ინგლისში პიტერ კენიონი გვახსენდება, გერმანიაში ული ჰიონესი, ესპანეთში მხოლოდ "რეალის" და "ბარსელონას" მესვეურები შეგვიძლია ვახსენოთ, იტალიაში კი, ამ მხრივ, სულ სხვა ვითარებაა - იქ პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, სპორტული თუ გენერალური დირექტორები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და ხშირად, პოპულარობით თვით ფეხბურთელებს აღემატებიან.
ლუჩანო მოჯი ნამდვილი ლეგენდაა, მის ეპოქაში კი იტალიურ კლუბებს გამორჩეული პერსონები მართავდნენ - სერჯო კრანიოტი (ლაციო), ვიტორიო ჩეკი გორი (ფიორენტინა), ფრანკო სენსი (რომა), კალისტო ტანცი (პარმა), მასიმო მორატი
დღეს ანდრეა ანიელია წინა პლანზე, მასთან ერთად კი ჯუზეპე მაროტა, რომლებიც "იუვენტუსს" წარმატებით მართავენ. მუდმივად ყურადღების ცენტრშია მაურიციო ძამპარინი "პალერმოდან", რომელმაც ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში 9-ჯერ შეცვალა მწვრთნელი.
"სამპდორიას" ჰყავს გადარეული პრეზიდენტი მასიმო ფერეროს სახით და არც სხვები არიან ჩრდილში - მაგალითად, აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლი), კლაუდიო ლოტიტო (ლაციო), ჯეიმს პალოტა და ვალტერ საბატინი (რომა) და ა.შ.
რეალურად, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იტალიურ საკლუბო ფეხბურთს და შესაბამისად, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო დროება არ უდგას, წინ კი ზაფხული და სატრანსფერო ფანჯარაა. სწორედ ამ ადამიანებისგან უნდა გავიგოთ, რას გეგმავენ სერია A-ს ბინადრები და როგორი იქნება მომდევნო სეზონი.
"კორიერე დელო სპორტმა" კლუბების მესვეურებთან ბლიც-ინტერვიუები გააკეთა, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, იქამდე კი გამცნობთ, რომ მიროსლავ კლოზემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს "ლაციოს" და შესაბამისად, იტალიას. სერია A-ს ბოლო ტურში, "ბიანკოჩელესტე" "ფიორენტინას" უმასპინძლებს, 38 წლის გერმანელი კი ქომაგებს დაემშვიდობება.
ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი)
- "იუვენტუსს" იტალიაში კონკურენტი არ ჰყავს და არის თუ არა ეს პრობლემა თვითონ ტურინული გრანდისთვის?- "ნაპოლიმ" სარეკორდო რაოდენობის ქულა მოაგროვა და მთლიანობაში, ღირსეული კონკურენცია გაგვიწია. ვფიქრობ, რომ იტალიაში არის კონკურენცია. მე ყველაზე ბოლო ვარ, ვინც შეიძლება იდარდოს იმაზე, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონია. მოდი, ამ კითხვით სხვებს მიმართეთ...
- რა უნდა გააკეთონ სხვა კლუბებმა, რომ "იუვენტუსის" დონეზე ავიდნენ?
- ყველა კლუბს თავისი გზა და წარსულის გამოცდილება აქვს, წარმატების ფორმულა კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვერ გამოვდგები კონკურენტების მრჩევლად.
- მიიჩნევთ, რომ "იუვენტუსი" "ბარსელონას", "რეალის" და "ბაიერნის" დონის გუნდია?
- ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. მომდევნო სეზონში "იუვენტუსი" იქნება ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტურნირი მოვიგოთ. ამისთის საჭიროა არა გუნდის დასუსტება, არამედ გაძლიერება, რასაც ვაპირებთ კიდეც სატრანსფერო ფანჯრისას.
- კონკრეტულ გვარებს ხომ ვერ დაგვისახელებთ?
- მორატას საკითხი გასარკვევია, სხვა წამყვანი ფეხბურთელები კი დარჩებიან. რამდენიმე მოთამაშის გადმობირება გვსურს, თუმცა დღეს გვარებს ვერ დავასახელებ. მორჩეს სეზონი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
ვალტერ საბატინი ("რომას" სპორტული დირექტორი)
- ამბობენ, რომ "რომას" ან რაჯა ნაინგოლანი დატოვებს, ანაც მირალემ პიანიჩი. მართალია?- ჩვენი მიზანია, რომ დარჩეს როგორც ერთი, ისე მეორე ფეხბურთელი. ნაინგოლანი და პიანიჩი გუნდის ლიდერები არიან და მათთან განშორებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის მილიონები, რომლებსაც ამ ფეხბურთელებში გვთავაზობენ. მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნებათ თავად მოთამაშეებს და ეს სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
- "რომას" სამიზნეში მუდმივად უცხოელი ფეხბურთელები არიან და რას ერჩით იტალიელებს?
- კლუბის სელექციონერებს დავალებული ჰქონდათ, რომ სერია D-დან სერია A-ს ჩათვლით მოეძებნათ ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელები, რომლებსაც დავაკვირდებით და გადმოვიბირებთ. მინდა აღვნიშნო, რომ მძიმე ვითარებაა, რადგან ასეთი ფეხბურთელები, პრაქტიკულად, არ არიან. ძალიან მომწონს ფედერიკო ბერნარდესკი, დომენიკო ბერარდი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ მათზე ევროპული გრანდები ნადირობენ.
- სტეფან ელ შაარავი თუ მოგწონთ და გამოისყიდის თუ არა მას "რომა"?
- ელ შაარავი შესანიშნავად ირჯება და ვფიქრობ, რომ 13 მილიონი ევრო მისთვის დაბალი ფასია. "რომამ" უნდა გამოისყიდოს სტეფანი. ეს ჩემი პოზიციაა და დანარჩენს კლუბის დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს.
- არაერთი ფეხბურთელი გყავთ განათხოვრებული და რა ბედი ელით მათ?
- ხუან იტურბე აუცილებლად დაბრუნდება, ადემ ლიაიჩის საკითხი გასარკვევია, სეიდუ დუმბიას კი ვეცდებით, რომ ახალი გუნდი ვუპოვოთ, რადგან "ნიუკასლში" დარჩენა და ჩემპიონშიპში თამაში არ სურს.
- როგორც ჩანს, ტოტი დარჩება. გახარებთ ეს ამბავი?
- ერთი ხანობა, ვფიქრობდი, რომ ტოტის უნდა დაესრულებინა კარიერა, მაგრამ მისი ბოლო თამაშები საპირისპიროში მარწმუნებს. ფრანჩესკო გენიოსია და მას კიდევ უნდა მიეცეს ერთი წელი.
- ვისი დამატება გსურთ სატრანსფერო ფანჯრისას?
- მეჰდი ბენატიას დაბრუნება გვინდა, რასაც იმედია, მივაღწევთ. თუ ვოიცეხ შჩესნიმ დაგვტოვა, ალისონის გადმობირებას შევეცდებით, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარეა. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გეტყვით.
- კევინ სტროტმანი თუ დარჩება გუნდში?
- აუცილებლად და მჯერა, რომ კევინი კიდევ მინიმუმ, 10 წელი იქნება "რომას" შემადგენლობაში. ნახევარდაცვაში სტროტმანი, პიანიჩი და ნაინგოლანი დიდებულ ტრიოს შექმნიან.
- თქვენ თუ იქნებით მომდევნო სეზონში "რომას" სპორტული დირექტორი?
- ეს საკითხი 1-ელ ივლისს გადაწყდება, იქამდე კი დუმილს ვამჯობინებ.
ხავიერ ძანეტი ("ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი)
- ამბობენ, რომ რობერტო მანჩინიმ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა და რამდენიმე ფეხბურთელის გადმობირებას ითხოვს. მართალია?- მსგავსი არაფერი გამიგია და შესაბამისად, ამ ინფორმაციას უარვყოფ. სეზონის დასრულების შემდეგ მანჩინის შევხვდებით და ყველა საკითხს გავივლით. ჩვენი სურვილია, რომ რობერტომ გააგრძელოს დაწყებული საქმე.
- რა სჭირდება "ინტერს" იმისთვის, რომ "იუვენტუსს" დაეწიოს?
- დრო და თავდაუზოგავი შრომა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ "ინტერმა" უკეთესად ითამაშოს და შედეგი აუცილებლად გვექნება. "ნერაძური" მუდმივად უნდა იბრძოდეს სკუდეტოსთვის და თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე.
- რას იტყვით სატრანსფერო გეგმებზე?
- როგორც აღვნიშნე, სეზონის დასრულების შემდეგ მანჩინის შევხვდებით და რა თქმა უნდა, სატრანსფერო მიზნებზეც ვისაუბრებთ. ერთი ცხადია, ყველა წამყვანი ფეხბურთელი უნდა შევინარჩუნოთ.
- რამდენად იოლი იქნება ფეხბურთელების შენარჩუნება იმ ფონზე, რომ "ინტერი" კიდევ ერთხელ დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღმა?
- არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პრიორიტეტულია, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ "ინტერი" დიდი გუნდია ამბიციური პროექტით და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მალე დაბრუნდება. ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია.
ანდრეა დელა ვალე ("ფიორენტინას" პრეზიდენტი)
- კმაყოფილი ხართ სეზონით?- სეზონის პირველი ნახევრით ძალიან კმაყოფილი ვარ, შემდეგ კი დავთმეთ პოზიციები და გავიუარესეთ სატურნირო ვითარება. მთლიანობაში, შედეგი დამაკმაყოფილებელია, რადგან ევროპალიგის საგზური მოვიპოვეთ.
- პაულო სოუზა დარჩება მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- სოუზასთვის ეს სადებიუტო სეზონი იყო და კარგად წარმოაჩინა თავი. ჩვენ გვსურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება და ეს ასეც მოხდება.
- ამბობენ, რომ რამდენიმე იტალიელი ფეხბურთელის გადმობირება გსურთ...
- სალვატორე სირიგუ, გრაციანო პელე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იტალიელი ჩვენს სამიზნეში არიან, დანარჩენი კი ზაფხულში გამოჩნდება. გვსურს გუნდი გავაძლიეროთ, რადგან მომდევნო სეზონში სამ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა.
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ფიორენტინამ" უფრო მაღალი მიზნისთვის იბრძოლოს, მაგალითად, სკუდეტოსთვის?
- თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამისთვის ასეულობით მილიონი ევროს დახარჯვაა საჭირო, ცდებით. მთავარია სწორი საკადრო და სატრანსფერო პოლიტიკა. შეხედეთ "ლესტერს", რომელმაც მწირი რესურსით პრემიერლიგა მოიგო. ვფიქრობ, "ფიორენტინას" შესწევს ძალა, რომ საფეხბურთო მსოფლიო გააოცოს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ - ჩვენც ვემზადებით ცხელი ზაფხულისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"