"მილანი": ბროკი სეზონის ბოლომდე თუ დიდი ხნით?

AutoSharing Option
"მილანმა" უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში კრისტიან ბროკის თავკაცობით, გუნდის ისტორიაში კი ახალი ეტაპი დაიწყო. იტალიური სპორტული პრესის ცნობით, 40 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, მაგრამ ჩემპიონატის წარმატებით ჩამთავრებისა და იტალიის თასის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა კრისტიანს ხელშეკრულება გაუხანგრძლივონ.

"გაძეტა დელო სპორტი" იმასაც წერს, რომ სილვიო ბერლუსკონის აქედანვე სურდა ბროკისთვის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებმა და მათ შორის, ადრიანო გალიანიმ ამ განზრახვაზე ხელი ააღებინეს. თვითონ ბროკი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ეს მისი პირადი აგენტის სიტყვებით დასტურდება:

"კრისტიანს სილვიო ბერლუსკონი
დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, სადაც მას "მილანის" მწვრთნელობა შესთავაზა. რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ამ შეთავაზებაზე უარს? - რა თქმა უნდა, კრისტიანი დათანხმდა და ახალ საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა. ვფიქრობ, რომ ბროკი ბევრი წლის განმავლობაში იქნება "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ხელშეკრულების გახანგრძლივება კი დროის ამბავია".

ამასობაში, პრესას სილვიო ბერლუსკონიც გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"მინდა მადლობა გადავუხადო სინიშა მიხაილოვიჩს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან მას თავი არ დაუზოგავს და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. თუმცა, "მილანი" უკეთ უნდა თამაშობდეს და ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილნი იმით, რომ სატურნირო ცხრილში "მილანი" მეექვსე ადგილზეა და კარგ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მოვიპოვებთ. ბროკი არის არჩევანი, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოვემზადოთ უკეთესი მომავლისთვის. იმედი მაქვს, რომ ევროარენაზე დავბრუნდებით, შემდეგ კი ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს სახელოვან ისტორიას შეეფერება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანი წვალობს.არ ვიცი ბროკის შესაძლებლობები, მაგრამ ცდად ღირს.
gigo
14:48 14-04-2016
0
გამოჩურჩუტდა სულ ეს საცოდავი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული