მოგეხსენებათ, ბოლო დროს იტალიური ფეხბურთის უძღებ შვილს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მას არაფერი გამოუვიდა "ლივერპულში" და ვერც "მილანში" აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან ელოდნენ გულშემატკივრები.
ვნახოთ, იქნება თუ არა "ნიცა" ის კლუბი, სადაც ბალოტელი სრულფასოვნად დაბრუნდება. მანამდე დიდი გზაა. მარიომ სტაბილური თამაშითა და გოლებით უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ჩამოწერა არაფრით შეიძლება.
რა იქნება მომავალში,
ის კი არა, ბალოტელი მიიჩნევს, რომ მას თავისუფლად შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ბევრს ვეღარ წარმოუდგენია, თუ რა გზით შეიძლება გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელი, მაგრამ თავად ბალოტელი ფარ-ხმალს არ ყრის.
"ჩემი აზრით, მე აქამდეც უნდა მომეგო "ოქროს ბურთი", მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ. მთავარია, ბოლომდე ირწმუნო შენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს უთხრა, რომ არაფერი შეუძლებელი არ არ არის." - ამბობს ბალოტელი.
მარიო მიიჩნევს, რომ მან კარიერაში ერთადერთი დიდი შეცდომა დაუშვა. ეს იყო "ლივერპულში" გადასვლა, სადაც მან ოდნავაც ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ ბალოტელი "ლივერპულში" უკეთესად ითამაშებდა, რომ არა სტივენ ჯერადის უდიდესი ავტორიტეტი. დიახ, ბევრის აზრით, სწორედ ჯერარდის ავტორიტეტმა დათრგუნა მარიო.
"მე არ მიჭირს საკუთარი შეცდომის აღიარება. ჩემი კარიერის ყველაზე მცდარი ნაბიჯი "ლივერპულში" გადასვლა იყო. ასე ნამდვილად არ უნდა მოვქცეულიყავი. რას ვიზამთ, დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. რაც მოხდა, მოხდა. ახლა მთავარია, მომავალზე ვიყო ფოკუსირებული." - ამბობს ბალოტელი.
სუპერმარიო კარგ გუნდში მოხვდა. "ნიცამ" გრანდ "პარი სენ-ჟერმენში" გაყიდა უპირველესი ვარსკვლავი, ჰატემ ბენ არფა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ძალიან კარგი ფეხბურთელები. გუნდს თავისუფლად შეუძლია, თანაბრად დაკომპლექტებულ საფრანგეთის ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ გაიწიოს.
"დიახ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ვიბრძოლოთ. ამას გავაკეთებთ კიდეც. რაც მთავარია, გუნდში ძალიან ამბიციურმა ბიჭებმა მოიყარეს თავი და მათთან ერთად მინდორზე გასვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა." - ამბობს ბალოტელი.
დაკარგულ წლებსა და შანსებზე მარიოს თავისი აზრი აქვს: "შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში. ალბათ, ეს გამოცდა იყო. მე ისევ მტკიცედ ვდგავარ და ისევ მჯერა, რომ აუცილებლად ვიქნები საუკეთესო. მალე ყველა დარწმუნდება ამაში."
და იტალიის ნაკრები, სადაც მარიო ბალოტელის არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩაუტარებია. "მე არაერთი მატჩი ჩამიტარებია "აძურას" შემადგენლობაში და იმედი მაქვს, ნაკრებში კიდევ დავბრუნდები." - ამბობს ის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"