რა უნდა შეცვალოს მიხაილოვიჩმა, რომ "მილანის" გადარჩენა შეძლოს

AutoSharing Option
ესპანური "ელ კლასიკოს" შემდეგ "იუვენტუსი-"მილანი" უმძიმესი სანახავი გამოდგა. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, საღამოს ვახშამი მონიკა ბელუჩისთან ერთად რომ მიირთვა, ღამე კი ვუპი გოლდბერგთან გაატარო.

დიახ, სწორედ ასე მიეწყო - შაბათს, თბილისის დროით 21.15 საათზე, "რეალი"-"ბარსელონას" თამაში დაიწყო და ვიხილეთ ის, რისთვისაც ასე გვიყვარს სპორტის უპირველესი სახეობა: ბურთის უბადლო კონტროლი, ულამაზესი კომბინაციები და გოლი-შედევრები. მართალია, ერთმა გუნდმა მეორე ძალიან დაჩაგრა და ინტრიგამ ბოლომდე ვერ იცოცხლა, მაგრამ საფეხბურთო სპექტაკლი შედგა და ეს უმთავრესია.

"იუვენტუსი"-"მილანის" შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა - 1:0 და მართალია,
ანგარიში გროსმაისტერულია, გნებავთ, კლასიკური იტალიური, მაგრამ ეს არ იყო ის შემთხვევა, როდესაც მწვრთნელების ტაქტიკური დუელი, საჭადრაკო პარტია ვიხილეთ, რაც ასე ძალიან უყვართ იტალიური ფეხბურთის გურმანებს - აქ, ერთმა მწვრთნელმა არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და მეორემ, როგორ...

მიხაილოვიჩის იტალიური პროექტი
როდესაც "ინტერის", "ნაპოლის", "ფიორენტინას" ან "რომას" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი იტალიელი თამაშობს, ხოლო "მილანში" ერთბაშად რვა, სინიშა მიხაილოვიჩისადმი ბუნებრივი სიმპათია გიჩნდება, რადგან სერბი სპეციალისტი, მეტწილად, ადგილობრივი კადრებით ცდილობს ფონს გასვლას და წარმატების მიღწევას. თუმცა, ფაქტია, რომ შედეგი არ ჩანს და მისი გუნდი სატურნირო ცხრილის შუაგულშია გაჭედილი.

მართალია, "იუვენტუსთან" შეხვედრაში საუკეთესო "მილანელები" ჯანლუიჯი დონარუმა და ალესიო რომანიოლი იყვნენ, რომლებიც ერთად არ არიან ჯანლუიჯი ბუფონის ხნის, მაგრამ ეს ჩავარდნა და კრიზისი სწორედ იტალიელებს და ადგილობრივ კადრებს დაბრალდებათ, რადგან ასე ხშირად მომხდარა...

შემდეგ "მილანში" მივა რობერტო მანჩინის ტიპის მწვრთნელი, რომელიც ადგილობრივ კადრებს იჯარით დაიფრენს და გუნდში ისეთ ბებერ მებრძოლებს შეყრის, როგორებიც ჟოაო მირანდა, გარი მედელი, ფელიპე მელო და სხვები არიან...

თუ მიხაილოვიჩს "მილანის" იტალიური პროექტის გადარჩენა და პოსტის შენარჩუნება სურს, ძირეულ ცვლილებებს უნდა მიმართოს - იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტებმა სერბს შეცდომებზე მიუთითეს და რამდენიმე საჭირო რჩევაც მისცეს.

რომანიოლი-მექსე
სინიშა მიხაილოვიჩმა ფილიპ მექსე აითვალწუნა და მას ძალიან იშვიათად აძლევს თამაშის საშუალებას. სამაგიეროდ, ალესიო რომანიოლისთან ტანდემში ხშირად ვხედავთ როდრიგო ელის და ალექსს.

გარდა იმისა, რომ მექსე მაღალი კლასის მცველია, ლიდერის თვისებებით გამოირჩევა და როდესაც მოედანზეა, სწორედ ის ასრულებს კაპიტნის ფუნქციებს და არა, მაგალითად, რიკარდო მონტოლივო. ერთ-ერთი რჩევა: მეტი შანსი მექსეს და შესაბამისად, რომანიოლი-მექსეს ტანდემს.

საკადრო პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელ ჟურნალისტებს მოსწონთ მიხაილოვიჩის ლოიალური დამოკიდებულება ადგილობრივი კადრების მიმართ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში მას არ ეთანხმებიან.

მაგალითად, რა საჭირო იყო სტეფან ელ შაარავის "მონაკოში" გაშვება, თუ მის ადგილზე მბაიე ნიანგს უნდა ეთამაშა. "იუვენტუსთან" სწორედ ნიანგი ირჯებოდა გარემარბის პოზიციაზე და დაახლოებით ისევე შეეშველა თავის გუნდს 84 წუთის განმავლობაში, როგორც ადრიანო გალიანი "იუვენტუს არენას" ტრიბუნიდან - ორივე ნერვიულობდა, შფოთავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო...

ამიტომ, როდესაც ელ შაარავის დონის ფეხბურთელს უშვებ, იმაზეც უნდა დაფიქრდე, ვინ უნდა ათამაშო მის მაგივრად.

ტაქტიკის და შემადგენლობის შეუსაბამობა
სინიშა მიხაილოვიჩი მუდმივად 4-3-3 ტაქტიკას ეყრდნობა და ეს მაშინ, როდესაც გარემარბები ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ნიანგზე უკვე ვთქვით და სადღაც იქვეა ალესიო ჩერჩიც, რომელმაც "იუვენტუსთან" შეხვედრაში იმდენჯერ დაკარგა ბურთი, რომ ლეო მესის კარიერის განმავლობაში არ დაუკარგავს.

ფლანგზე ვერც ლუის ადრიანო გრძნობს თავს კომფორტულად და რადგან ცენტრფორვარდის პოზიციაზე კარლოს ბაკა შეუცვლელია, ბრაზილიელი სულ უფრო მეტ დროს ატარებს სათადარიგოთა სკამზე. მოკლედ, მიხაილოვიჩმა ან კარგი გარემარბი, ან გნებავთ, გარემარბები უნდა დაიმატოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ან ტაქტიკური მონახაზი შეცვალოს.

მაგალითად, 4-4-2
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში "მილანმა" ექსტრაკლასის გარემარბები დაიმატოს და გამომდინარე აქედან, გამოსავალი შეიძლება 4-4-2 სქემაზე გადასვლა იყოს. ოღონდ რომბისებურ ნახევარდაცვას არ ვგულისხმობთ, რადგან ეს ტაქტიკა მიხაილოვიჩმა სეზონის სტარტზე სცადა და ამ საქმისგან გასაგები მიზეზების გამო არაფერი გამოვიდა - გასაგები მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მილანს" გამთამაშებელი არ ჰყავს.

პლეიმეიქერის ფუნქცია კეისუკე ჰონდას დაეკისრა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს არც პასი უვარგა, არც ტექნიკა და არც მოედნის ხედვა, მისგან დირიჟორი ნამდვილად არ დადგება. აი, "მილანს" რომ რიკარდო საპონარა "ემპოლიში" არ ჰყავდეს განათხოვრებული, 4-3-1-2 ტაქტიკას მეტი აზრი ექნებოდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ხაზზე განლაგებული ნახევარმცველები, შესაძლოა, ოპტიმალური გამოსავალი იყოს.

ლუის ადრიანო-კარლოს ბაკა
4-4-2 ტაქტიკის შემთხვევაში, ლუის ადრიანოს და კარლოს ბაკას ყველანაირი პირობა ექნებათ, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინონ. ფაქტია, რომ ორივე ფორვარდი გოლზეა დაგეშილი და სწორი ტაქტიკა-სტრატეგიის შემთხვევაში, კარგად აწყობილი გუნდის პირობებში, თავიანთ საქმეს ხუთიანზე გააკეთებენ.

დასკვნა
სანამ სილვიო ბერლუსკონი ჯიბეზე ხელს გაიკრავს და გუნდში ვარსკვლავებს მიიყვანს, "მილანი" ამ რესურსით უნდა გავიდეს ფონს და ეს ის რესურსია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

ეს ნაბიჯები სინიშა მიხაილოვიჩმა უნდა გადადგას და თანაც, ძალიან მალე - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კლარენს ზეედორფის და ფილიპო ინძაგის ბედს გაიზიარებს და შემდეგ გაბრაზებულმა, შესაძლოა, კიდევ თქვას ის, რაც ერთხელ უკვე განაცხადა: "ქვეყანა რომ დაიქცეს, მე არასდროს გავწვრთნი "მილანს"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელებიდან გამომდინარე საერთოდ ვერ აწყობს ტაქტიკას, ესეთ ვითარებაში მილანს ბევრად კარგი მწვრთნელი ესაჭიროება
kpax
14:29 26-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული