ბრაზილიელი, რომელიც „სკუადრა აძურას“ მართლა სჭირდება

AutoSharing Option

სანამ „სკუადრა აძურას“ ჩეზარე პრანდელი ჩაიბარებდა, არაიტალიელი ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში მთლად ტაბუდადებული თემა არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთებს ვერ ნახავდით. შესაძლოა, არც პრანდელის გამოეჩინა ამ „დაუწერელი კანონის“ შეცვლის ინიციატივა, რომ არა „აძურის“ სამარცხვინო ასპარეზობა 2010 წლის მუნდიალზე, როცა მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპსაც კი ვერ გასცდა.

 

ერთ-ერთი უპირველესი, რაც პრანდელიმ მარჩელო ლიპის პოსტის დაკავების შემდეგ გააკეთა, მარიო ბალოტელის ნაკრებში გამოძახება იყო. ბალოტელიზე მხოლოდ ნაცისტურად განწყობილი იტალიელი თუ იტყვის, ეგ ჩვენებური არააო, რადგან მარიოს იტალიური პასპორტის გარდა, იტალიური გვარიც აქვს, მაგრამ მაინც:

პრანდელიმ ამ ნაბიჯით ნიადაგი მოსინჯა.

 

მერე იყო ბრაზილიელი კარვალიო ამაურის „სკუადრა აძურაში“ ხმობა და „ლაციოს“ არგენტინელი საყრდენის, კრისტიან ლედესმას გაიტალიელება. ახლა კი, იტალიის ნაკრებში უკვე ტიაგო მოტაც თამაშობს - წარმოშობით ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველის დებიუტი „სკუადრა აძურაში“ გუშინ, ფეხბურთელისთვის 28 წლის ასაკში შედგა.

გადავწყვიტეთ, მოტა უფრო ახლოს გაგაცნოთ.


ორშაბათს ტიაგო მოტას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე იყო. დილას, თანაკლუბელებთან, ჯამპაოლო პაცინისთან და ანდრეა რანოკიასთან ერთად, იტალიის ნაკრების ბაზისკენ, კოვერჩანოსკენ აიღო გეზი. მართალია, მოტა ბავშვი აღარ არის, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთი აქამდე მისთვის უცხო ხილი იყო და ამიტომაც ამბობს, ნაკრების ბაზისკენ მიმავალს, გული ამიჩქარდა, ეს სულ სხვანაირი განცდა იყოო.

„ვერ ვიტყვი, რომ იტალიის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. უბრალოდ, არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან მხოლოდ „ინტერი“, ანაც იტალიის ნაკრებიც, - ამბობს მოტა „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - იტალიის ნაკრებში თამაში იმიტომ კი არ მინდა, რომ ბრაზილიაზე შური ვიძიო, არამედ იმის გამო, რომ ყოველთვის მსურდა სანაკრებო ფეხბურთში თამაში. რაც თავი მახსოვს, ყველა მეუბნება, რომ ნაკრები სულ სხვა რამაა. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ვიცნობ, ყოველთვის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა და შესაბამისად, მეც მინდოდა იმ გრძნობის გამოცდა, რასაც ნაკრებში თამაში ჰქვია.“

მოტა ოდნავადაც არ ღელავს იმის გამო, რომ პრანდელის გადაწყვეტილებებს, „აძურიში“ არაიტალიელები გამოეძახა, ყველა იტალიელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ამაური, ლედესმა, ახლა უკვე მოტაც - ეს ამბები „ტიფოზების“ გარკვეულ ნაწილს სულაც არ მოსწონს, მაგრამ პრანდელი უკან დახევას არ აპირებს.

„პირადად მე მეამაყება, რომ ფეხბურთელს, რომელიც იტალიაში არ დაბადებულა, იტალიის ნაკრებში თამაში უნდა და ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერ იტალიელს უნდა ეამაყებოდეს. მე ნაკრებში მხოლოდ ისეთებს ვიძახებ, ვინც მართლა იმსახურებს „სკუადრა აძურაში“ თამაშს. მე თვითონ უდიდესი პატრიოტი ვარ და სანამ მწვრთნელი ვარ, არასდროს დავუშვებ იმას, რომ ჩვენს ნაკრებში ითამაშოს ისეთმა ფეხბურთელმა, რომელიც იტალიას და იტალიელებს პატივს არ სცემს, ან რომლის თამაშის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ფეხბურთის თამაშის იტალიური სტილისგან. დააკვირდით, იტალიაში უმეტესად სწორედ ამაურის სტილის თავდამსხმელები, ლედესმასა და მოტას სტილის საყრდენები თამაშობენ,“ - აცხადებს ჩეზარე.

სპორტული თვალსაზრისით მოტას იტალიელების დახმარება მართლაც შეუძლია და ორი აზრი არ არსებობს, რომ „სკუადრა აძურას“ ამაურიზე და ლედესმაზე მეტად გამოადგება. ტიაგომ მუხლის სერიოზული ტრავმა ნოემბერში სრულად მოიშუშა და მას მერე მუდმივად, თანაც, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ნოემბრის მერე მან სერია A-ში ოთხი გოლის გატანა და სამი საგოლე პასის გაკეთება შეძლო, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უპირველესი ამოცანა ყოველთვის მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლაა, მოტა საკმაოდ ხშირად ერთვება შეტევებში და ეძებს მეტოქის კარისგან გათავისუფლებულ გზებს. ამაში მას საკმაოდ კარგი ტექნიკა და ის ფაქტიც ეხმარება, რომ ადრე ფუტზალს თამაშობდა.

„14 წლამდე ფუტზალელი ვიყავი და ეს დიდი ფეხბურთის თამაშის ჩემეულ სტილს დღემდე მაგრად ეტყობა,“ - აცხადებს მოტა და მართლაც: მისი „სავიზიტო ბარათები“ ბურთთან მუდმივი კონტაქტი, მოკლე პასები, ასევე პასის მიცემა და მაშინვე გახსნაა.

როცა პრანდელიმ მას ნაკრებში უხმო, იტალიელმა ექსპერტებმა უდიდესი დისკუსია გააჩაღეს და უმრავლესობა ამბობდა, ჩეზარემ ტიაგოს იმიტომ დაუძახა, რომ ანდრეა პირლო ჰყავს ტრავმირებულიო. პრანდელი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს: „ტიაგო მოტას მაშინაც ვაკვირდებოდი, როცა პირლო ჯანმრთელი იყო. მართალია, იტალიის ნაკრებს ნახევარდაცვაში ყველაზე ნაკლებად უჭირს, მაგრამ მინდა, რომ შუა ხაზშიც დიდი კონკურენცია მქონდეს, რადგან დღევანდელ ფეხბურთში თამაშებს მეტწილად სწორედ ძლიერი ნახევარდაცვა იგებს. თანაც, მოტა უნივერსალია და ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.“

არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ტიაგო მოტას საფეხბურთო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დამდგარი. მენისკი, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა და მუდმივი, გაურკვეველი ტკივილები მუხლში - 28 წლის საყრდენს ეს ყველაფერი ერთად დაატყდა თავს და ექიმების ნაწილი კარიერის ნაადრევად დასრულებას ურჩევდა. მერე კი ისიც ცნობილ ამერიკელ ექიმს, რიჩარდ სტიდმანს ესტუმრა და ისევე, როგორც სხვა არაერთ ფეხბურთელს, მოტასაც ამ უკანასკნელმა უშველა.

თუმცა დიდხანს მაინც გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა მოტა დიდ ფეხბურთში დაბრუნებას. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გაუწყვიტა მას კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკომ“ 2008 წლის ზაფხულში და წესით მოტასთვის ახალი გუნდის პოვნა იოლი არ უნდა ყოფილიყო. ტრავმებით გატანჯული საყრდენის აყვანა იტალიურმა „ჯენოამ“ გარისკა და რისკმა ასი პროცენტით გაამართლა. თუმცა თვითონ ფეხბურთელმაც მაგრად მოინდომა - ვარჯიშებზე ყოველთვის პირველი მიდიოდა და ბაზას ბოლო ტოვებდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მოტამ „ჯენოასთან“ ერთად კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. შედეგიც სახეზე იყო: „ჯენოა“ მეხუთე ადგილზე გავიდა, მოტა კი თანაკლუბელ დიეგო მილიტოსთან ერთად მილანის „ინტერში“ გადავიდა და თავიდან ცხადია, ვერ წარმოიდგენდა, რომ „ნერაძურიში“ ნამდვილი ზღაპარი ელოდა.

ერთი წლის შემდეგ ტიაგომ მოტამ „ინტერთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლება და იმ სეზონში მხოლოდ ერთი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა - „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მოედნიდან გააძევეს. ეს მაინცდამაიმც „ნოუ კამპზე“ მოხდა - იქ, სადაც მისი კარიერა დაიწყო.

მოტა „ბარსაში“ ექვსი წლის მანძილზე, 2001-დან 2007 წლამდე თამაშობდა, უფრო ადრე კი, „ბარსელონას“ მეორე გუნდში ორი სეზონი ჰქონდა გატარებული. ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი „ბარსას“ ჰოლანდიელი საყრდენი ფილიპ კოკუ იყო - მეორე ასეთი სრულყოფილი საყრდენი ნახევარმცველი არ არსებულაო. მოტას დებიუტი „ბარსელონაში“ ლუის ვან გაალის ხელში შედგა, 2004 წლიდან კი ტრავმები დასჩემდა, რის გამოც, „ჯენოამდე“ ფეხბურთი წესიერად აღარ უთამაშია.

„მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაც ჰქონდა მოგებული, „ჯენოა“ „ბარსასთან“ შედარებით ძალიან მოკრძალებული კლუბია, როცა ჩვენთან გადმოვიდა, ქედმაღლობა ოდნავადაც არ დასტყობია. მოედანს მიღმა ისე იქცეოდა, თითქოს ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი იყო, მოედანზე კი ნამდვილი ლიდერი გახლდათ. გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ ყველანი მას ვუყურებდით, პასებს ყოველთვის მას ვაძლევდით,“ - ეს ტიაგო მოტას ჯენოელი თანაგუნდელის, ფორვარდ რაფაელე პალადინოს სიტყვებია.

დღეს ტიაგო მოტას ჩემპიონთა ლიგა უკვე ორჯერ აქვს მოგებული და ახლა იტალიის ნაკრების წევრიცაა. ეს კი მისთვის უკვე დიდი ტრიუმფია. მიუხედავად ამისა, ტიაგო მოტა ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ფეხბურთელად დარჩა. ფაქტია, მას ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი საიმისოდ, რომ იტალიის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული