იტალიის თასი. 1/2 ფინალი: "მილანი" ფინალს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთი ნაბიჯიც და "მილანი" იტალიის თასის ფინალში გავა. პირველ ნახევარფინალურ მატჩში, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა გასვლაზე სძლია "ალესანდრიას" და ბუნებრივია, რომ საკუთარ მოედანზე აშკარა ფავორიტია.

მატჩი არა ალესანდრიაში, არამედ ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა, იქ, სადაც "ტორინო" ატარებს საშინაო შეხვედრებს - საქმე ისაა, რომ "ალესანდრიას" სტადიონმა ვერ დააკმაყოფილა იტალიის თასის ნახევარფინალისთვის საჭირო სტანდარტები. საგულისხმოა, რომ ტურინის "ოლიმპიკო", რომელიც 27 ათას გულშემატკივარს იტევს, პრაქტიკულად გაივსო და ნომინალურ მასპინძელს ქომაგობა არ მოკლებია.

მატჩი "მილანის" სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში გამანადგურებელიც ყოფილიყო. შესანიშნავი
შანსები გაატანეს ქარს მბაიე ნიანგმა, ლუის ადრიანომ, კეისუკე ჰონდამ და მარიო ბალოტელიმ.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი ამ უკანასკნელის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. "მილანი" სჯობდა მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ მიხაილოვიჩის შეგირდებმა საუცხოო თამაში აჩვენეს.

პირიქით, ტექნიკური წუნი იყო დიდი და მთლიანობაში, მძიმე მატჩი გამოდგა. ისიც ვთქვათ, რომ მიხაილოვიჩმა შემადგენლობა გადაახალისა და ისეთ ფხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ში ნაკლებად ენდობა. აქვე, სერბი სპეციალისტის კომენტარი:

"ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იტალიის თასის ფინალში გასასვლელად და შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა, თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს და ამას ვერსად გავექცევით. კონკრეტული ფეხბურთელები შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა მათი გვარების დასახელებას არ ვაპირებ. ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ".

ალესანდრია-მილანი 0:1
გოლი: 0:1 ბალოტელი (43-პენ)

საპასუხო მატჩი 1-ელ მარტს 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული