სერია A. XXXV ტური: ზედიზედ მეხუთე სკუდეტო [VIDEO]

AutoSharing Option
* "რომამ" "ნაპოლი" დაამარცხა და ამით ტურინის "იუვენტუსი" მიუწვდომელი გახდა.

"ნაპოლიმ" რომში წააგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე "იუვენტუსმა" მორიგი სკუდეტო მოიპოვა.

ტურინული გრანდი ზედიზედ 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ეს კი რეკორდის გამეორებაა - სწორედ "ვეკია სენიორამ", 1930-35 წლებში ჩემპიონატი მიჯრით 5-ჯერ მოიგო. სულ "იუვენტუსის" ანგარიშზე 32 საჩემპიონო ტიტულია, თუმცა თვითონ პიემონტელები მიიჩნევენ, რომ 34-გზის ჩემპიონები არიან. გემახსოვრებათ, კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ "იუვენტუსს" 2 სკუდეტო ჩამოართვეს.

"იუვე" ჩემპიონია, სერია A-ს დარჩენილი 3
თამაში კი ფორმალობა - მომდევნო ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდი "კარპის" მიიღებს, ტურინში კი დიდი ფიესტა მოეწყობა. "იუვე" ჩემპიონია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო. იტალიაში "იუვე" პირველია და, როგორც ალეგრი აცხადებს, ჩემპიონთა ლიგის დროა...

იქამდე...
სერია A-ს 35-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც "ფიორენტინამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა - 1:2.

მოკლედ, ტურინულმა გრანდმა მორიგი შეხვედრა მოიგო - 24-ე ბოლო 25 პაექრობაში. შედეგი მართლაც ფანტასტიკურია, დაუჯერებელი.

რომაული მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. "ფიორენტინამ" არაფერი დაუთმო მეტოქეს, რიგ კომპონენტებში სჯობდა კიდეც, თუმცა "იუვემ" საჩემპიონო მენტალიტეტი გამოავლინა და მოიგო ის შეხვედრა, რომელიც თითქოს, არ უნდა მოეგო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "ფიორენტინას" წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს, როდესაც ლაინსმენმა ფედერიკო ბერნარდესკიზე არარსებული თამაშგარე დაინახა.

ცალკე სალაპარაკო თემაა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ნიკოლა კალინიჩმა შეასრულა, თუმცა მისი დარტყმა ჯანლუიჯი ბუფონმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია და შემდეგ არც დამატებაზე მისცა მასპინძლებს გატანის საშუალება. მოკლედ, ბუფონი ფორმაშია და მუდმივად ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ბრძოლა შედგა - "ფიორენტინამაც" და "იუვენტუსმაც" ერთ-ერთ საუკეთესო თამაში აჩვენეს მიმდინარე სეზონში და ეს მატჩის შემდეგ მწვრთნელებმაც აღნიშნეს.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "მეტოქე უნდა შევაქო, რომელმაც უამრავი თავსატეხი გაგვიჩინა. თანაბარი თამაში იყო, რომელიც ნებისმიერი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო. ჯიჯი ბუფონს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქულები არ დავკარგეთ, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც შესანიშნავად გაისარჯნენ. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა იყოს, რადგან საამისოდ უკვე მზად ვართ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. სკუდეტო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დროა, ევროარენაზეც მივაღწიოთ დიდ წარმატებას. როდის გავაფორმებ "იუვენტუსთან" ახალ ხელშეკრულებას? - უახლოეს დღეებში. ტურინში ვრჩები და აქ დიდი გეგმები მაქვს".

პაულო სოუზა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც "იუვენტუსთან" 100%-იან გოლს არ გითვლიან, რთულია კიდევ მოგებაზე ფიქრი და სამი ქულის მოპოვება. ვამაყობ შეგირდებით, რომლებმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენეს და მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ. "იუვე" ძალიან ძლიერია, იმსახურებს იმ ადგილს, რომელიც უკავია, თუმცა ამჯერად, არც ჩვენ ვიყავით ნაკლებნი. "ფიორენტინა" სწორი გზით მიდის, ჩემი მომავალი კი უახლოეს დღეებში, კლუბის მესვეურებთან შეხვედრის დროს გადაწყდება".

კიელინის მორიგი ტრავმა
მიმდინარე სეზონში ჯორჯო კიელინი ტრავმებმა გააწამა. 31 წლის მცველს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 22 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო პერიოდში კი მუდმივად ლაზარეთშია.

კიელინი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა ტრავმა გაუმიზეზდა და ბოლო ინფორმაციით, კიდევ ორი-სამი კვირა მოუწევს უქმად ყოფნა.

მოკლედ, დიდი შანსია, რომ ჯორჯომ მიმდინარე სეზონში ვეღარც ითამაშოს და ევროპის ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკამოკლებული შეხვდეს. მიუხედავად უთამაშებლობისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანტონიო კონტემ კიელინი სანაკრებო განაცხადს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვოს.

"რომამ" ინტრიგა დატოვა
გუშინ 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, 1:0. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე რაჯა ნაინგოლანმა გაიტანა, რომელმაც "რომას" გრძელი და ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა უზადო დარტყმით.

აღსანიშნავია, რომ საგოლე კომბინაციას ფრანჩესკო ტოტიმ დაუდო სათავე, რომელიც 81-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და დარჩენილ 10 წუთში არაერთხელ მოახდინა უმაღლესი კლასის დემონსტრირება. წლებს თავისი მიაქვს და ბუნებრივია, რომ 38 წლის ტოტი მთელი 90 წუთი ვეღარ ითამაშებს, თუმცა რასაც თამაშობს, არათუ არავისზე ნაკლებია, საუკეთესოა მოედანზე და სწორედ ასე იყო "ნაპოლისთან" პაექრობაშიც.

თამაში არცთუ მაღალ ტემპში წარიმართა და მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა ნაინგოლანის დარტყმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ამრიგად, ლუჩანო სპალეტის გუნდმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა "ნაპოლის". შესაბამისად, ბრძოლა მეორე ადგილისთვის გრძელდება, ეს პოზიცია კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXV ტური
რომა-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 ნაინგოლანი (89)
რომა (4-2-3-1): შჩესნი - ფლორენცი (46. მაიკონი), მანოლასი (21. ზუკანოვიჩი), რუდიგერი, დინე - კეიტა, პიანიჩი - სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (81. ტოტი) - პეროტი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (79. დავიდ ლოპესი), ჟორჟინიო (90. გაბიადინი), ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი (75. ინსინიე), იგუაინი
გაფრთხილება: რუდიგერი, პიანიჩი - კულიბალი, გულამი, ჟორჟინიო, მერტენსი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-9 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 40 000

ვერონა-მილანი 2:1
გოლები: 0:1 მენეზი (21), 1:1 პაცინი (72-პენ.), 2:1 სილიგარდი (90)
ვერონა (4-4-1-1): გოლინი - პიზანო, მორასი, ბიანკეტი, ალბერტაცი - ვსზოლეკი (61. ტალები), იონიცა, მარონე, სილიგარდი - რებიჩი (39. რომულო) - პაცინი (77. კეკინი)
მილანი (4-3-1-2): დონარუმა - აბატე, საპატა, რომანიოლი, დე შილიო (34. ანტონელი) - კუცკა, მონტოლივო, მაური (78. ლუის ადრიანო) - ჰონდა - მენეზი, ბაკა
გაფრთხილება: ალბერტაცი - საპატა, მაური
კუთხური: 13-6; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 2-10; კარში დარტყმა: 15-10 (11-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარპი-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 ლაზანია (84)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, რომანიოლი, გალიოლო, პოლი - პაშუტი, ბიანკო, კრიმი (54. ლაზანია), დი გაუდიო (64. დე გუზმანი) - ლოლო - მბაკოგუ (84. მანკოზუ)
ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ძამბელი (88. ბიტანტე), კოსტა, კოშიჩი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი (86. მაკარონე), ბუჩელი (68. კროჩე) - საპონარა - მჭედლიძე, პუჩარელი
გაფრთხილება: ბიანკო, კრიმი, მანკოზუ - ძამბელი, კოშიჩი, პარედესი, მაკარონე
გაძევება: ლოლო (90) - მჭედლიძე (25)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-5 (3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 10 000

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 16 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული