09:38 04-03-2016
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: თითქმის სასწაული "მეაცაზე"
AutoSharing Option
ტურინში გამართული პირველი მატჩი "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა, 3:0 და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მილანში ვითარება დაიძაბებოდა და ტურინული გრანდის ფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. თუმცა, რეალობა სხვაგვარი გამოდგა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ნერაძურიმ" სამი უპასუხო გოლი მიართვა მეტოქეს.
მილანელთა გოლები ხორვატების ანგარიშზეა - ორი გოლი მარსელო ბროზოვიჩმა შეაგდო და ერთი ივან პერიშიჩმა. გოლების ავტორების გარდა, ბრწყინვალედ ითამაშეს გარი მედელმა და მარტინს ედერმა, რომლებმაც საგოლე პასები მიითვალეს აქტივში. ერთი გოლი ბროზოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეაგდო.
მთლიანად "ინტერი" იყო შესანიშნავი და თამაშით თუ ვიმსჯელებთ, იმსახურებდა არა მარტო ამ ერთი კონკრეტული მატჩის მოგებას, არამედ ფინალში გასვლას. თუმცა, თერთმეტმეტრიანების სერიაში იღბალმა "იუვეს" გაუღიმა, ერთადერთი პენალტი კი როდრიგო პალასიომ გააფუჭა.
რატომ არ ჩართო რობერტო მანჩინიმ თამაშში სამირ ჰანდანოვიჩი, როდესაც ცნობილია, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა პენალტების მოგერიებაში? - როგორც თავად მწვრთნელმა თქვა, ბოლომდე ენდო კარიცოს, რომელმაც მთელი 120 წუთი დიდებულად ჩაატარა. მართლაც ფანტასტიკური მატჩი გამოვიდა, უმაღლესი ტემპით, ბევრი სახიფათო მომენტით და დიდი ინტრიგით.
მატჩის შემდეგ
რობერტო მანჩინი (ინტერი): "ეს იყო დიდებული მატჩი, რომელიც დიდხანს არ დამავიწყდება. მინდა, მადლობა გადავუხადო შეგირდებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ფინალში გასასვლელად და ამას იმსახურებდნენ. არც პირველ შეხვედრაში ვიმსახურებდით სამი ბურთის სხვაობით წაგებას, მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელიც ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. "იუვენტუსს" შანსი არ დავუტოვეთ, უპირობოდ დავამარცხეთ, თერთმეტმეტრიანებში კი ბედმაც უნდა გაგიღიმოს. იმედია, ეს თამაში დიდი წარმატების საწინდარი გახდება".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ვიცოდი, რომ "ინტერი" პრობლემებს შეგვიქმნიდა, მაგრამ ასეთ რთულ თამაშს მაინც არ ველოდი. უნდა შევაქოთ მეტოქე, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. 70 წუთის განმავლობაში, ფეხბურთი საერთოდ არ გვითამაშია, შემდეგ კი გამოვცოცხლდით და ჩვენც შეგვეძლო გატანა. 3:0-ის მოგება გუნდზე ცუდად მოქმედებს და დაახლოებით ასეთი რამ "მილანში" მუშაობის დროს დამემართა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალს" დიდი ანგარიშით ვძლიოთ და შემდეგ ეს ფორა კინაღამ გავანიავეთ. დიდ გუნდს ასეთი რამ არ ეპატიება და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული