ფრანჩესკო ტოტი: საკუთარი თავი კაბინეტში ჯერ ვერ წარმომიდგენია

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოტი 39 წლისაა, თუმცა ფეხბურთის თამაშს ვერ ეშვება და სურს, რომ "რომაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩეს. ამის შესახებ "ჯალოროსის" პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ განაცხადა:

"ტოტისთან დაკავშირებით მეტად დელიკატური ვითარებაა და ვცდილობ, რომ ოპტიმალურ გამოსავალს მივაგნო. არ დავმალავ, რომ მსურს ფრანჩესკო კლუბის დირექტორთა საბჭოში ვიხილო და ვურჩიე კიდეც კარიერის დასრულება, მაგრამ მას თამაში სურს და მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს.

ტოტი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საკითხი უმტკივნეულოდ გადაწყდეს. უახლოეს დღეებში, ტოტისთან კიდევ ერთი შეხვედრა
მექნება, რომელსაც შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიც დაესწროს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტი ფენომენალური ფეხბურთელია და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა ჩემს ინტერესებში არ შედის, თუმცა არის გარკვეული პირობები, რომელიც თვითონაც უნდა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავუხანგრძლივოთ ხელშეკრულება კაპიტანს, მაგრამ თუ ვის რამდენი დრო მიეცემა სათამაშოდ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის კომპეტენციაში ვერავინ ჩაერევა".

ტოტი და პირლო ერთად?
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტოტის ამერიკული ვარიანტი გამოუჩნდა და არაა გამორიცხული, ზაფხულში სწორედ შტატებს მიაშუროს. პალოტას სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ თუ ტოტი თავისას არ დაიშლის და ფეხბურთში კიდევ ერთი სეზონით დარჩება, ის მიიღებს ახალ კონტრაქტს "რომასგან", მაგრამ იქვე ეტყვიან, რომ დროის უდიდესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე უნდა გაატაროს.

ეს რეალობა ტოტის არ მოსწონს და ერთხელ უკვე ატეხა ბუნტი - ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ამერიკული ვარიანტი საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, ლაპარაკია "ნიუ იორკ სიტიზე", სადაც ფრანჩესკოს ძველი მეგობარი, ანდრეა პირლო ირჯება.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი თავად ტოტიმ გააკეთა: "ჩემი სურვილი კარიერის რომში დასრულებაა, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და სჯობს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ვგრძნობ, რომ თამაში ჯერ კიდევ შემიძლია და მსურს, ეს გულშემატკივრებსაც დავანახო.

სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე, საკუთარი თავი კაბინეტში ვერ წარმომიდგენია და ამიტომ, კლუბის მესვეურთა შემოთავაზება დირექტორთა საბჭოში გაწევრიანების შესახებ, ნაკლებად მიმზიდველი მეჩვენა. რაც შეეხება ამერიკულ ვარიანტს, ამაზე მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრებ, თუ "რომას" პრეზუდენტთან ვერ შევთანხმდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული