გონსალო იგუაინი - "ნაპოლის" მეორე მარადონა

AutoSharing Option
დიეგო მარადონამ "ნაპოლის" ისტორიაში ოქროს ასოები ჩაწერა და იტალიის სამხრეთის გუნდი ყველა არგენტინელისათვის უძვირფასესი გახადა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, 28 წლის გონსალო იგუაინი ლეგენდარული თანამემამულის ნაკვალევზე დგას.

"რეალიდან" წასვლის შემდეგ არგენტინელ შემტევს კარიერის გაგრძელების არაერთი შესაძლო ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მან ნეაპოლი აირჩია. "ნაპოლი" ამ ქალაქისათვის მხოლოდ გუნდი არ არის. ეს მთელი კულტურაა, ცხოვრების წესია.

"ნაპოლი" ნეაპოლში ერთნაირად უყვარს ჯიბგირს, ბანდიტსა და ინტელიგენტს, უსწავლელსა და პროფესორს. იქაური, საქვეყნოდ განთქმული ბანდიტები "ნაპოლის" ფეხბურთელებს სამადლობელ წერილებს სწერენ და მათ უცხო კოლეგებისაგან იცავენ.

მოკლედ,
"ნაპოლი" სხვა მუღამია. "ნაპოლიმ" შეიყვარა გონსალო იგუაინი. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა: "ჩვენს გუნდში ნამდვილი ვარსკვლავი მოვიდა. ჩემთვის საამაყოა ეს ტრანსფერი და დარწმუნებული ვარ, რომ გონსალო განსაკუთრებულ თავებს ჩაწერს "ნაპოლის" ისტორიაში და იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი გუნდისათვის, როგორიც თავის დროზე იყო დიეგო მარადონა", - ავანსი თავიდანვე დიდი გაიცა.

გონსალო იგუაინის მიერ "ნაპოლიში" გატარებული პერიოდის ერთმნიშვნელოვნად შეფასება არ შეიძლება. იგუაინი აფუჭებდა ბევრ საგოლე მომენტს, იგუაინი ხშირად აგვიანებს პასს, მაგრამ ის გუნდის უდავო ლიდერია. მას შეუძლია პარტნიორების აყოლიება. მას გააქვს საჭირო გოლები...

მიმდინარე სეზონი იგუაინისათვის საუკეთესოა "ნაპოლიში". 18 გოლით ის "ნაპოლისა" და მთელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. კონკურენტებთან დაშორება იმხელაა, რომ გონსალოს ბომბარდირობა, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს.

"ნაპოლი" ჩემპიონობაზე ნადირობს. იტალიაში პირველობა იოლი არასოდეს არის. არც მიმდინარე სეზონში იქნება. "ნაპოლი" ტიტულის მოპოვების პრეტენდენტია, მაგრამ ასეთი პრეტენდენტი კიდევ რამდენიმეა.

ყველაზე საშიში მაინც ტურინის "იუვენტუსია". "ბებერ ქალბატონს" ეძინა და "ქალბატონმა" გაიღვიძა. "იუვენტუსი" უკვე მივიდა ცხრილის სათავეებთან და "ნაპოლის" მთავარ კონკურენტად სწორედ ის უნდა განვიხილოთ.

"ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და ამის გაკეთება თუ გვსურს, ყველა თამაშში განსაკუთრებულად სტაბილურები უნდა ვიყოთ. არ შეიძლება თამაშების მნიშვნელოვან და ნაკლებმნიშვნელოვან შეხვედრებად დაყოფა. ჩვენ გვინდა, რომ ტიტული მოვიგოთ? მაშინ ჩვენ ყველა შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაგვრჩება გამარჯვება სეზონის ბოლოს", - ამბობს იგუაინი და არ შეიძლება, მას არ დავეთანხმოთ.

არგენტინელს ძალიან უნდა, რომ "ნაპოლისათვის" ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს, როგორიც თავის დროზე იყო მარადონა. ამ მიზნით შეპყრობილმა იგუაინმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ძალიან საინტერესო შეთავაზება უარყო ნაღდი გრანდებისგან.

"მე ვერ წავალ "ნაპოლიდან" ისე, თუ არ შევასრულე ის მიზანი, რომელიც აქ გადმოსვლისას დავისახე. მე მინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ამაყობდნენ ჩვენით. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას შეუძლია, რომ მშვიდად იყოს - მე ვრჩები "ნაპოლიში" და არსად წასვლას არ ვაპირებ", - თქვა მაშინ იგუაინმა.

არგენტინის ნაკრების ფორვარდი მიმდინარე სეზონში ერთი დადებითი კომპონენტითაც გამოირჩევა. ადრე ის საგოლე მომენტებს ძალიან ხშირად ფლანგავდა, ახლა კი ასე აღარ არის. იგუაინს შეუძლია, კიდევ მეტი გაიტანოს, მაგრამ რაც გააქვს, ისიც საკმარისია.

"არ ვმალავ, რომ ამ სეზონში განსაკუთრებით მოტივირებული ვარ. ის კი არა, დამატებითი ვარჯიშების შესრულებაც კი დავიწყე საიმისოდ, რომ საგოლე მომენტები უფრო ყაირათიანად გამოვიყენო", - ამბობს იგუაინი.

გონსალოს ღვაწლს გუნდის წარმატებაში სათანადოდ აფასებს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. "როგორც წესი, მე არასოდეს გამოვყოფ ხოლმე ფეხბურთელებს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ იგუაინის წვლილი ჩვენი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია. მე მოკლედ ვიტყვი - იგუაინი შეუცვლელი ფეხბურთელია "ნაპოლისათვის", - ამბობს სარი.

საერთოდ, ბევრი მიიჩნევდა, რომ "ნაპოლისათვის" ძალიან რთული დღეები დადგებოდა მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ "ჯადოსნური სამკუთხედი" დაშალა (ედინსონ კავანი, ესეკიელ ლავეცი და მარეკ ჰამშიკი). ამ დიდი სამეულიდან გუნდში მხოლოდ ჰამშიკი დარჩა. ლავესიმ და კავანიმ კარიერის გაგრძელება მდიდარზე მდიდარ "პარი სენ-ჟერმენში" არჩიეს და სადაც სამართალია, უნდა ითქვას, რომ ოდინდელი ბრწყინვალებაც დაკარგეს.

"ნაპოლიმ" კი მიმდინარე სეზონში საბოლოოდ აღიდგინა ეს დანაკლისი. მარეკ ჰამშიკი თავისთავად და, შეტევაში დიდებულად გამოიყურებიან იგუაინი და უნიჭიერესო ლორენსო ინსინიე. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდამ ტრავმები უშლის ხელს, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის ბოლომდე მაინც არ დაიმტვრევა.

საერთოდ, იტალიის ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ძალიან საინტერესო უნდა იყოს. აქეთ გაღვიძებული "იუვენტუსი", იქით მთელი რიგი ტიტულზე მეოცნებე გუნდებისა და "ნაპოლი" თავისი მეორე მარადონათი.

მოკლედ, ფინიშს ინტრიგა არ მოაკლდება. მთავარია, გონსალო ჯანმრთელობამ არ დააღალატოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გონსალოს პოპულარობას , მისივე კარგ თამაშთან ერთად, ხელს ძალიან უწყობს დეციბელ ბელინი, "ნაპოლის" სტადიონის დიქტორი. ვისაც მოუსმენია რა ხდება იგუაინის გოლისას ნეაპოლის სტადიონზე, მიხვდება რასაც ვგულისხმობ . ნახეთ იუთუბზე...
levan
17:00 13-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული