"რომა": ვინ შეცვლის რუდი გარსიას?

AutoSharing Option
"რომამ" ვერც სერია A-ს გასულ ტურში მოიგო და უფრო გაირთულა სატურნირო ვითარება. მართალია, დედაქალაქური გუნდი მეოთხე ადგილზეა და ლიდერთა მარაქაშია გარეული, მაგრამ პირველ ადგილზე მყოფ "ინტერს" უკვე გვარიანად ჩამორჩა და, რაც მთავარია, გუნდის თამაშის ხარისხია მკვეთრად გაუარესებული.

მოკლედ, "რომას" ჩავარდნა აქვს და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, რუდი გარსიას "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დღე არ უწერია...

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, თუ "რომა" ორ უახლოეს მატჩს ვერ მოიგებს - ჯერ "ბატესთან" ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ "ნაპოლისთან" იტალიის ჩემპიონატში, რუდი გარსიას
პოსტის დატოვება მოუწევს.

სპალეტი, დი ფრანჩესკო თუ კაპელო?

ამასობაში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუდი გარსიას შესაძლო შემცვლელებზე, აქცენტი კი რამდენიმე სპეციალისტზე კეთდება. "გაძეტას" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის მესვეურებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ლუჩანო სპალეტისთან, რომელიც დღეს თავისუფალია, ბოლოს "ზენიტს" ედგა სათავეში, იქამდე კი "რომას" წვრთნიდა და საკმაოდ კარგადაც. სპალეტიმ დაადასტურა, რომ "რომას" გაწვრთნა სურს და შემდეგი განაცხადა:

"რუდი გარსია კარგი მწვრთნელია და მინდა მას წარმატებები ვუსურვო, მაგრამ ვერც იმას დავმალავ, რომ "რომას" მესვეურებთან მქონდა საუბარი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განვიხილეთ.

არც იმას დავმალავ, რომ ამ დროისთვის, ყველანაირი მოლაპარაკება გავწყვიტე სხვა გუნდებთან, რადგან ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ "რომაა". არადა, მაქვს საინტერესო წინადადებები რუსეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან. გარსიას გათავისუფლების შემთხვევაში, მზად ვარ, რომ "რომას" ჩავუდგე სათავეში".

კიდევ ერთ კანდიდატად ფაბიო კაპელო მოიაზრება, რომელიც ასევე უმუშევარია და სპალეტის მსგავსად, ადრე ისიც წვრთნიდა "რომას". მეტიც, სწორედ კაპელოს თავკაცობით მოიგო "ჯალოროსიმ" ბოლო სკუდეტო და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებს ის განსაკუთრებულად უყვართ - ამ თემაზე კომენტარი თავად კაპელომ გააკეთა:

"ვფიქრობ, რომ "რომა" ჯერ კიდევ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია. "ჯალოროსიმ" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაღაც აირია მექანიზმში და ამას ჩავარდნა მოჰყვა. ვითარება გამოსწორებადია და მთავარია, ფეხბურთელებმა საკუთარი თავის ისევ ირწმუნონ.

არის თუ არა შანსი, რომ "რომას" მთავარ მწვრთნელად მიხილოთ? - არასდროს თქვა არასდროს - მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენთვის ასეთ ძვირფას გუნდზეა საუბარი. "რომას" მესვეურებთან კავშირი არ მქონია, მაგრამ ინფორმაცია მომივიდა, რომ ერთ-ერთ კანდიდატად მოვიაზრები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "რომას" ჯერ კიდევ ჰყავს მწვრთნელი და მას აქვს შანსი, რომ კრიზისი დაძლიოს".

კიდევ ერთი კანდიდატი ეუსებიო დი ფრანჩესკოა, რომელიც "სასუოლოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებით მუშაობს და ბოლო პერიოდში, მასზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.

დი ფრანჩესკოს თქმით, ის მხოლოდ "სასუოლოს" მომდევნო მატჩზეა კონცენტრირებული, თუმცა დასძინა, რომ მის მიმართ დიდი კლუბების ყურადღება ძალიან სიამოვნებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები - შეძლებს თუ არა რუდი გარსია პოსტის შენარჩუნებას და თუ ვერ შეძლო, ვინ ჩაანაცვლებს მას...

ტოტის ახალი კონტრაქტი
ამასობაში, ფრანჩესკო ტოტისთან დაკავშირებით გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 39 წლის ფეხბურთელი კლუბთან კიდევ ერთი სეზონით აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ტოტის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ივლისში გასდის და ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფრანჩესკო საფეხბურთო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასა და თავად ტოტის შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, ოფიციალური განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდება, როდესაც ფეხბურთელი ტრავმას მოიშუშებს და გუნდს დაუბრუნდება. აქვე ვთქვათ, რომ ფრანჩესკო ტოტი სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და ლიდერ სილვიო პიოლას 29 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება.

გამოდის, რომ ტოტი სერია A-ში კიდევ თითქმის ორი სეზონი ითამაშებს და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ პიოლის რეკორდი დაამხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული