სპალეტის ხელში "ჯალოროსიმ" ამოქაჩა, ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. "რომას" მეტოქედ "პორტუ" ერგო და წესით, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები უნდა ვიხილოთ.
სპალეტი ჟურნალისტებს შეხვდა და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა, მათ შორის - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფზე...
ტრანსფერები
- კლუბის მესვეურები აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე და ამ მხრივ, არაფერი ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ "რომამ" 70 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ფასიომ, ვერმაელენმა და ჟუან ჟესუშმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ არის დრო და შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი დავიმატოთ.
მოსამზადებელი ციკლი
- ყოველთვის რთულია, როცა გუნდის ჩაბარება გახურებულ სეზონში გიწევს, რადგან კარგად არ იცნობ ფეხბურთელებს, არსებულ რეალობას, ადაპტაციისთვის კი დროა საჭირო. ეს ჩემი პირველი შეკრებაა "რომაში" დაბრუნების შემდეგ და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები საქმეს სწორად უდგებიან და იციან, თუ რას ვითხოვ მათგან. ყველაფერი დეტალებში გვაქვს გაწერილი და მჯერა, გუნდი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგა
- ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოსახვედრად "პორტუს" ბარიერია გასავლელი და თქმა არ სჭირდება, რომ წინ დიდი ბატალიები გველის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ დუელზე მთელი სეზონია დამოკიდებული. სერია A-ს გასულ გათამაშებაში სწორედ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ საუკეთესო სამეულში მოვხვედრილიყავით და ჩემპიონთა ლიგაზე გვეთამაშა, ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება.
"პორტუ" ძლიერი გუნდია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილებაც აქვს. თუმცა, არც ჩვენ ვართ ჯაბანნი და ვფიქრობ, თუ ფეხბურთელები მწყობრში მეყოლებიან, შევძლებთ ამ ბარიერის დაძლევას.
სერია A
- ბოლო წლებში "რომა" ძალიან კარგად იწყებდა ჩემპიონატს, შემდეგ კი ჩავარდნა ჰქონდა. სწორედ ამ დროს გარბოდა წინ "იუვენტუსი" და საჩემპიონო ინტრიგაც კვდებოდა. მთელი ეს პროცესი დეტალურად გავაანალიზეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. "რომა" უნდა იყოს სტაბილურად ძლიერი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და არა - დროის კონკრეტულ მონაკვეთში. "რომაში" არიან საკმარისად ძლიერი ფეხბურთელები იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ და "იუვენტუსს" ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ. ბუნებრივია, არ უნდა დავივიწყოთ "ნაპოლი", რომელიც ტრადიციულად ძლიერია და ვფიქრობ, გონსალო იგუაინის წასვლის მიუხედავად, ისიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. საინტერესო ცვლილებებია "ინტერში" და ჩემი აზრით, ამ გუნდსაც დიდი პოტენციალი აქვს.
ტოტის ბოლო სეზონი
- ფრანჩესკო ტოტი კლუბის ლეგენდაა და ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება. კარგად მესმის, რომ ტოტისთვის ეს ბოლო სეზონია და გულშემატკივრებს მისი ხშირად ნახვა სურთ მოედანზე. მჯერა, ეს ასეც იქნება, რადგან ფრანჩესკო კარგ ფორმაშია და ვარჯიშებზე არავის ჩამოუვარდება. ტოტის ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"