1. ინტერი (საშუალოდ 45 338 გულშემატკივარი)
პირველ ადგილზე "ინტერია", რომლის საშინაო მატჩებსაც საშუალოდ 45 538 გულშემატკივარი ესწრებოდა. საგულისხმოა, რომ წინა სეზონთან შედარებით, ქომაგთა რაოდენობა 22%-ით არის გაზრდილი.
"ნერაძურიმ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო და კარგა ხანი, სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა, იმ პერიოდში კი "ჯუზეპე მეაცაზე" საშუალოდ 60 000 ქომაგი იკრიბებოდა.
ასეა, იტალია არც ინგლისია და არც გერმანია, სადაც გულშემატკივრები ყოველთვის ავსებენ სტადიონს განურჩევლად იმისა თუ როგორ თამაშობს მათი საყვარელი გუნდი.
2. იუვენტუსი (38 628)
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" ახალ სტადიონზე გადავიდა, გულშემატკივართა საშუალო დასწრება მუდმივად 38 000-ის ფარგლებში მერყეობს. არადა, როდესაც ტურინული გრანდი "დელე ალპიზე" თამაშობდა, იქ საშუალო დასწრება 25 000-ს არ ასცილებია.
გასათვალისწინებელია, რომ "იუვენტუს არენა" 41 000 გულშემატკივარს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვეკია სენიორას" პრაქტიკულად სავსე ტრიბუნების ფონზე უწევს თამაში, რაც გუნდისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. ისიც ვთქვათ, რომ ტურინული გრანდი ყოველ ზაფხულს საშუალოდ 30 000 სეზონურ აბონიმენტს ყიდის და გამოდის, რომ თითოეული თამაშის წინ, სალაროებში დაახლოებით 10 000 ბილეთი იყიდება.
3. ნაპოლი (37 777)
"იუვენტუსს" მცირედით ჩამორჩა "ნაპოლი", რომლის საშინაო თამაშებს საშუალოდ 37 777 ადამიანი ესწრება. 2014/2015 წლების სეზონთან შედარებით, მაჩვენებელი 17.1%-ით გაიზარდა და ეს არ არის გასაკვირი, რადგან წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, აქ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოდა და მხოლოდ ბოლო სტადიაზე ჩამორჩა "იუვენტუსს".
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი" "სტადიო სან პაოლოზე" ასპარეზობს, რომელიც 60 000 გულშემატკივარს იტევს და რომელიც ერთ-ერთ ყველაზე არაკომფორტულ არენად ითვლება იტალიაში. მინდორს ტრიბუნებისგან განიერი სარბენი ბილიკები ჰყოფს, თვითონ არენა კი ტექნიკურად გაუმართავია და როგორც მინიმუმ, საფუძვლიან რეკონსტრუაციას საჭიროებს.
კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხშირად საუბრობს ახალი სტადიონის აშენების აუცილებლობაზე, თუმცა სიტყვას საქმე ჯერ არ მოჰყოლია.
4. მილანი (37 665)
"მილანის" საშინაო თამაშებს თითქმის იმდენივე ადამიანი ესწრებოდა, რამდენიც "ნაპოლის". იტალიური მასშტაბით, მაჩვენებელი საკმაოდ ნორმალურია და განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "როსონერიმ" სეზონი პირწმინდად ჩააგდო და ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.
სინიშა მიხაილოვიჩის დროს იყო ცალკეული გამონათებები და მათ შორის, დერბიში გამარჯვება, მაგრამ მთლიანობაში, "მილანი" არ ვარგოდა და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, საგრძნობლად ჩამორჩებოდა ლიდერებს. თქმა არ სჭირდება, რომ შედარებით უკეთესი თამაშისა და შედეგის შემთხვევაში, "მილანის" საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება საგრძნობლად მოიმატებს.
5. რომა (35 182)
"რომამ" სეზონის დიდი ნაწილი არასტაბილურად განვლო, ბოლოს კი ლუჩანო სპალეტის თავკაცობით მოუმატა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. გულშემატკივართა რაოდენობით, "ჯალორისი" თითქმის ყოველთვის შედის საუკეთესო სამეულში, მაგრამ წელს განსაკუთრებული შემთხვევა იყო - საქმე იმაშია, რომ გუნდის ულტრასები აქტიურად აპროტესტებდნენ ფედერკალჩოს მიერ მათ მიმართ დაწესებულ უსაფრთხოების გამკაცრებულ ნორმებს და ამის გამო, არაერთ თამაშს გამოუცხადეს ბოიკოტი.
"რომას" ყველაზე ერთგულმა ქომაგებმა გამოტოვეს 3 აპრილს გამართული დედაქალაქური დერბი და მას შემდეგ, საყვარელი გუნდის არც ერთ საშინაო თამაშს არ დასწრებიან, მათ შორის არც "ნაპოლისთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ 2014/2015 წლების სეზონთან შედარებით, "რომას" საშინაო თამაშებზე დასწრება 12.3%-ით შემცირდა.
ჯამი
2015/2016 წლების სეზონში, სერია A-ს შეხვედრებს საშუალოდ 22 078 მაყურებელი ესწრებოდა. საგულისხმოა, ბოლო 3-4 წელიწადში, არც მატება შეინიშნება და არც კლება. მაგალითად, 2014/15 წლების სეზონში საშუალო დასწრება 22 057 გულშემშატკივარი იყო, რაც ბოლო სეზონზე ოდნავ ნაკლებია.
გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ იტალიის ჩემპიონატის თამაშები ცარიელი ტრიბუნების ფონზე ტარდება, აშკარად გადამეტებულია, თუმცა ფაქტია, რომ კალჩოს განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი სტადიონები სჭირდება იმისთვის, რომ ქომაგთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"