ანდრეა პირლო - მაესტრო, რომლის თამაშსაც ვეღარ ვიხილავთ

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ, ანტონიო კონტემ დაასახელა 28 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე დაიბარა, იტალიის ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. სიაში ვერ მოხვდა ანდრეა პირლო, ფეხბურთელი, რომელსაც 19 მაისს 37 წელი შეუსრულ;და და რომელიც დღეს, ამერიკაში, "ნიუ იორკ სიტიში" ასპარეზობს.

MLS საინტერესო ტურნირია, თუმცა იქ დიდი ფეხბურთელები კარიერის დასასრულებლად ჩადიან, იქაური ბატალიებიუსთვის კი ევროპიდან თვალის დევნება არც თუ კომფორტული და ნაკლებად საინტერესოა.

ჩვენ გვქონდა შანსი, რომ კიდევ ერთხელ, დიდ საფეხბურთო ფორუმზე გვეხილა პირლო, მაგრამ კონტემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და
ის სიის მიღმა დატოვა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონტეს გადაწყვეტილებით, პირლო დაემშვიდობა დიდ ფეხბურთს...

ბენეფისი საშინელი დასასრულით
2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ანდრეა პირლომ საოცარი თამაში აჩვენა, რომლის აღწერა და სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. მისი თითოეული პასი, მანევრი, ფინტი, მოძრაობა - იყო უნიკალური და გამოარჩევდა აბსოლუტურად ყველასგან. პირლო კიდევ უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე სხვა დიდ ფორუმებზე, თუნდაც 2006 წელს და კიდევ უფრო დაბრძენებული.

არავინ ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა უკრაინა-პოლონეთის მინდვრებზე, როგორც ანდრეა და რომ არა ფინალში განცდილი სასტიკი მარცხი, ის არა თუ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, ალბათ "ოქროს ბურთსაც" აიღებდა. თუმცა, ასეა ფეხბურთი - ერთმა მატჩმა, ან შესაძლოა ერთმა თერთმეტმეტრიანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, როგორც ეს 1994 წლის მუნდიალზე მოხდა.

ანდრეს ინიესტა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ევრო 2012-ზე პირლო უფრო შთამბეჭდავი, გენიალური და მასშტაბური იყო. დიახ, ის იმსახურებდა პირველობას, მაგრამ ერთმა მატჩმა სასწორი ესპანელის მხარეს გადახარა. თვითონ ანდრეა იმ მატჩს ასე იხსენებს:

"ჯგუფში ესპანეთთან ფრედ ვითამაშეთ და მთლიანობაში, ვჯობდით კიდეც მეტოქეს. რაც შეეხება ფინალს, მართლაც კოშმარული საღამო იყო. არ წაგვივიდა თამაში, მალე კი ფეხბურთელი გაგვიგდეს და კაცნაკლულნი დავრჩით.

ეს იყო თამაში, რომელშიც ერთ გუნდს არაფერი, ხოლო მეორეს ყველაფერი გამოსდის. ევროპის ჩემპიონატი რომ მოგვეგო, ალბათ "ოქროს ბურთსაც" ავიღებდი, მაგრამ ამაზე არასდროს მინერვიულა, რადგან ინდივიდუალური ჯილდოები ნაკლებად მაღელვებს. ნეტა მოგვეგო ის ფინალი და "ოქროს ბურთს" ჩემი ხელით გადავცემდი ნებისმიერ ესპანელს".

ჯადოსნური პენალტი
ევრო 2012 იტალიამ ესპანეთთან თამაშით დაიწყო და ის მატჩი ფრედ დასრულდა, 1:1. იტალიელთაგან გოლი ტოტო დი ნატალემ გაიტანა, რომელიც შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ სწორედ პირლომ შეჰყარა. აპენინელთა მეორე შეხვედრაც ანალოგიური შედეგით დასრულდა და იქ უკვე გოლი თვითონ პირლომ შეაგდო, როდესაც ხორვატებს ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაუტანა. შემდეგ იყო ირლანდიასთან იოლი მოგება და დრამატული მეოთხედფინალური მატჩი ინგლისის წინააღმდეგ...

იტალია მთელი 120 წუთის განმავლობაში სჯობდა მეტოქეს, მაგრამ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. ინგლისელები წინ იყვნენ, როდესაც ბურთთან პირლო მივიდა და საოცარი, რბილი დარტყმიოთ ჩააგდო ბურთი ჯო ჰარტის კარის ბადეში. ის პენალტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, თვითონ ანდრეა კი ეპიზოდს ასე იხსენებს:

"გზა, რომელსაც ფეხბურთელი გადის ცენტრიდან პენალტის ნიშნულამდე, შემიძლია ჯოჯოხეთს შევადარო. ეს არის მოგზაურობა საკუთარი შიშების გულში, რომელსაც მტერსაც არ ვუსურვებ. კარგად მახსოვს თუ რას ვფიქრიბდი გზაში:

ჯერ გადავწყვიტე, რომ მარცხნივ დამერტყა, რადგან ვიცოდი, რომ ჰარტი მარჯვნივ უკეთესად ხტება. შემდეგ, ვიფიქრე, რომ მეკარე მიხვდებოდა ჩემ გათვლას და ამიტომ, მარჯვნივ სჯობდა დარტყმა - ბოლოს, გადავწყვიტე, რომ ცენტრში ძლიერად დამეტყა, მაგრამ შემდეგ, შემეშინდა, რომ ბურთი ხარიხას გადასცდებოდა.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - როდესაც გამორბენი დავიწყე, ჯერ კიდევ არ ვიცოდი თუ სად ვურტყამდი. ფეხი რომ ბურთისკენ წავიღე, დავინახე, რომ ჰარტმა მოძრაობა გააკეთა და სწორედ იმ მომენტში მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება.

ეს არ იყო პუბლიკაზე თამაში - ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელმაც გამაჯვების შანსი დაგვიტოვა და შემდეგ, ვძლიეთ კიდეც მეტოქეს. ალბათ, სწორედ ასეთი მომენტებისთვის ღირს იმ გზის გავლა, რომელიც მართლაც ჰგავს ჯოჯოხეთს".

P. S. კონტეს გადაწყვეტილებით, პირლო დაემშვიდობა დიდ ფეხბურთს - ამას კი ჯერ გააზრება და შემდეგ, შეგუება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული