სერია A. სიმბოლური ნაკრები: გონსალო და სხვები

AutoSharing Option
სერია A-ს 2015/16 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრებაა, იტალიურ სპორტულ პრესაში კი განვლილ ბატალიებს აჯამებენ. ქვემოთ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს გაეცნობით.

მეკარე
სტეფანო სორენტინო ("პალერმო")
"პალერმო" სერია B-ში დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ბოლო ტურში, "ვერონას" დამარცხებით შეინარჩუნა ადგილი ელიტურ ლიგაში. ის, რომ "პალერმო" აუტსაიდერთა შორის გახლდათ, სტეფანო სორენტინოს ბრალი ყველაზე ნაკლებადაა.

მეკარემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და არაერთხელ დასახელდა თავის გუნდში საუკეთესოდ. რამდენიმე შეხვედრაში 37 წლის სტეფანომ მწვრთნელის როლიც კი შეითავსა და სწორედ მან დააყენა გუნდის ძირითადი შემადგენლობა. აღარაფერს ვამბობთ
იმაზე, რომ სიცილიური გუნდის კაპიტანი და ლიდერი როგორც გასახდელში, ისე მინდორზე, სწორედ სორენტინოა. ყოველივე ამის შემდეგ ის იმსახურებს ადგილს სიმბოლურ ნაკრებში.

მარჯვენა მცველი
ანდრეა ბარძალი ("იუვენტუსი")
უკვე გასრულებულ სეზონში ჯორჯო კიელინი ტრავმებმა გააწამა, "იუვენტუსის" დაცვის ბურჯი კი ანდრეა ბარძალი გახლდათ. 35 წლის მცველი ტრადიციული სტაბილურობით გამოირჩა და არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ შემადგენლობაში. სეზონის დასრულებისთანავე ბარძალიმ ახალი კონტრაქტი მიიღო კლუბის მესვეურებისგან და კიდევ ორი წელი ითამაშებს "ვეკია სენიორაში". როგორც ჩანს, ანდრეა კარიერას სწორედ ტურინულ გრანდში, 37 წლის ასაკში დაასრულებს.

ცენტრალური მცველი
ჟოაო მირანდა ("ინტერი")
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჟოაო მირანდა "ინტერს" და ზოგადად, იტალიურ ფეხბურთს შესანიშნავად მოერგო. რობერტო მანჩინი აქტიურად მიმართავდა როტაციას, მათ შორის, დაცვაში, მაგრამ ცვლილებები ყველაზე ნაკლებად სწორედ მირანდას ეხებოდა. იყო გარკვეული მატჩები, სადაც მწვრთნელმა ბრაზილიელიც დაასვენა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მირანდა მოედანზე იყო და თავის საქმეს კარგად ასრულებდა.

მარცხენა მცველი
კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი")
"ნაპოლის" დაცვის შეუცვლელი ფიგურა, რომელმაც გასულ სეზონში დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა და მისი გადაბირებით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. მაგალითად, დიეგო მარადონამ ყოფილი გუნდის რიგებიდან, გონსალო იგუაინთან ერთად, სწორედ კალიდუ კულიბალი გამოარჩია და დასძინა, რომ სადაც სამართალია, მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევრო უნდა იყოს. კულიბალის ყველაფერი მოსწონს ნეაპოლში და როგორც აცხადებს, არსად წასვლას არ აპირებს.

მარჯვენა ნახევარმცველი
ალესანდრო ფლორენცი ("რომა")
ალესანდრო ფლორენცი "რომას" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. ფლორენცი უნივერსალური თვისებების ფეხბურთელია და შეუძლია თანაბარი წარმატებით ითამაშოს როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში და ხანდახან გარემარბადაც კი. თუმცა, ერთი უცვლელია: ალესანდრო მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობს.

ცენტრალური ნახევარმცველი
ბორხა ვალერო ("ფიორენტინა")
მას შემდეგ, რაც ბორხა ვალერო "ფიორენტინაში" გადაბარგდა, თითქმის ყოველთვის ხვდება სეზონის სიმბოლურ ნაკრებში. ესპანელი გუნდის ლიდერად იქცა და მის გარეშე "ვიოლა" უკვე წარმოუდგენელია. ბორხა ვალერო მეტწილად მოედნის ცენტრს აკონტროლებს, თუმცა პერიოდულად მწვრთნელი მას გამთამაშებლის პოზიციაზეც იყენებდა. ნებისმიერ როლში, ვალერო გუნდის ლიდერი და თამაშის წარმმართველია.

ცენტრალური ნახევარმცველი
რაჯა ნაინგოლანი ("რომა")
ფეხბურთელი, რომლის გადაბირებაც ინგლისური პრემიერლიგის გრანდებს სურთ და მასში კოლოსალურ თანხებსაც იხდიან. რთული სათქმელია, სად ითამაშებს რაჯა ნაინგოლანი მომდევნო სეზონში, მაგრამ უკვე დასრულებულში რომ "რომას" ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურა იყო, ცხადზე უცხადესია. 28 წლის ბელგიელი "რომას" ნახევარდაცვის ცენტრში მირალემ პიანიჩთან ერთად, შესანიშნავ ტანდემს ქმნის, სიმბოლურ ნაკრებში კი ბორხა ვალეროს შეუწყვილდა.

მარცხენა ნახევარმცველი
ჯაკომო ბონავენტურა ("მილანი")
"მილანმა" სეზონი პირწმინდად ჩააგდო, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ჯაკომო ბონავენტურას მიუძღვის. 26 წლის შემტევი ბრწყინვალედ მოერგი "მილანს" და გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. შედეგად, ჯაკომომ იტალიის ეროვნული ნაკრების ყურადღება დაიმსახურა და დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

მარჯვენა გარემარბი
პაულო დიბალა ("იუვენტუსი")
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" პაულო დიბალას სანაცვლოდ, "იუვენტუსს" 90 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. არცაა გასაკვირი, რადგან 22 წლის არგენტინელი ტურინული გრანდის მომავალია და მის გასხვისებას ვეტო ადევს. სერია A-ს გასულ გათამაშებაში დიბალამ 19 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გონსალო იგუაინს ჩამორჩა.

მარცხენა გარემარბი
ლორენცო ინსინიე (ნაპოლი)
სეზონის პირველ ნახევარში ლორენცო ინსინიე, უბრალოდ, შეუჩერებელი იყო და გონსალო იგუაინთან ერთად, "ნაპოლის" მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინა. მეორე ნახევარში ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც დიდი წვლილი შეჰქონდა მაურიციო სარის გუნდის წარმატებებში. ინსინიეს გამთამაშებლის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და შეტევის წინა ხაზზეც, მაგრამ ყველაზე კარგად თავს მაინც გარემარბის პოზიციაზე გრძნობს. სერია A-ს გასულ გათამაშებაში ინსინიემ 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფორვარდი
გონსალო იგუაინი ("ნაპოლი")
სერია A-ს 2015/16 წლების გათამაშებაში გონსალო იგუაინმა 35 შეხვედრაში ითამაშა და 36 გოლი შეაგდო. 28 წლის არგენტინელმა იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი მოხსნა, რადგან აქამდე, ერთ სეზონში ამდენი გოლი არავის გაეტანა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და იგუაინს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული