დარბაზში ერთმანეთის გვერდიგვერდ იჯდა 6 სახელგანთქმული ადამიანი. ექვსიდან სამი - არიგო საკი, პიერლუიჯი კოლინა და ადრიანო გალიანი - მოგეხსენებათ, მელოტ-გადაპარსულები ბრძანდებიან, ჰოდა, როგორც ჩანს, ამ დამთხვევის გამო თავადაც კარგად ხალისობდნენ.
ამ საყოველთაო მხიარულების ფონზე კი თვალს ორი ადამიანის, მარჩელო ლიპისა და რობერტო
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელისა და ფეხბურთელის (თუმცა, ფეხბურთელთან მიმართებაში სიტყვა "ერთ-ერთი" შეიძლება არც იყოს საჭირო) შუღლის ამბავი "კალჩოს" სამყაროში ყველამ ყოველთვის კარგად იცოდა. ეს ნამდვილად არ იყო მწვრთნელის და მოთამაშის ჩვეულებრივი კონფლიქტი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვხვდება. ეს იყო და არის სიძულვილი...
სიძულვილის ისტორია 1994 წლის ზაფხულიდან დაიწყო. გახსოვთ, შავი დღე ბაჯოს კარიერაში? მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიაში, მას სიზუსტემ უმტყუნა. ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები გახდა.
"განტევების ვაცი სჭირდებოდათ და მომაგნეს", - თქვა მაშინ "ღვთაებრივმა ცხენისკუდამ" იტალიურ მასმედიაზე.
მართლაც, ქვეყნის პრესა-ტელევიზიას უსინდისოდ დაავიწყდა, რომ ფინალში მათი, მოგვიტევეთ და, ბაჯოს გარეშე ერთი კარგად გაწვრთნილი, მაგრამ უნაპერწკლო გუნდი, პირადად დიდმა "ათიანმა" გაიყვანა. ბაჯოს თამაში 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღემდე მიჩნეულია დიეგო მარადონას 1986 წლის ვირტუოზული გამოსვლის შემდეგ ყველაზე დიდ "ერთი კაცის შოუდ".
მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ვინმეს უნდა შეახოცო ხელი?..
მაშინ ბაჯო და ლიპი ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ. ლიპი სწორედ იმ ზაფხულს გადავიდა "იუვეში" "ნაპოლიდან" და გულშემატკივარს აღუთქვა, რომ "იუვენტუსს" ბაჯოზე ნაკლებად დამოკიდებულ გუნდად აქცევდა...
ლიპის გაუმართლა. ჯერ ერთი, იმ პენალტის გამო ბაჯო ცუდ ფორმაში იყო. შემდეგ იყო და, "პადოვასთან" საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი კი გაიტანა, მაგრამ დარტყმის დროს ისე იტკინა ფეხი, რომ იმ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მატჩი გამოტოვა.
ბაჯოს ტრავმამ ალესანდრო დელ პიეროს აღზევებას შეუწყო ხელი - ნიჭიერმა "პინტურიკიომ" შანსი ხელიდან არ გაუშვა და დიდი როლი ითამაშა "იუვეს" ჩემპიონობაში - "ბებერმა ქალბატონმა" 9 წლის მონატრებული სკუდეტო მოიგო. დელ პიეროს დიდი დამსახურება გახლდათ ისიც, რომ იტალიის თასზე "იუვემ" "პარმას" სძლია, თუმცა იმავე მეტოქესთან უეფას თასზე დამარცხდა.
მაგრამ ისეც ნუ იფიქრებთ, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრიდან მოულოდნელად მოსული მზეჭაბუკის დამსახურება იყო. სეზონის მიწურულს ბაჯოც გამოჯანმრთელდა და საუკეთესო თუ არა, თითქმის საუკეთესო ფორმაში შევიდა.
ოღონდ, ეგ იყო, რომ ტრავმამ, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და ასპარეზზე დელ პიეროს გამოსვლამ არა მხოლოდ ლიპის, არამედ "იუვენტუსის" დირექტორთა ცნობილ "ტრიადას" - ლუჩანო მოჯის, რობერტო ბეტეგასა და ანტონიო ჯირაუდოსაც - აფიქრებინა, რომ სწორედ ახლა ეძლეოდათ ერთი ვარსკვლავის მეორით ჩანაცვლების შესანიშნავი შანსი.
დასრულდა თუ არა სეზონი, ბაჯოს გამოუცხადეს, რომ ჯერ ერთი, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ვეღარ ექნებოდა, და მეორეც - ფინანსური პრობლემების გამო ხელფასს შეუმცირებდნენ. და ამას ეუბნებოდნენ 1993 წლის "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" მფლობელს!
ჯერაც 28 წლის ბაჯომ თავისი ფასი, რასაკვირველია, კარგად იცოდა და "იუვენტუსს" დაემშვიდობა.
* * *
სილვიო ბერლუსკონიმ ბაჯო "მილანში" წაიყვანა, თუმცა "ღვთაებრივი ცხენისკუდას" ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. "მილანში" გადავიდა თუ არა, სკუდეტო მოიგო, მაგრამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი არ ყოფილა. შემდეგ ფაბიო კაპელო ოსკარ ტაბარესმა შეცვალა, მაგრამ ურუგვაელი შუა სეზონში გაუშვეს. მომდევნო სეზონში კი დაბრუნდა არიგო საკი, რომელიც იმ საბედისწერო პენალტის შემდეგ ბაჯოს ნაკრებში აღარ იწვევდა. შედეგად, 1996-97 წლების სეზონში რობიმ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ წვალობდა საკი და როგორ გავიდა მის ხელში "მილანი" მე-11 ადგილზე.ლიპის კი, პირიქით, საუცხოო დროება ედგა - 1996 წელს "იუვემ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო; დაიბრუნა დაკარგული სკუდეტო და შემდეგ ის მეორედაც მოიგო; ამ ორ სეზონში გუნდი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და, რაც ჩვენი წერილისთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელს დელ პიერომ გაუმართლა - თავდამსხმელად იქცა და მცველებს შიშის ზარს სცემდა.
ბაჯოს კი იწვევდნენ და იწვევდნენ უცხოური კლუბები. 1997 წლის ზაფხულში არ წყდებოდა ზარი ალექს ფერგიუსონისგან, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ კანტონას შემცვლელს ეძებდა. აქტიურობდა "ბარსელონაც", მაგრამ ბაჯომ კარგად იცოდა, რომ უცხოეთში წასვლა "სკუადრა აძურასკენ" მიმავალი გზის გადაკეტვას ნიშნავდა. არადა, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა.
საბოლოოდ, ის "ბოლონიაში" აღმოჩნდა, სადაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა და, ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრა. ბაჯომ მუნდიალზეც გამოიჩინა თავი, რისი წყალობითაც "ინტერთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი...
* * *
1998-99 წლების სეზონი ბაჯოს "ინტერმაც" ჩააფლავა და ლიპის "იუვენტუსმაც" - მეშვიდე და მერვე ადგილებზე გავიდნენ. შედეგად, ლიპი ტურინიდან წავიდა და... "ინტერს" ჩაუდგა სათავეში. პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა "ნერაძურის" პრეზიდენტ მასიმო მორატის სთხოვა, კრისტიან ვიერის ყიდვა გახლდათ. ლიპის ვიერი ადრე "იუვეში" ჰყავდა და კლუბის დირექტორებმა მადრიდის "ატლეტიკოში" რომ გაუყიდეს, გაბრაზდა. მორატიმ ფული არ დაინანა და ერთად შეჰყარა რონალდო, ბაჯო, ვიერი, სამორანო და რეკობა.
ბაჯო ჰყვება, რომ მწვრთნელს სეზონის დაწყებამდე შეხვდა: "მე მისთვის განსაკუთრებული მოპყრობა არ მითხოვია. ვთხოვე, სხვებს რა შანსსაც მისცემ, მეც ის მომეცი-მეთქი", - იხსენებს "ცხენისკუდა".
ლიპი დაჰპირდა, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ბოლო პერიოდში "ინტერში" დიდი ინტრიგები იხლართებოდა, რაც ლიპის კარგად მოეხსენებოდა. 1998-99 წლებში ამ ინტრიგათა გამო მორატიმ ერთიმეორის მიყოლებით ოთხი თავკაცი გამოუცვალა გუნდს. შესაბამისად, ახალ მწვრთნელს სჭირდებოდა, დაწვრილებით სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან, ვინ რას ამბობდა და ვინ რას გეგმავდა.
2001 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში, რომელსაც "გოლი ცაში" ჰქვია, ბაჯო წერს, რომ ლიპიმ მას გუნდში ჯაშუშობა სთხოვა.
"მისმინე, ბატონო ჩემო, მზად ვარ, ყველაფერში დაგეხმარო, მაგრამ ენის მოტანას ნუ მთხოვ", - უპასუხა ბაჯომ.
"შენ ვერ გამიგე. მე ჯაშუშობას არ გთხოვ", - სცადა ლიპიმ მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. და ბაჯოს სწამს, რომ მწვრთნელმა ის სწორედ ამ დღეს შეიძულა.
ამ ლაპარაკიდან რამდენიმე დღეში, ვარჯიშზე, ბაჯომ გენიალური 40-მეტრიანი პასი ჩააწოდა ვიერის, რომელმაც გოლი გაიტანა. აღფრთოვანებულმა თავდამსხმელმა და კრისტიან პანუჩიმ "ღვთაებრივ ცხენისკუდას" ტაში დაუკრეს. და უცებ:
"ეი, ვიერი და პანუჩი, რა ჯანდაბას (უფრო უხეშად) აკეთებთ?! აქ სამუშაოდ ვართ მოსულები, ტაშის საკვრელად კი არა. ჩემს გუნდში ტაშს ვერავინ ვერავის დაუკრავს და ეს სინიორ ბაჯოსაც ეხება!" - იღრიალა მწვრთნელმა.
"უნდა გესმინათ, რა შხამიანად წარმოთქვა ეს სიტყვები, - წერს ბაჯო. - ჭკუიდან იყო გადასული".
სეზონი რომ დაიწყო, ბაჯო ან ტრიბუნაზე იჯდა, ან სათადარიგოთა სკამზე. საშობაო არდადეგებამდე მოედანზე მხოლოდ 111 წუთი გაატარა. "რას ერჩი? შანსს მოგცემო და მაძლევს", - მწარედ ხუმრობდა ფეხბურთელი, ლიპი კი ყველაფერს მის ცუდ ფიზიკურ ფორმას აბრალებდა.
ბაჯოს ირონიულმა კომენტარებმა მწვრთნელი, როგორც ჩანს, მთლად გაახელა. ერთხელ მან მოედანზე მთელი გუნდი შეჰყარა და რობის ყველას გასაგონად გამოუცხადა, რომ ის "ინტერის" დონის ფეხბურთს ვეღარ თამაშობდა.
კოლუმბიელი მცველი ივან კორდობა: "მე კი ვეუბნებოდი რობერტოს, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ათამაშებდნენ. ვარჯიშებზე ის ბრწყინვალე იყო".
ერთხელ აპიანო ჯენტილეში, სადაც "ინტერის" ბაზააა, სასადილოში ბაჯომ ოფიციანტს სალათისთვის პეპერონის (ძეხვის ერთი-ორი ნაჭრის) დამატება სთხოვა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა.
"უკაცრავად, მაგრამ გუნდის მთავარი ექიმის ნებართვის გარეშე ძეხვს ვერ მოგცემთ", - უპასუხა მიმტანმა. ბაჯო დაეჭვდა და მყისვე გაიქცა დოქტორ ვოლპისთან, რომელმაც ეჭვი დაუდასტურა - ამიერიდან, პირადად ლიპის ნებართვის გარეშე ერთ კერძსაც აღარ მოგცემენო...
* * *
საბოლოოდ, "ინტერმა" ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ბაჯოს გაყიდვა უნდოდა. რიგში ჩადგნენ "ლივერპული", "არსენალი", "რეინჯერსი", "ტოტენჰემი" და "გალათასარაი", მაგრამ ფეხბურთელმა სადმე გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მიზეზი ორი იყო - მას ლიპის გატეხა უნდოდა და, რაც მთავარია, ახლოვდებოდა ევრო 2000, რობერტოსთვის კი "სკუადრა აძურაში" თამაში ძალიან ბევრს ნიშნავდა. "თუმცა, რად გინდა, შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხვდები, თუ გუნდში რაიმე ეპიდემია დაიწყება", - ამბობდა ენამოსწრებული ვარსკვლავი. და ეპიდემიამ არ დაახანა - რონალდო სერიოზულად დაშავდა, სამკურნალო შეიქნა სამორანოც, ვიერის კი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მაგრამ ლიპის ისე სძულდა ბაჯო, რომ 23 იანვარს, "ვერონასთან", რეკობას სულ ორიოდ კვირის ნაყიდი ადრიან მუტუ შეუწყვილა.
"ვერონამ" ძლიერად დაიწყო თამაში და დაწინაურდა. "ინტერს", კი, რომელიც, ცხადია, სადღაც ლიდერებში ტრიალებდა, ძალიან სჭირდებოდა გამარჯვება. ლიპის სხვა გზა აღარ ჰქონდა, "ღვთაებრივი ცხენისკუდა" მოედანზე ხავიერ ძანეტის ნაცვლად შეიყვანა და... ჯერ რეკობამ შეაგდო ბაჯოს პასით, ხოლო მერე ბაჯომ - რეკობას პასით.
"ბაჯო! ეს ზღაპარს ჰგავს", - წერდა მეორე დღეს "გაძეტა დელო სპორტი".
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბაჯომ ჟურნალისტებს უთხრა: "მაღიზიანებს, როცა წერთ, თითქოს ფიზიკურად არ ვარ მზად და ამიტომ არ ვთამაშობ. ეს თქვენი მხრიდან ტყუილის ლაჩრული გამართლებაა".
"რომასთან" მომდევნო შეხვედრაში ბაჯომ ჯერ ვიერის გაატანინა, შემდეგ კი თვითონ შეაგდო. შემდეგ "ინტერმა" "მილანსაც" მოუგო, ცხრილში მესამეზე გადავიდა, "იუვეს" კვალში ჩაუდგა და...
ლიპიმ რობერტო სკამზე დააბრუნა. შედეგად, "ნერაძურიმ" ზედიზედ ექვს შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ცხადია, დაემშვიდობა.
* * *
სეზონის ბოლო ოთხ შეხვედრაში "ინტერს" ისევ ეპიდემიამ შეუტია. შესაბამისად, ბაჯო კვლავ გამოჩნდა ძირითადში, მერე კი... ჰოლივუდის ფილმები ხომ გინახავთ? დადებითი და უარყოფითი გმირების ბოლო ჩხუბის ამბავიც ხომ საუცხოოდ მოგეხსენებათ? ჰოდა, ზუსტად ასეთი გახლდათ "ბოლო სცენა" ბაჯოსა და ლიპის მონაწილეობითაც, თუმცა, მათ შორის ვინ დადებითია და ვინ - უარყოფითი, ეს ყველამ თქვენთვის გადაწყვიტეთ. ჩვენი საქმე ამბის მოყოლაა, ამბავი კი ასეთი გახლავთ: "ინტერმა" და "პარმამ" ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს. იმის გასარკვევად, რომელი მათგანი უნდა გასულიყო მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, ვერონაში დამატებითი მატჩი დაინიშნა.
მატჩის წინ ბაჯოს მორატი ელაპარაკა, კონტრაქტის განახლებაზე ჩამოუგდო სიტყვა. ფეხბურთელმა შორს დაიჭირა. იქ, სადაც ლიპია, მე არ ვითამაშებ - ასეთი იყო მისი პასუხი, რაზეც მორატიმ მიუგო, თუ "პარმასთან" წავაგებთ, ლიპის სამსახურიდან გავუშვებო...
შემდეგ კი გაიმართა კიდევ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა მართლაც ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული "ცხენისკუდას" მონაწილეობით. აღწერას აზრი არ აქვს, ყველაფერი youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ინტერმა" 3:1 მოიგო, ბაჯომ კი ორი გოლი გაიტანა და... ლიპის სამსახური შეუნარჩუნა.
* * *
მარჩელო ლიპი: "კარიერის მანძილზე ბევრ დიდ ფეხბურთელთან მიმუშავია. მე მათ გუნდის შექმნაში დახმარებას ვთხოვდი. განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდათ ჯანლუკა ვიალისა და ანჯელო პერუცის, ჩირო ფერარასა და დიდიე დეშამს, ლორან ბლანსა და კრისტიან ვიერის. ბაჯოს დახმარება კი არასდროს დამჭირვებია, რადგან ის ამ დონის ფეხბურთელად არ მიმაჩნდა".რობერტო ბაჯო: "რატომ მეპყრობოდნენ ასე? ალბათ, შურდათ, რადგან მე მოწინააღმდეგის გულშემატკივრებსაც კი ვუყვარდი. მოედანზე რომ გავდიოდი, მთავარი გმირი ვხდებოდი, არადა, დღევანდელი ფეხბურთი მწვრთნელების, მათი სქემების და მათი ნარცისიზმისაა".
ილია ბაბუნაშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
და რა გასაკვირია ლიპის სხვა აზრი ქონოდა ბაჯოზე.
ბაჯო სახალხო ფეხბურთელი იყო, ეგეთები არც ისე ბევრი ყოფილა ამ გენიალური თამაშის ისტორიაში