რატომ არ არის იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში 2016 წელს განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. 2014 წლის მუნდიალზე "სკუადრა აძურა" ჯგუფში ჩარჩა, საქვეყნოდ მოიჭრა თავი და სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

გემახსოვრებათ, რომ იტალიას იგივე დაემართა 2010 წლის მუნდიალზეც, თუმცა ორი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოჩინდა და ფინალამდე მიაღწია.

მოკლედ, იტალიაში სჯერათ, რომ ანტონიო კონტეს გუნდს საფრანგეთის მოედნებზე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმაციის "აძურა" ვარსკვლავთა სიმრავლით ვერ დაიკვეხნის და შესაბამისად, ფავორიტთა შორისაც არ მოიხსენიებენ.

მაგალითად, ბუკმეკერები იტალიელებზე მეტ შანსს
აძლევენ გერმანიას, ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთს, ბელგიას და, რა თქმა უნდა, ჰოლანდიასაც წინ დააყენებდნენ, "ნარინჯისფერებს" შესარჩევი ეტაპი რომ გადაელახათ. ან რაღა შორს მივდივართ და ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას, იტალია გრანდებთან ერთად არ განთესეს და მეორე კალათაში მოათავსეს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც რუსეთი, ავსტრია და შვეიცარიაა. მოკლედ, იტალიელებს ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი და იოლად რომ არაფერს დათმობენ, ცხადზე უცხადესია...

ფრთხილი და ოპტიმისტი
ანტონიო კონტეს, თითქოს, გული ეთანაღრება, რომ 46 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში მუშაობს, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ისე ვერ იხარჯება, როგორც შეუძლია. მოკლედ, კონტე ფეხბურთელებთან მცირე დროს ატარებს, ყოველდღიური ვარჯიშები არ აქვს და ეს ძალიან არ მოსწონს. ამიტომ მან რამდენჯერმე უკვე მიანიშნა ჟურნალისტებს, რომ არაა გამორიცხული, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს.

იტალიური ფეხბურთის გრანდები აქედანვე იჭერენ თადარიგს და ანტონიო კონტესთან შეთანხმების მიღწევა სურთ. ყველაზე მეტად მაინც "რომა" აქტიურობს, სადაც რუდი გარსია, დიდი ალბათობით, ბოლო სეზონს ატარებს. კონტე ინგლისის პრემიერლიგის ბინადრებსაც აინტერესებთ, სხვებზე ხშირად კი "ტოტენჰემს" ასახელებენ. ითქვა ისიც, რომ ანტონიო აქტიურად სწავლობს ინგლისურ ენას და ესეც ყურადსაღები ამბავია. რას აპირებს კონტე ევროპის ჩემპიონატზე და მის შემდეგ? - ამაზე თავად ისაუბრა:

"ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტებში არ მოგვიაზრებენ და ეს არ მიკვირს. არიან გუნდები, რომლებიც რეიტინგში ჩვენზე წინ დგანან და უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, ჩვენ იტალია ვართ და უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული, იოლად კი არაფერს დავთმობთ. თუ სათამაშო დისციპლინა უმაღლეს დონეზე გვექნება და ფეხბურთელები ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან, არავისზე ნაკლებ ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ამიტომ შემადგენლობის შერჩევისას ჩემთვის მთავარი მოთამაშეთა ფიზიკური კონდიცია და მომზადების დონე იქნება. ვის ვისურვებდი მეტოქედ ფინალში? - ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა გადავლახოთ და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქროთ. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით".

ტავეკიო: კონტე აუცილებლად დარჩება
ფედერკალჩოს პრეზიდენტი კარლო ტავეკიო დარწმუნებულია, რომ 2016 წელი იტალიური ფეხბურთისთვის წარმატებული იქნება, მთავარი იმედები კი სწორედ ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება:

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს, თასის მოგება კი ბევრ წვრილმან დეტალზე და მათ შორის, იღბალზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ვერ დავიჩემებ, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ იტალია რომ ძალიან ძლიერი გუნდით წარდგება საფეხბურთო ევროპის წინაშე, ეს კი ზუსტად ვიცი.

ანტონიო კონტეს შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ და გააგრძელებს მუშაობას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დიახ, ანტონიო აუცილებლად დარჩება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ვფიქრობ, რომ სწორედ კონტესთან ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ 2018 წლის მუნდიალზეც".

ვერატი: იბრა მემუქრება, მაგრამ...
2016 წელს ოპტიმისტური განწყობით ეგებებიან იტალიის ნაკრების ფეხბურთელები. სანამ რამდენიმე საინტერესო კომენტარს გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "სკუადრა აძურას" ბელგიასთან, შვედეთთან და ირლანდიასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

მარკო ვერატი: "როდესაც ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა დასრულდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღე, სადაც განადგურებით მემუქრებოდა. ვფიქრობ, რომ იბრა უნდა დაწყნარდეს და რეალობას თვალი გაუსწოროს.

ჩემი აზრით, შვედეთი მესამე ადგილზე გავა, თუმცა დიდი შანსია, ამ პოზიციიდან გაძვრეს პლეი ოფში. საერთოდ, იტალიას ფავორიტად არავინ მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ ფინალში გავალთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვის ვუფრთხი ყველაზე მეტად? - საფრანგეთს. იმედია, ფრანგებს სწორედ გადამწყვეტ მატჩში გადავეყრებით და მოვიგებთ, ისევე, როგორც 2006 წლის მუნდიალზე".

კლაუდიო მარკიზიო: "იქნება თუ არა გადამწყვეტი პირველი მატჩი ბელგიასთან? - 2014 წლის მუნდიალი ინგლისის ძლევით დავიწყეთ, გვეგონა რომ ჯგუფიდან უკვე გავედით, თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. მთავარია, რომ კონცენტრაცია არც ერთი წუთით არ დავკარგოთ და ყველა მეტოქეს თანაბარი პატივისცემით მოვეკიდოთ. გვაქვს იმის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ და ამ მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაზე საშიში მეტოქე ესპანეთია, რადგან ბოლო წლებში ამ გუნდთან თამაში ტრადიციულად გვიჭირს".

ლეონარდო ბონუჩი: "2016 წელს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვხვდები, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც უნდა დავამტკიცოთ, რომ მუნდიალზე განცდილი ფიასკო შემთხვევითობა იყო. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და ეს საფრანგეთის მოედნებზე გამოჩნდება. ფავორიტად გერმანიას, ესპანეთს და საფრანგეთს მივიჩნევ, თუმცა ჩვენც იქვე ახლოს ვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული