"ინტერის" მთავარი ფიგურები კლუბის მესვეურების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ინტერმა", რომელსაც სულ ცოტა ხნის ახალ მწვრთნელად ფრანკ დე ბური დაუნიშნეს, სერია A-ს სტარტზე "კიევოსთან" 0:2 წააგო და თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაიტეხა.

ჯერჯერობით, ამ მარცხში ჰოლანდიელ სპეციალისტს ღიად არ ადანაშაულებენ, თუმცა ხაზს უსვამენ ერთ გარემოებას - დე ბურმა ტაქტიკური სქემა შეცვალა. ბუნებრივია, ფეხბურთელებს დრო დასჭირდებათ ახალ რეალობასთან შესაგუებლად და არ არის გასაკვირი, რომ თავიდან ლაფსუსებიც მოხდეს.

დე ბურის ხელმძღვანელობით, "ინტერმა" ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო - ამხანაგური მატჩი "სელტიკთან", რომელიც "ნერაძურიმ" 2:0 მოიგო. სწორედ ამ შეხვედრაში გამოსცადა ჰოლანდიელმა
პირველად 3-4-1-2, არადა, "აიაქსში" ყოფნისას ის ძირითადად ორ სქემას, 4-3-3 და 4-3-1-2-ს იყენებდა.

სასტარტო მატჩში ასეთი ექსპერიმენტი, თან იმ გუნდის ("კიევო") წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ამ მოდელით (3-4-1-2) თამაშობს, ალბათ გაუმართლებელი იყოო, - წერს "გაძეტა დელო სპორტი".

ხაზგასასმელია ისიც, რომ დე ბურმა რობერტო მანჩინისგან ამერიკული ტურნეთი გადაღლილი გუნდი ჩაიბარა. თამაშისას გამოჩნდა, რომ ვერ იყო ფორმაში ახალწვეული ანტონიო კანდრევაც და ვერც მისი შემცვლელი - ივან პერიშიჩი.

იგივე ითქმის ევერ ბანეგაზეც, რომელიც "სევილიაში" სხვა სქემაზე (4-2-3-1) იყო მიჩვეული, კვირას კი ბოლომდე ვერ გაერკვა, რა უნდა ეკეთებინა მოედანზე.

ერთი სიტყვით, "ინტერში" ჯერჯერობით ყველაფერი არეულია და სიტუაციის დალაგებას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს შეიძლება გასაგებიც იყოს იმის ფონზე, რაც კლუბში ამ ზაფხულს ხდებოდა - პატარა ამბავი არ არის, როცა იცვლი მეპატრონეს და მოგყავს ახალი მწვრთნელი ზედ სერია A-ს სტარტის წინ.

სწორედ გადაღლილობის თემას ეხებოდა, სამირ ჰანდანოვიჩმა და დანილო დ'ამბროზიომ "ინტერის" ხელმძღვანელობა რომ გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მკაცრი სლოვენიელი მეკარის შეფასება იყო:

"რამ გამაბრაზა ყველაზე მეტად? ბევრი რამ არის, რაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ახლა არ არის შესაფერისი დრო და ადგილი, რომ ყველაფერზე ვილაპარაკო... ჩვენ ვიცოდით, რომ ფიზიკურად არ ვიყავით საუკეთესო კონდიციებში. ახლახან გვქონდა ტურნე ამერიკაში, სადაც "ინტერი" განახევრებული გუნდით გაემგზავრა. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა ფეხბურთელი ერთნაირ ფორმაში ვერ იქნება და ეს არ არის მწვრთნელის ბრალი; პასუხი იმას უნდა მოვთხოვოთ, ვისაც ტურნეს სწორად ორგანიზება ევალებოდა", - თქვა ჰანდანოვიჩმა.

დაბოლოს, ფრანკ დე ბურის კომენტარიც, რომელიც "მედიასეტთან" გააკეთა:
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ პირველი თამაშით. გამოჩნდა, რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, თამაშსაც გამოვასწორებთ და ფიზიკურ კონდიციებსაც გავაუმჯობესებთ...

ახალი სისტემაც სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ კარგად ვერ ვართ მომზადებულები და თან, ვიცოდით, რომ "კიევოც" ამ სქემით ითამაშებდა. მოკლედ, ამ კვირაში ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და იმედი მაქვს, "პალერმოსთან" საშინაო მატჩს უკეთ მომზადებულები შევხვდებით".

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული