გვარდიოლამ "ბაიერნი" ახალ სიმაღლეზე გაიყვანა. ხოსეპ გვარდიოლამ გერმანულ გრანდში თავიდან მისთვის მახლობელი "ტიკი - ტაკა" მიიტანა. მერე სტილი შეცვალა.
ეს ახალი "ტიკი-ტაკაა", უფრო სწრაფი და რაფინირებული, თანამედროვე.
"ბაიერნი" ვისთანაც უნდა თამაშობდეს, მას ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა აქვს. ეს უკვე მწვრთნელის საქმე და ამბავია, გვარდიოლას დამსახურება.
პეპი მაინც მიდის. საინტერესოა,
"ბაიერნი" ვერასოდეს იქნება კმაყოფილი მხოლოდ შიდა ტიტულებით. "ბაიერნმა" ევროპას ზემოდან უნდა გადმოხედოს. ასეთია კლუბის ხელმძღვანელობის ფილოსოფია და ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. პეპის ხელში ეს ჯერ არ გამოდის.
"ბაიერნში" პეპი ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს. ჯერ ვერ იგებს და ღმერთმა უწყის, სეზონის ბოლოს რა იქნება. სეზონის ბოლოს პეპი წავა და მას არნახულად უნდა, რომ გამარჯვებული წავიდეს.
მიუნხენში ძალიან ეტკინათ "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე. "ბაიერნი" ჯერ ძალიან იშვიათად აგებს და თუ აგებს, ასე არასოდეს მარცხდება. განტევების ვაცი კი მალევე იპოვეს - პეპ გვარდიოლა.
გვარდიოლა მაინც "ბარსას" კაცია. კატალონიელია და მისთვის მსოფლიო "ბარსელონადან" იწყება. აქ პეპის მიმართ ძირითადად ორი საყვედური გაისმა. პირველი ის, რომ სეზონის გადამწყვეტი შეხვედრისათვის პეპმა ფეხბურთელები ვერ დაზოგა - "ბაიერნის" საუკეთესო ნაწილი "ბარსასთან" მატჩის წინ ლაზარეთში აღმოჩნდა.
მეორე და მთავარი: გვარდიოლამ ნაადრევად გადაჭრა ყველა ამოცანა იმ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გარდა. "ბაიერნი" ყველა მატჩს ასტრონომიული ანგარიშებით იგებდა და რაღაც მომენტში გოლიათი მორალურად დაიღალა. რაღაც მომენტში მას მოსწყინდა გამარჯვებები.
დიდი ალბათობით, მოვლენათა ჯაჭვი ერთმანეთს შემთხვევით გადაება, მაგრამ პეპი ჩვეულებრივი მოკვდავია. ის ყველაფერს ხედავს. მას ყველაფერი ესმის. საფიქრებელია, რომ პირველად კატალონიელის გული მიუნხენში სწორედ მაშინ გაიბზარა.
პეპმა წასვლა თავად დაიჟინა, თორემ "ბაიერნი" ახლა მის გამშვებს არ ჰგავდა. მიმდინარე სეზონში გრანდებს ძალიან უჭირთ. მიმდინარე სეზონში "ბაიერნი ევროპულ ფეხბურთში ყველაზე სტაბილური გუნდია "ბარსელონასთან" ერთად.
პეპი მიდის, კარლო ანჩელოტი მოდის. გერმანელები ყოველთვის ერიდებიან გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას. მაშ, რატომ შეაჩერეს მათ არჩევანი ანჩელოტიზე?
დავიწყოთ იქიდან, რომ კარლო ანჩელოტი ძალიან გამოცდილია. რა თქმა უნდა, "ბაიერნში" ბავშვს არავინ მიიყვანს, მაგრამ აქ საუბარი განსაკუთრებულ გამოცდილებაზე გვაქვს, რომელიც იტალიელს აუცილებლად დასჭირდება მიუნხენურ გრანდში.
"ბაიერნს" რიგი ამოცანების გადასაჭრელად მწვრთნელი სულ არ სჭირდება. "ბაიერნი" დიდი ალბათობით, უმწვრთნელოდაც მოიგებს გერმანიის ჩემპიონატს. "ბაიერნს" მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე სჭირდება, სადაც ნაღდი გოლიათები ბობოქრობენ.
ანჩელოტის კიდევ ერთი პლუსი უდიდესი დიპლომატიური ნიჭია. ანჩელოტიმ იცის, როგორ ელაპარაკოს დიდი კლუბის დიდ ბოსებს.
"ბაიერნი" სწორედ ასეთია. კლუბის მმართველობაში დიდზე დიდი ხალხია. მათ მთელი ცხოვრება შესწირეს "ბაიერნს" და ახლა მიიჩნევენ, რომ კლუბში ყველაფრის თუ არა, ძალიან ბევრის უფლება აქვთ.
ანჩელოტის ყველაზე მთავარი ღირსება კი მისი სტაბილურობაა. მას არ აქვს გამოკვეთილი ჩავარდნები, პატარ - პატარა წარუმატებლობები კი ნებისმიერი სპეციალისტისათვის ახლობელია. ამის გარეშე არ არსებობს. მწვრთნელებად ხომ ადამიანები მუშაობენ და არა ღმერთები.
ანჩელოტი თავის მოსაგებს აუცილებლად მოიგებს ევროპაში. ამ შემადგენლობით მოიგებს. თუ მოხდა სასწაული და ვერ მოიგო, მაშინ ის სანუკვარ ჯილდოსთან ძალიან ახლოს მივა. "ბაიერნი" ძალიან სტაბილურია და მწვრთნელიც ასეთივე სტაბილური იპოვა. სტაბილური თამაშის დიპლომატი კონსტრუქტორი.
ახლა მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, რას შეცვლის "ბაიერნის" თამაშში კარლო ანჩელოტი. ერთი, რაც შეიძლება ზუსტად ვივარაუდოთ, ისაა, რომ გერმანულ გრანდს თამაშის განმავლობაში ბურთი ცოტა ნაკლები დროის განმავლობაში ექნება ბურთი, მაგრამ გრანდებთან თამაშში ასევე ნაკლებად მოშიშვლდება დაცვის ხაზი.
"ბაიერნის" ვარსკვლავებთან ურთიერთობა კი ანჩელოტის არასოდეს შეეშლება. ვფიქრობთ, იტალიელს ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. სხვადასსხვა დროს მისგან სხვადასხვა გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები იგონებენ, ანჩელოტი ამას ისე აკეთებდა, ჩვენ მადლობას აქეთ ვუხდიდითო.
წესით, კარლო მაგრად უნდა გამოადგეს "ბაიერნს".
გვარდიოლას კი გული პრემიერლიგისაკენ მიუწევს და იქ მას "სიტი" ელის. არაბული მილიარდებით თავმომწონე და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ვერაფრის მიმღწევი გუნდი.
პეპი მაგრად შეცვლის უხასიათო ინგლისურ გუნდს, მანამდე კი გვარდიოლამ სეზონი უნდა ჩაამთავროს "ბაიერნში". "რეკორდმაისტერს" ცოტა ხნის წინ ყველაფრის მომგები იუპ ჰაინკესი გაეცალა.
ვნახოთ, იქნებ პეპიც ასე წავიდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"