ლიონელ მესის მემკვიდრე - ინტერვიუ პაულო დიბალასთან

AutoSharing Option
ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე არ უთამაშიათ, კლუბებს უბრუნდებიან და ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ. მათ შორისაა პაულო დიბალა, რომელიც უკვე ტურინშია და ახალ სეზონს ენთუზიაზმით ელოდება. ქვემოთ, 22 წლის შემტევთან საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- ესპანელები მიიჩნევენ, რომ თქვენ ლიონელ მესის მემკვიდრე ხართ და "ბარსელონაში" გააგრძელებთ კარიერას...
- "იუვენტუსში" მხოლოდ ერთი წელია ვთამაშობ და ჯერჯერობით, აქ ყველაფერი მომწონს. მოვიგეთ იტალიის სუპერთასი, თასი და სკუდეტო, გულშემატკივრებისგან კი დიდ სითბოს ვგრძნობ. არასდროს დავფიქრებულვარ ტურინიდან აბარგებაზე და ალბათ, კიდევ დიდ ხანს არ
დავფიქრდები.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენთვის "პალერმოს" დატოვებაც რთული იყო. როგორც ჩანს, იოლად ვერ ეგუებით გარემოს შეცვლას...
- პალერმოში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და ეს მიუხედავად მისა, რომ კლუბში ბევრი პრობლემა იყო. თავის დროზე, ჩემი პატარა ქალაქის დატოვებაც გამიჭირდა, სადაც გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. თუმცა, ჩემი განვითარებისთვის იტალიაში გამგზავრება უბრალოდ აუცილებელი იყო და ეს ნაბიჯი გადავდგი. ასევე მოხდა "იუვენტუსში" გადასვლის დროსაც, ტურინიდან წასვლის მიზეზი კი ნამდვილად არ მაქვს. მჭირდება სათამაშო პრაქტიკა, გამოცდილება და მაღალ დონეზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ამ მხრივ კი "იუვენტუსზე" კარგ გუნდს ვერ ვიპოვნი.

- მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" ზედიზედ 5 სკუდეტო მოიგო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა დაგეშილი. როგორ ფიქრობთ, შესწევს "იუვეს" ლიგის მოგების ძალა?
- "იუვენტუსი" ისეთივე დიდი კლუბია, როგორიც "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი". ორი წლის წინათ, "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო, გასულ სეზონში კი სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ "ბაიერნის" ბარიერი გაგვეარა. რა თქმა უნდა, გვაქვს იმის რესურსი, რომ ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი მოვიგოთ და იმედია, ეს ასეც მოხდება. ამ "იუვენტუსს" ყველაფერი შეუძლია.

- "იუვენტუსს" დანი ალვეში დაემატა. როგორ ფიქრობთ, ბევრ გოლს გაიტანთ მისი ჩაწოდებების შემდეგ?
- დანი ალვეშის თამაში ყველამ კარგად ვიცით და მას ჩემი შეფასება ნამდვილად არ სჭირდება. თანაბრად ძლიერია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რაც იშვიათი შემთხვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ დანი გააძლიერებს "იუვენტუსს" და მისი გადაცემებით, მეც და "იუვეს" სხვა თავდამსხმელებიც არაერთ გოლს გავიტანთ.

- "იუვენტუსში" მირალემ პიანიჩიც ითამაშებს. მასზე რას იტყვით?
- ჩემთვის ცოტა მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც გავიგე, რომ მირალემ პიანიჩი "იუვეში" გადმოვიდა. რამდენიმე დღე, სიახლეებს ვერ მივადევნე თვალი და უცებ გავიგე, რომ პიანიჩმა კონტრაქტი გააფორმა. ვფიქრობ, მირალემი სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, როგორიც გასულ სეზონში გვაკლდა. ორი აზრი არაა, რომ პიანიჩი ძალიან გააძლიერებს "იუვენტუსს".

- საფრანგეთის ნაკრებში პოლ პოგბამ სრულად ვერ გამოავლინა შესაძლებლობები და ფინალში მწარე მარცხი იწვნია. როგორ ფიქრობთ, ეს ცუდად ხომ არ აისახება მის კარიერაზე?
- პოგბა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. როდესაც "იუვენტუსში" თამაშის გამო, მწვავედ აკრიტიკებდნენ, წყობიდან არ გამოსულა და ცდილობდა, რომ შესაძლებლობები მოედანზე დაემტკიცებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში მარცხს და კრიტიკას გაუმკლავდება და კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

- ხომ არ გეშინიათ, რომ ამ ზაფხულს, პოგბა სხვა გუნდში გადავა?
- პოგბა "იუვენტუსში" დარჩება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ველაპარაკე პოლს და ჩვენი დიალოგის შინაარსიდან გამომდინარე, ის არსად არ აპირებს წასვლას.

- ამბობენ, რომ დიდია შანსი, "იუვენტუსმა" თქვენი თანამემამულე, ხავიერ მასკერანო დაიმატოს...
- მასთან ერთად, არგენტინის ნაკრებში ვითამაშე და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. თანაც, მასკერანოს თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგრც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მომწონს საუკეთესო ფეხბურთელების კამპანიაში ყოფნა და ბუნებრივია, რომ მასკერანოს ტერანსფერი ძალიან გამახარებს. მაგრამ რამდენად რეალურია არ ვიცი.

- მორატას წასვლა დიდი დანაკლისია?
- ძალიან დიდი დანაკლისია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ორ სეზონში, ალვარო "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ამასთან, მორატა ბრწყინვალე ადამიანია, რომელიც ძალიან დამეხმარა ტურინთან ადაპტაციაში. მინდა, მორატას მადრიდში წარმატებები ვუსურვო.

- არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში მწარე მარცხი იწვნია, რის შემდეგაც ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მესი ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. ლიონელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხი დიდი დარტყმა იყო, რასაც კოპა ამერიკაც დაემატა და მისი იმედგაცრუება ლოგიკური და გასაგებია. თუმცა, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ნაკრებს და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება.

- იქნებ 2018 წელს გატყდეს ნავსი და მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. რამდენად დიდია ამის შანსი?
- თუ ჩვენ იმაზე ვიფიქრებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მესიმ უნდა მოიგოს, მაშინ არაფერი გამოვა, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და ეს ტვირთი მთელმა გუნდმა უნდა აწიოს. არგენტინის ნაკრებში უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობენ და ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, მჯერა, რომ სწორედ არგენტინა მოიგებს მუნდიალს და იმ გუნდში მეც ჩემ სიტყვას ვიტყვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული