პაულო მალდინი - დიდი კაპიტანი, რომელმაც მწვრთნელობა არ ისურვა

AutoSharing Option
შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პაოლო მალდინიმ ბოლო მატჩი ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. დასრულდა ეპოქა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

თავად განსაჯეთ, მალდინიმ 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა - უფრო მეტჯერ, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ინტერმა", "იუვენტუსმა" და ევროპული ფეხბურთის არაერთმა გრანდმა. პაოლოს სკუდეტო 7-ჯერ აქვს მოგებული, ევროპის სუპერთასი 5-ჯერ, საკონტინეტთაშორისო თასი 2-ჯერ, მსოფლიოს საკლუბო მუნდიალი ერთხელ, იტალიის თასიც ერთხელ და სუპერთასი 5-ჯერ.

მართლაც ფენომენალური შედეგია, საფეხბურთო სამყარო კი პაოლოს წარმატებებს უკვე მწვრთნელის რანგში ელოდა, თუმცა
რეალობა სხვაგვარი გამოდგა - მალდინიმ სხვა გზა აირჩია, ბიზნესს მიჰყო ხელი, დროის დიდ ნაწილს კი ოჯახთან ერთად ატარებს. ამ ყველაფერზე თავად ლეგენდა, 47 წლის პაოლო მალდინი მოგვითხრობს.

საოცარი თაობები
ვუყურებ დღევანდელ ფეხბურთს და ვფიქრობ, რომ ადრე გაცილებით მეტი ვარსკვლავი იყო, ინდივიდულაისტი, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეეძლოთ. "მილანში" პირველი მატჩი 16 წლის ასაკში ჩავატარე და როდესაც კარიერა დავასრულე, 40 წელს ვიყავი გადაცილებული.

გუნდში არაერთმა თაობამ და უამრავმა ფეხბურთელმა გაიარა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფორმაციის "მილანში" იყო უძლიერესი შემადგენლობა. გვქონდა აღმასვლები, დიდი გამარჯვებები და ჩავარდნებიც, მაგრამ მე არ მახსოვს პერიოდი, როდესაც "მილანის" საწვრთნელ ბაზაზე ვირტუოზების, ბურთის ჯადოქრების სიმცირე ყოფილიყოს. დღეს, ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა.

დიდი მწვრთნელები
ბევრ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე დაწყებული ნილს ლინდჰოლმიდან, დამთავრებული კარლო ანჩელოტით. ლინდჰოლმი მუდმივად იმას იმეორებდა, რომ ფეხბურთი უბრალოდ სპორტია და რომ თამაშით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო. ასეთ სიტყვებს იტალიელი მწვრთნელი არასდროს იტყვის და ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვისაც რთული იყო ამის გაგება.

არიგო საკი საოცარი ტაქტიკოსია, რომელსაც შეეძლო რომ თამაშის მსვლელობისას, სქემა 10-ჯერ შეეცვალა. მუდმივად ჩართული იყო თამაშში და ყველა წვრილმანს აკონტროლებდა. საკიმ რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

კაპელო საკის იდეების იდეალური გამგრძელებელი იყო, მისი მთავარი ღირსება კი თავდაჯერებულობა და რკინის ნერვები გახლდათ. ყოველთვის საჭირო სიტყვებს პოულობდა და ყველაზე რთულ ვითარებაში შეეძლო გუნდის მოტივირება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უბადლო ტაქტიკოსი გახლდათ.

ყველაზე კარგად მაინც კარლო ანჩელოტი მახსენდება, რომელთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და შემდეგ, ჩემი მწვრთნელი გახდა. ჩვენი ხედვები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს და ეს დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. მართლაც კარგი დრო იყო, რადგან ანჩელოტის "მილანში" იდეალური გარემო სუფევდა.

სამომავლო გეგმები
ბევრს ეგონა, რომ სამწვრთნელო კარიერას ავირჩევდი, მაგრამ სხვა გზას დავადექი და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. 10 წლის ვიყავი, როდესაც "მილანში" მივედი და ფეხბურთი 30 წელზე მეტი ვითამაშე. ეს ისედაც დიდი დროა და ვერ მოვნახე საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ცხოვრება იმავე რიტმში და რეჟიმში გამეგრძელებინა.

ბიზნესს მივყავი ხელი, დროის დიდ ნაწილს კი ოჯახთან ერთად ვატარებ და ამისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღენ. დღეს, მე ვარ ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი, მე ვუწესებ საკუთარ თავს დღის განრიგს და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.

კალჩოს აწმყო და მომავალი
იტალიურ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვპროგრესირებთ. მეტი ნდობა სჭირდებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდ წარმატებას მოგვიტანს.

შეხედეთ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც ჩემსავით 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "მილანში" და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მჯერა, იტალიური ფეხბურთის მომავლის და იმ ბიჭებოს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული