სამირ ჰანდანოვიჩი - "ინტერის" სლოვენიელი ბეტმენი

AutoSharing Option
როდესაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებზე საუბრობენ, ძირითადად ერთი და იმავე გვარებს ასახელებენ: ჯანლუიჯი ბუფონი, ტიბო კურტუა, მანუელ ნოიერი, დავიდ დე ხეა. აი, სამირ ჰანდანოვიჩი კი თითქმის არავის ახსენდება.

არადა, "ინტერის" სლოვენიელი მეკარე უკვე წლებია, უმაღლეს დონეზე სტაბილურად ასპარეზობს და არა მარტო სტაბილურად, ხანდახან შედევრებსაც გვთავაზობს. ჰანდანოვიჩი ბრწყინვალეა, როგორც გამოსვლებზე, ისე კარის ხაზზე და შემთხვევითი არაა, რომ "ინტერში" ის ყველაზე დაფასებული ფეხბურთელია.

როდესაც რობერტო მანჩინის სთხოვეს, რომ დაესახელებინა ის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც არაფრის დიდებით გაუშვებდა გუნდიდან, მან სწორედ ჰანდანოვიჩი დაასახელა. დიახ, მწვრთნელი
მეკარეს უდიდეს ნდობას უცხადებს და ალბათ სწორედ ამიტომ, 32 წლის მეკარემ გუნდის შეცვლა გადაიფიქრა.

ჰანდანოვიჩს დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში, რასაც "ინტერთან" ერთად ვერ ახერხებს და კლუბის გამოცვლის შესახებ გასული სეზონის ბოლოსაც საუბრობდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და დღეს, მილანურ გრანდს სიყვარულში უტყდება.

ბავშვობა
ბავშვობიდან მეკარეობაზე ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ცხადად იქცა. 5 წლით უფროსი ბიძაშვილი, იასმინ ჰანდანოვიჩი იყო მეკარე და მეც მისი გულშემატკივრობით შემიყვარდა ეს პოზიცია. იასმინმა მაღალ დონეზე ითამაშა, "მარიბორის" კარს იცავდა და ჩემთვის ეს ძალიან საამაყო იყო.

მინდოდა მის გზას გავყოლოდი და საბედნიეროდ, ეს გამომივიდა. ჩემი ბავშვობის კუმირი პეტერ შმეიხელი გახლდათ, რომელიც ძალიან თამამი იყო გამოსვლებზე თამაშისას, კარის ხაზზე კი სასწაულებს სჩადიოდა. ამასთან, შმეიხელი ქარიზმატული ფიგურა იყო და გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდა.

"ინტერის" შესახებ
"ინტერი" სრულიად განუმეორებელი, სოლიდური და უბრალოდ, ბრწყინვალე კლუბია, სადაც თამაში უდიდესი პატივი და სიამოვნებაა. "ნერაძურის" კარს ჯანლუკა პალიუკა და ფრანჩესკო ტოლდო იცავდნენ, რომელთა თამაშს აღფრთოვანებაში მოვყავდი და ისინი სამაგალითოები იყვნენ ჩემთვის. "ინტერს" უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს, რომელიც თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაიზაროს.

ამ გუნდში ყოველთვის თამაშობდნენ უდიდესი ვარსკვლავები და ჩვენ მათი საქმის გამგრძელებლები ვართ. არაერთი შემოთავაზება მქონდა ევროპული გრანდებიდან, მათ შორის "ბარსელონადან" და "ლივერპულიდან", თუმცა ბოლოს მაინც რაღაც მტოვებდა "ინტერში".

მართალია, "ნერაძურის" საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ ეს ჩავარდნა მოსალოდნელი იყო იმ ტრიუმფის შემდეგ, რომელიც გუნდს ჟოზე მოურინიოს თავკაცობით ჰქონდა.

შეიცვალა მწვრთნელი, თითქმის მთელი შემადგენლოიბა და კლუბის მფლობელიც კი, ასეთ ძირეულ ცვლილებებს კი უკვალოდ არ ჩაუვლია. დარწმუნებული ვარ, "ინტერი" მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას.

პენალტების სპეციალისტი
სერია A-ში 22 თერთმეტმეტრიანი მაქვს მოგერიებული და თუ კიდევ 2 პენალტს ავიღებ, ჯანლიუკა პალიუკას რეკორდს გავაუმჯობესებს. ამას წინათ წავიკითხე, რომ პალიუკა წარმატებებს მისურვებს და დარწმუნებულია, რომ მისი რეკორდი მალე დაემხობა.

ის დიდებული ადამიანი და ბრწყინვალე მეკარეა, მისი სიტყვები კი სტიმულს მმატებს. ხშირად მეკითხებიან თუ რაშია ჩემი საიდუმლო და როგორ ვიგერიებ თერთმეტმეტრიანებს, მაგრამ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს - ყველაფერი წამის მეასედებში, ინსტიქტების დონეზე ხდება, რომლის სიტყვებით ახსნა უბრალოდ შეუძლებელია.

სამომავლო გეგმები
პრესაში ბევრი იწერება ჩემი პრემიერლიგაში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ "ინტერის" ფეხბურთელი ვარ და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მსურს, ტიტულები სწორედ მილანურ გრანდთან ერთად მოვიგო და იმედია, ამის დრო მალე დადგება. კლუბს კიდევ ერთხელ შეეცვალა მფლობელი და ვიცი, რომ ჩინელ ინვესტორებს ამბიციური გეგმები აქვთ. ვფიქრობ, "ინტერს" სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზე კი აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ.

ზედმეტსახელი
ერთ-ერთი მატჩის დროს, ცნობილმა კომენტატორმა რობერტო სკარპინიმ სლოვენიელი ბეტმენი მიწოდა და ეს ზედმესახელი შემრჩა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს, რადგან ბავშვობაში ბეტმენი ჩემი საყვარელი გმირი იყო. ბეტმენის მსგავსად, ჰაერში მეც კარგად ვგრძნობ თავს და ალბათ, ეს მეტსახელი მიხდება კიდეც.

დოსიე
სამირ ჰანდანოვიჩი
ამპლუა: გოლკიპერი
დაიბადა: 1984 წ. ლუბლიანა (სლოვენია)
კარიერა: 2003-04 - დომჟალე; 2004-2012 - უდინეზე; 2005-06 - ტრევიზო (იჯარა); 2006 - ლაციო (იჯარა); 2006-07 - რიმინი; 2012-დან - ინტერი.
სლოვენიის ნაკრები: 81 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული