"ლაციოს" ულტრასები გუნდს ბოიკოტს უცხადებენ

AutoSharing Option
3 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურის ეგიდით, რომაული დერბი შედგება, რომელიც აქედანვე იწვევს დიდ ინტერესს. გამომდინარე იქიდან, რომ "დერბი დელა კაპიტალეს" დროს გულშემატკივრებს შორის ხშირია შეტაკებები, უკვე წლებია, რაც "ლეგა კალჩო" ამ მატჩზე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ნორმებს იცავს.

მაგალითად, სხვა დიდი მატჩებისგან განსხვავებით, რომაული დერბი არა გვიან საღამოს, არამედ შუადღეს ინიშნება, რადგან დღისით, მზისით ვითარების კონტროლი გაცილებით მარტივია. ამასთან, გაყიდვაში მხოლოდ 55 000 ბილეთი გადის და ეს მაშინ, როდესაც "სტადიო ოლიმპიკოზე" 70 000 ადამიანი ეტევა.

საქმე იმაშია, რომ სამართალდამცველები გულშემატკივრებს შორის
ცარიელი სკამების რამდენიმე რიგს ტოვებენ და ამ ფორმით, კიდევ უფრო ამკაცრებენ უსაფრთხოების ნორმებს.

ასეთი რამ მხოლოდ "დერბი დელა კაპიტალეს" დროს ხდება, რის გამოც რომაელები ძალიან განაწყენდნენ და გასულ სეზონში, ერთ-ერთ მატჩს ბოიკოტი გამოუცხადეს. როგორც იტალიური სპორტული პრესა იუწყება, ულტრასები ისევ აპირებენ რომაული დერბის ბოიკოტირებას და მატჩი ისევ მათ გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ მოკლე კომენტარი "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა:

"ძალიან საწყენია ქომაგთა ასეთი გადაწყვეტილება, რადგან რომაული დერბი ულტრასების გარეშე უსიამოვნო სანახავია. ამასთან, ჩვენ ქომაგობა გვჭირდება და მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ გუნდს გვერდში დაუდგნენ. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ეს ჩემი კომპეტენციიდან გადის, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ გაუგებრობას ბოლო მოეღოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული