ლეგენდის დასასრული? ტოტისა და "რომას" გზები იყრება

AutoSharing Option
იტალიური სპორტული მედია ლუჩანო სპალეტის და ფრანჩესკო ტოტის შორის მომხდარმა კონფლიქტმა ააფეთქა. "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კაპიტანი "პალერმოსთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

რა მოხდა?
შაბათს საღამოს ფრანჩესკო ტოტი ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"დიდი ხანია, რაც ტრავმა აღარ მაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. გასაგებია, რომ 38 წლის ასაკში მუდმივად მოედანზე ვერ ვიქნები, მაგრამ სულ თადარიგში ყოფნასაც არ ვიმსახურებ. კარიერის ასეთ დასასრულზე ნამდვილად არ მიოცნებია და შესაბამისად, თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ მწვრთნელისა და კლუბის მესვეურებისგან მეტ დაფასებას
ვიმსახურებ. როგორი ურთიერთობა მაქვს სპალეტისთან? - ჩვენ მხოლოდ ვესალმებით და ვემშვიდობებით ერთმანეთს.

"რომასთან" კონტრაქტი 1-ელ ივლისს მეწურება და დღემდე არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩვენი თანამშრომლობა. ველოდები სიახლეებს კლუბიდან, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ გაზაფხული მოახლოვდა და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, არასასიამოვნოა".

ტოტის ეს კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ რეაგირების გარეშე არ დატოვა და კაპიტანი სამატჩო განაცხადიდან ამოაგდო.

რას ფიქრობს სპალეტი?
ბუნებრივია, რომ ამ თემაზე ჟურნალისტები სპალეტის დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ქულები ჰაერივით გვჭირდება. ასეთ დროს სენტიმენტებისთვის არ მცხელა და შესაბამისად, გამოვდივარ მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან და არა კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის.

ფრანჩესკო ტოტის შეუძლია გააკეთოს იდეალური პასი, მაგრამ თუ მოედანზე პრესინგია საჭირო და 40-მეტრიანი კროსების გაკეთება, იქ მას უჭირს შესაძლებლობების დემონსტრირება. ძალიან დიდ პატივს ვცემ ტოტის და მის დამსახურებებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება შედეგი და იმედი მაქვს, რომ ის ამას გაგებით მოეკიდება".

რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა?
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, კლუბის მესვეურები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ლუჩანო სპალეტის და მის პრინციპულ მიდგომას, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და არა ცალკეული ფეხბურთელების.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს 10 დღეში "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ფრანჩესკო ტოტის შეხვდება და შემდეგ დირექტორთა საბჭოზე გადაწყვეტს, უნდა გაუხანგრძლივდეს თუ არა კაპიტანს ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით.

დიდი შანსია, "რომას" მესვეურებმა ტოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვონ, რადგან სპალეტიზე ისინი დიდ იმედებს ამყარებენ, მისი გაშვება გამორიცხულია და გუნდში კი ატმოსფერო არავინ უნდა გააფუჭოს.

ამიტომ ტოტი წამგებიან პოზიციაშია, 38 წლის ასაკში კი სხვა გუნდში გადასვლა უტოპიაა - შეგვიძლია ამერიკა, კანადა ან ავსტრალია დავუშვათ, მაგრამ ეს უკვე სანახევროდ კარიერის დასრულებას ნიშნავს. ლეგენდა სრულდება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაღა დროს ესაა სტადიონზე ხომ არ უნდამოკვდე ? D:
0
მაგას საქართველოს ნაკრებთან "აკიდებული" 2 პენალტის ცოდვები უწევს! ჯერ სადა ხარ ტოტი!? ))))
maradona
11:10 23-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული