინელთა პირველი გოლი იტალიელთა კარში მატეო დარმიანისა და ანდრეა ბარძალის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა, როდესაც მცველებმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი და ბოგდან სტანჩუ მეკარესთან პირისპირ გაუშვეს.

მოკლედ, იტალიელმა უკანახაზელებმა ამ ორ შეხვედრაში საკმარისად შესცოდეს და ნათელია, რომ კონტეს დაცვა დასალაგებელი აქვს.

4-4-2, ანუ 4-2-4
ჯერ კიდევ აზერბაიჯანთან შეხვედრაში ანტონიო კონტემ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია და იტალიამ სწორედ იმ მატჩში მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ეს არის სქემა, რომელიც შეტევით ფაზაში 4-2-4-ად გარდაიქმნება. ამიტომ ნახევარდაცვის ფლანგებზე კონტეს ხშირად შემტევი ტიპის ფეხბურთელები ჰყავს - მაგალითად, ანტონიო კანდრევა, ალესანდრო ფლორენცი, სტეფან ელ შაარავი, ალესიო ჩერჩი და ა.შ.

ამ სქემით, იტალიელთა შეტევები ძალიან სახიფათოა, რადგან ორ გარემარბთან ერთად, მოედანზე ორი გამოკვეთილი თავდამსხმელია - ვთქვათ, მარტინს ედერი და გრაციანო პელე. ანუ, თუ 4-3-3 ტაქტიკის შემთხვევაში გარემარბები ერთ ცენტრფორვარდზე მუშაობენ, ამ შემთხვევაში, მათი რაოდენობა ორია და სრულად იერიშში ოთხი გამოკვეთილი შემტევია ჩართული.

ამ ტაქტიკით, იტალიამ აზერბაიჯანს სამი გოლი გაუტანა, ნორვეგიას ორი, ბელგიას ერთი და რუმინეთს ორი. ამასთან, იტალიელებმა უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს და თუნდაც ბელგიელთა კარში კიდევ ორი-სამი გოლის გატანა მართებდათ.

ცხადია, რომ ამ ტაქტიკით იტალიის შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მაგრამ რა ვუყოთ დაცვას, რომელმაც ხსენებულ ოთხ მატჩში კარი მშრალად ვერც ერთხელ ვერ შეინახა და შვიდი გოლი გაუშვა?

ევროპის ჩემპიონატამდე იტალიამ, მაქსიმუმ, ორი-სამი ამხანაგური მატჩი გამართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს ამ მოდელის პლუს-მინუსების აწონვის ბევრი საშუალება აღარ ექნება - ის დილემის წინაშეა და არჩევანი უნდა გააკეთოს - საინტერესოა, თუ რომელი იქნება "სკუადრა აძურას" საბაზო ტაქტიკა კონტინენტის პირველობაზე...

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს, მაგრამ დაცვაში ისევ დავუშვით შეცდომები და შედეგად, ფრეს დავჯერდით. როდესაც დაცვის შეცდომებზე ვსაუბრობ, მხოლოდ მცველებს არ ვგულისხმობ, რადგან პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი შეხვედრიდან ვერც ერთი მოვიგეთ, მაინც კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ სწორი გზით მივდივართ. იტალიის ნაკრები სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. ამასთან, ჩვენ დავინახეთ ხარვეზები, რომლებზეც ვიმუშავებთ. ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ გუნდს მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შევკრებ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ვცვლი.

შეუძლია თუ არა იტალიას ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა? - ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, იქ კი წაგებისთვის არავინ თამაშობს. მოკლედ, ჩემპიონატის მოგება გვინდა და ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. ასეთი წარმატება მნიშვნელოვნად გამიადვილებდა გადაწყვეტილების მიღებას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ძალიან საჭირო სპარინგ-მატჩები იყო, რომლებსაც მწვრთნელი ნაყოფიერად გამოიყენებს. ამ ეტაპზე, შედეგს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - საკმაოდ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ამხანაგურ თამაშებში კი მთავარი სულ სხვა რამეა.

აქვე, მინდა მწუხარება გამოვთქვა პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო და როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საფრანგეთს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - უნდა შეწყდეს ყოველგვარი საუბარი ევროპის ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ყველა მზად ვართ, რომ სწორედ საფრანგეთში ჩავიდეთ და იქ ვითამაშოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული