პაოლო მალდინი: "მილანი" ჩემს გულშია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მილანში" დიდი ცვლილებებია - კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს ჩინური კონსორციუმის სახით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი 85 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება. კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელსაც რთულად გამოსათქმელი გვარი აქვს, ჩვენ კი უბრალოდ ლი შეგვიძლია ვუწოდოთ, ოფიციალური განცხადება გააკეთა და გულშემატკივრებს მიმართა:

"სილვიო ბერლუსკონის კომპანიის ანგარიშზე 85 მილიონი ევრო გადაირიცხა და ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ფორმალობები უახლოეს პერიოდში მოგვარდება, ზამთარში კი გუნდის გაძლიერებაა საჭირო. კლუბის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, რომელიც დიდ წარმატებას მოგვიტანს. "მილანი" მსოფლიოს უძლიერეს გუნდთა შორის უნდა იყოს და
ეს ძალიან მალე მოხდება. მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რათა ყველამ ერთად "მილანი" მწვერვალზე დავაბრუნოთ".

პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ სულ მალე კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი დატოვებენ, მათ ადგილებზე კი სხვები დაინიშნებიან. ბევრს საუბრობენ დემეტრიო ალბერტინისა და პაოლო მალდინის დაბრუნებაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "როსონერიში" დაბრუნება მის გეგმებში არ შედის:

"უცნაურია იმის გააზრება, რომ "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს. პირველ რიგში, სილვიო ბერლუსკონის უნდა გადავუხადოთ მადლობა, რომელმაც გუნდს უდიდესი წარმატებები მოუტანა. ბერლუსკონი იყო ყველაზე ინოვაციური და წარმატებული პრეზიდენტი, რასაც მოპოვებული ტროფეები ადასტურებს.

კლუბის ახალ მესვეურებს ვურჩევ, რომ კარგად შეისწავლონ "მილანის" ისტორია და გაიაზრონ, თუ რა მასშტაბის კლუბი ჩაიბარეს. ამასთან, გააცნობიერონ, რომ "მილანი" არა მხოლოდ მათ, არამედ გუნდის მილიონობით გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი აზრი ყოველთვის გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება ჩემ "მილანში" შესაძლო დაბრუნებას, ამაზე ლაპარაკი ცოტა მომბეზრდა კიდეც - "როსონერი" ჩემი დიდი სიყვარულია და ეს ასე იქნება, სანამ ცოცხალი ვარ, თუმცა ამ ეტაპზე, კლუბში საქმიანობას არ ვაპირებ. ჩემი გეგმები მაქვს, რომლებსაც დროის დიდი ნაწილი მიაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული