თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგი ლოგიკურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტურინულ გრანდს გაუჭირდა სამი ქულის მოპოვება. "რომა" კარგად დაუდგა მრისხანე მეტოქეს, ბევრი თავსატეხი გაუჩინა და ქულის აღება ნამდვილად შეეძლო. ლუჩანო სპალეტიმ უკვე დაატყო ხელი გუნდს და ეჭვი გვაქვს, რომ "ჯალოროსი" გაცილებით უკეთ ათამაშდება.
დე როსის ახალი ამპლუა
რუდი ამასთან, დირიჟორობდა დაცვის თამაშს და შეტევებსაც ხშირად იწყებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონა მირალემ პიანიჩი გახლდათ, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა და თამაში მიჰყავდა - როგორც თვითონ იტალიელები ამბობენ, პიანიჩმა რეჯისტას (რეჟისორი) როლი მოირგო და საქმეს თავი კარგად გაართვა.
მოკლედ, სპალეტის რამდენიმე ნაბიჯი იტალიურ სპორტულ მედიაში დადებითად შეფასდა. აი, რაჯა ნაინგოლანის გამთამაშებელად გამწესებამ კი დიდად ვერ გაამართლა - ბელგიელი უფრო მებრძოლი ფეხბურთელია და თუ სპალეტის პლეიმეიქერი სჭირდება, არჩევანი აშკარად სხვაზე უნდა შეაჩეროს.
ერთი ცხადია, ვიხილეთ საინტერესო "რომა", ძლიერი "იუვენტუსი" და ლოგიკური შედეგი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია, "რომას" პროგრამა-მაქსიმუმი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.
ისევ სკანდალი
"იუვენტუსი"-"რომას" თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც დანიელე დე როსი და მარიო მანჯუკიჩი ერთმანეთს წაეკიდნენ და რომ არა გამშველებლები, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდოდა. როგორც მატჩის შემდეგ გაცხადდა, დე როსიმ მანჯუკიჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა მას და ბოლოს, "ბოშის განავალი" უწოდა. ეს ეპიზოდი კამერებმაც დააფიქსირა, მისი სიტყვები კი პირის მოძრაობით გაიშიფრა. როგორც ასეთ დროს ხდება, დე როსის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი და მისი დასჯა მოითხოვეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს.
მატჩის შემდეგ ამ თემაზე კომენტარი თვით "რომას" თავკაცმა გააკეთა: "მანჯუკიჩი მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა მეტოქის პროვოცირებას და ეს გამოუვიდა კიდეც. დე როსი ემოციებს აჰყვა და შეცდომა დაუშვა. არ დავმალავ, შეგირდებს მე თვითონ ვურჩიე, რომ ისეთივე მეთოდით ემოქმედათ, როგორც თვითონ მანჯუკიჩი, მაგრამ ასეთ დროს, ყოველთვის პირზე ხელი უნდა აიფარო. მანჯუკიჩი ყველას აგინებდა, მაგრამ პირზე ხელს იფარებდა და ეს შეუმჩნეველი დარჩა, დე როსი კი სკანდალში გაეხვა".
მატჩის შემდეგ
მოკლედ, იტალიაში დიდი ამბებია - ჰომოსექსუალის და მყრალი მოხუცის შემდეგ ბოშის განავალიც გამოჩნდა, თუმცა შევეშვათ ამას და მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ, რომლებიც იტალიურ სპორტულ პრესაში მრავლად გავრცელდა:მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ურთულესი მატჩი იყო, რადგან მეტოქე თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ლუჩანო სპალეტი ასე მალე შეცვლიდა გუნდის სათამაშო სტილს. პირველ 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და რეალურ უპირატესობას ვფლობდით, შემდეგ კი შეცდომებს ვუმატეთ და პრობლემები შეგვექმნა.
პაულო დიბალამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში, თუმცა შეიძლებოდა, რომ თამაში ფრედ დასრულებულიყო. "ნაპოლი" პირველ ადგილზეა და ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცუდ ფორმაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავინაცვლოთ".
ლუჩანო სპალეტი (რომა): "უძლიერეს მეტოქეს ორგანიზებული ფეხბურთი დავუპირისპირეთ. "იუვენტუსმა" თითქმის ვერაფერი შექმნა და ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. თუმცა, პარალელურად, ბურთი უნდა დაგვეჭირა და უფრო აქტიურად შეგვეტია, რაც ვერ მოვახერხეთ. ყველა კომპონენტში უნდა მოვუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება ევროპული ფეხბურთის გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში".
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ზედიზედ თერთმეტი მატჩის მოგება სერია A-ში ურთულესი საქმეა და ბედნიერი ვარ, რომ ეს სერია გრძელდება. "რომამ" დიდი ბრძოლა გაგვიმართა და შეიძლებოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო. საბედნიეროდ, პაულო დიბალამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. დიბალა მართლაც ფენომენალური ნიჭის პატრონია და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაიხსნება".
რაჯა ნაინგოლანი (რომა): "შეტევაში თითქმის ვერაფერი შევქმენით, თუმცა არც "იუვენტუსს" ჰქონდა ბევრი მომენტი. აქედან ნათლად ჩანს, რომ თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ შეტევაში მოსამატებელი გვაქვს. ცუდმა შედეგებმა ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგა, მაგრამ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება და "იუვენტუსთან" მატჩი ამის დადასტურება იყო. "რომა" დღეს უფრო ორგანიზებული გუნდია, ვიდრე თუნდაც ორი კვირის წინ, პროგრესი კი აუცილებლად გაგრძელდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"