მაურიციო სარი: იგუაინი არც კი დაგვემშვიდობა

AutoSharing Option
კვლავაც აქტუალურია გონსალო იგუაინის "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" გადასვლა და ეს თემა ალბათ კიდევ დიდხანს იქნება იტალიური სპორტული პრესის მთავარ გვერდებზე.

28 წლის არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე არაერთმა მწვრთნელმა, ფეხბურთელმა და საფეხბურთო მოღვაწემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, თუმცა "ნაპოლის" თავკაცი მაურიციო სარი აქამდე დუმილს ამჯობინებდა. ბოლოს, ისიც მოიხელთეს ჟურნალისტებმა და ვრცელი კომენტარი დასტყუეს:

"როდესაც გონსალო "იუვენტუსის" მაისურით დავინახე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მქონდა განცდა, რომ დიდი ომის წინ საუკეთესო მებრძოლმა მტრის ბანაკს მიაშურა. რას ვიზამთ, საკმარისად ბებერი ვარ იმისთვის, რომ ყველაზე უსიამოვნო სიახლეც მშვიდად და
აუღელვებლად მივიღო.

გასულ სეზონში, 3 მატჩი გავმართეთ იგუაინის გარეშე და აქედან 2 მოვიგეთ, რაც კარგი შედეგია. ამასთან, მე მჯერა მანოლო გაბიადინის, რომელიც ასევე ძალიან კარგი თავდამსხმელია. რას ვეტყოდი იგუაინს? - ვფიქრობ, მას ჰქონდა სათქმელი და როგორც მინიმუმ, დამშვიდობებას ვიმსახურებდი. მეგონა, დამირეკავდა, მაგრამ მისი ზარი არ შემოსულა. როგორც გავიგე, არც ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ცხოვრება ხშირად გვიწყობს გამოცდებს, რომლებიც უნდა ჩავაბაროთ, თუმცა ეს ყველას არ გამოსდის".

ბოლოს დავძინოთ, რომ გასულ სეზონში იგუაინმა არაერთხელ გამოხატა მადლიერება სარის მიმართ და განაცხადა, რომ სწორედ მაურიციოს დიდი ძალისხმევით დაძლია მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები. გასული სეზონი საუკეთესო იყო გონსალოს კარიერაში და მისივე სიტყვებია, რომ ამაში მწვრთნელს დიდი წვლილი მიუძღვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაყრილია ამ ფეხბურთელში ამ ფულის ნახევარზე მეტი მაგარი უაზრობა გააკეთა იუემ.
კიკა
12:38 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული