არივედერჩი, ლუკა... უკანასკნელი დიდი იტალიელი ცენტრფორვარდი ფეხბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ ისევ "ლესტერის" ზღაპრულ გამარჯვებაზე ლაპარაკობს და ჯეიმი ვარდის კარიერას კონკიას ამბავს ამსგავსებს, ამ დროს კარიერაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა იტალიელმა ვარსკვლავმა ლუკა ტონიმ, რომელიც რამდენიმე დღეში 39 წლის გახდება და რომლის საფეხბურთო კარიერა არანაკლებ ზღაპრული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

1998 წელს, როდესაც ლუკა საფეხბურთო კლუბ "ლოდიგიანის" სპორტულ დირექტორს უნახავს, კითხვა გასჩენია, იყო თუ არა ეს ბიჭი მაშველი, რადგან ის სიმაღლით და სპორტული აღნაგობით ფეხბურთელს ნაკლებად ჰგავდა.

ფეხბურთელი,
რომელიც 23 წლის ასაკში ჯერ კიდევ სერია C-ში გამოდიდა, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამდენს მიაღწევდა. ტონის რეალური აღმასვლა კი 2003 წლიდან იწყება, როდესაც "ბრეშია" დატოვა (იქ ლეგენდარული რობერტო ბაჯოს მხარდამხარ თამაშობდა) და სერია B-ს იმ დროისთვის საკმაოდ ამბიციურ "პალერმოს" მიაშურა. იქ მან 80 მატჩში 50 გოლის გატანა შეძლო.

ლუკა წარმატების ზენიტში კი 2005-06 წლების სეზონში აღმოჩნდა, როდესაც "ფიორენტინაში" ასპარეზობისას გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 31 გატანილი გოლით, რისთვისაც "ოქროს ბუცი" გადასცეს. იმავე ზაფხულს, გერმანიაში გამართულ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა.

Sportall.Ge

ლუკას წარმატებული გამოსვლა გერმანიაში ამით არ დასრულებულა - 2007 წლიდან მისი კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გაგრძელდა, რომელთან ერთად მან ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გახდა საუკეთესო ბომბარდირი და ამდენჯერვე მოიგო გერმანიის თასი.

...შემდეგ კი იყო "რომა", "ჯენოა", "იუვენტუსი", "ალ ნასრი". მერე უკან "ფიორენტინაში" დაბრუნდა, კარიერის ბოლო წლები კი "ვერონაში" გაატარა, სადაც 3 წელი ითამაშა და ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებულადაც - 95 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

ლუკა ტონიმ უკანასკნელი მატჩის ჩატარება "შინაურ კედლებში" არჩია - ქალაქში, რომელზეც თავის დროზე შექსპირი დიდი რომანტიზმით წერდა. საფეხბურთო რომანტიზმით აღსავსე გამოდგა შეხვედრაც - სერი A-დან უკვე გავარდნილმა "ვერონამ" ლიგის გამარჯვებულ "იუვენტუსს" უმასპინძლა, 2:1 მოუგო, პირველი გოლი კი ტონიმ გაიტანა.

რთულია, არ დაეთანხმო იტალიურ სპორტულ გამოცემა "ლა გაძეტა დელო სპორტს", რომელიც წერს, რომ ფეხბურთიდან ტონის სახით უკანასკნელი დიდი იტალიელი ცენტრფორვარდი წავიდა.

Sportall.Ge

მართლაც, გულშემატკივრისთვისაც ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა დიდი ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ტონის საფეხბურთო კარიერა კი 22 წელს მოიცავს.

როგორც თავად ლუკა ამბობს, სავარაუდოდ, ისევ გააგრძელებს ფეხბურთში მოღვაწეობას, მაგრამ უკვე არა როგორც ფეხბურთელი. იქამდე კი არივედერჩი...

იო იაშვილი
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ტიპია ტონი
levan
17:45 09-05-2016
0

სიახლეები პოპულარული