იტალიური სპორტული მედია სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ევროპის ჩემპიონატს, "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კი ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
იტალიის ნაკრების მესაჭე ერთ-ერთ საფეხბურთო თოქ-შოუს კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად ესტუმრა და ქვემოთ მათ კომენტარებს გაგაცნობთ...
ანტონიო კონტე: "ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტებში არ გვთვლიან, თუმცა ეს არ მაღელვებს და ჩემს ოპტიმიზმს ვერაფერს აკლებს. ჩვენ ვიქნებით ძალიან სახიფათო აუტსაიდერები და ვეცდებით, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. წინ საინტერესო ტურნირი გველოდება, რომელსაც მოიგებს ის გუნდი, რომელიც სწორ ფეხბურთს ითამაშებს და არა ის, რომელსაც მეტი ვარსკვლავი ჰყავს".
კლაუდიო მარკიზიო: "უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს იტალიას არ ჰყავს ბევრი ვარსკვლავი და ბევრი გამორჩეული ტალანტი. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ უმაღლესი მიზნებისთვის და თანაც, გვყავს მწვრთნელი, რომელსაც სწორედ ასეთი მოთამაშეებით შეუძლია წარმატების მიღწევა. დაგვაკმაყოფილებს თუ არა ნახევარფინალი? - არც ერთ შემთხვევაში, რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"